ქართული ოცნებისა და თბილისის საკრებულოს წევრი, ბექა დავითულიანი საკრებულოს ბიუროს სხდომისას ლევან ხაბეიშვილის ცემაზე ამბობს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას "არ ამართლებს", თუმცა პოლიტიკა "პერსონალური" დაპირისპირებების ადგილი არ არის. დავითულიანი, ასევე, გამოეხმაურა იმას, რომ ხაბეიშვილის ცემა ლიდერების დავალება იყო და იუმორისტულად პასუხობს, რომ "ტრამპის" დავალებით სცემეს ხაბეიშვილს.

"კანონი კანონია და კანონის წინაშე ყველა, ლევან ხაბეიშვილიც, ზარქუაც შესაბამის სამართლებრივ პასუხს გასცემენ. ვინმე გეგმავდა მის ცემას და მერე კიდე ზევიდან ლიდერები გეგმავდნენ. ტრამპმა დაგვირეკა და იმიტომ მოგვივიდა ეს ამბავი", — განაცხადა დავითულიანმა.

24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ინციდენტის კადრებში ჩანს, რომ დეპუტატს ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა სცემა. ხაბეიშვილის თქმით, იგი სატელევიზიო ეთერით კორუფციაზე საუბრის გამო სცემეს.

ინციდენტის შემდეგ ოცნების წევრები მომხდარის გამართლებას იმ არგუმენტით ცდილობდნენ, რომ ხაბეიშვილმა "ეს დაიმსახურა".

გარდა ამისა, მათ გააგრძელეს ხაბეიშვილის დისკრედიტაციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ხაბეიშვილის ცემის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.