მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის განცხადება უარყო კონკრეტული პატიმრების ნახვაზე. ლომჯარიას განცხადებით, ის არა ვანო მერაბიშვილს, არამედ, სხვა პატიმრებს შეხვდა ციხეში. მე-9 დაწესებულებიდან გამოსულ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდა, რომლებსაც უთხრა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა:

"რამდენიმე ადამიანს შევხვდი, არ აქვს მნშვნელობა, ვის. მე რომ მქონოდა სურვილი, ვის ვხვდები და რატომ, ვიტყოდი. კონფიდენციალურია ეს და ჩემზე არ არის დამოკიდებული. იმიტომ არ ვწყვეტ ამას, რომ მინდა ასე იყოს, არის რაღაც კომუნიკაცია სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის და მათ არ უთქვამთ ამ შეხვედრის საჯაროობაზე. არაფერს არ ვადასტურებ".

ნინო ლომჯარიას ციხეში შესვლაზე განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მათი თქმით, სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მე-9 დაწესებულებაში მსჯავრდებულები ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და კახაბერ ნაკანი მოინახულეს.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენმა ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე პარლამენტს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა. მაშინ სხდომაზე დამსწრე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანგარიშს ნინო ლომჯარიას კრიტიკით უპასუხა და თქვა, რომ ომბუდსმენი პატიმრებს პირადად არ ხვდება. წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარია საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ მატროსოვის ციხის რამდენიმე ცნობილ პატიმარს შეხვდა.