ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ ოპოზიციას გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის გამოგზავნა არ აწყობს. მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესია, რომ უგულავა პოლიტიკურად დევნილად "მოინათლოს".

"ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ მას შემდეგ, რაც გაეცნობიან ამ საქმეს, ისინი თვითონვე მიხვდებიან, რომ ამ საქმეში არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. ჩემთვის არ იყო გასაკვირი სალომე სამადაშვილის კომენტარი, როდესაც მას არ უნდა, რომ საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია არ ჩამოვიდეს", — განუცხადა რუსთავის 2-ს კილაძემ.

დღეს, 13 თებერვალს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების მონაწილეობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შექმნა გადაწყდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებისთვის ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული შემსწავლელი კომისია ევროპარლამენტში ინსტიტუციურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფიქრობს, რომ მსგავსი ჯგუფი არ შეიქმნება.

უგულავს საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის მოვლინებაზე მზადყოფნა გუშინ, 12 თებერვლად მზადყოფნა ევროპარლამენტში ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) გამოთქვა. გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს როგორც ევროპარლამენტარებმა, ასევე ამერიკელმა კონგრესმენებმა. გარდა ამისა, პოლიტიკოსის დაკავებაზე შეშფოთება გამოთქვეს შვედეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".