"საღამო მშვიდობისა, ევროპა" — ამ ფრაზით ესალმებიან ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსის წამყვანები 200 მილიონ მაყურებელს ყოველი წლის მაისში. დღეს ევროვიზია ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო შოუდ მიიჩნევა მსოფლიოში. ყოველწლიურ შეჯიბრებაში მონაწილეობას ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 40-ზე მეტი წევრი ქვეყანა იღებს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უკვე ექვს ათწლეულზე მეტს ითვლის, მისი გამარჯვებულები და მონაწილეები კი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არაერთხელ გამხდარან.

კონკურსის ისტორია


1955 წლის იანვარში, მონაკოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრები ეძებდნენ გზას, როგორ შეექმნათ გასართობი პროგრამა ომისშემდგომ კონტინენტზე, რათა სახელმწიფოებს შორის დაკარგული ნდობა აღედგინათ და ბიძგი მიეცათ გაერთიანებისკენ. შვეიცარიის ტელევიზიის ხელმძღვანელმა, მარსელ ბეზანსონმა გამოთქვა აზრი, რომ ამ იდეის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა საერთაშორისო სიმღერის კონკურსის შექმნით, რომელსაც მონაწილე ქვეყნების ტელევიზიები პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ. კონკურსის იდეა ეფუძნებოდა სანრემოს მუსიკალურ ფესტივალს და მისი კიდევ ერთი მიზანი პირდაპირი ტრანსლაციის გამოცდა გახლდათ, რაც, იმდროინდელი ტექნოლოგიების შესაძლებლობების გათვალისწინებით, ადვილი ამოცანა ნამდვილად არ იყო.

საბოლოდ, გადაწყდა, რომ პირველი კონკურსი, სახელწოდებით ევროვიზიის გრან პრი, მომდევნო წლის გაზაფხულზე ჩატარებულიყო. ამგვარად, 1956 წლის 24 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში პირველი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ შვიდი ქვეყანა იღებდა: იტალია, გერმანია (გაერთიანებამდე ქვეყანა მონაწილეობდა უბრალოდ გერმანიის სახელით, თუმცა, რეალურად, მონაწილეობას მხოლოდ დასავლეთ გერმანია იღებდა), ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. თითოეული მათგანი ორი სიმღერით იყო წარმოდგენილი. პირველი გამარჯვებული შვეიცარიელი ლიზ ასია გახდა, სიმღერით Refrain.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი გამარჯვებული, ლიზ ასია.

ფოტო: BBC

მომდევნო, 1957 წელს კონკურსი უკვე მაინის ფრანკფურტში ჩატარდა და მას სამი ქვეყანა შეუერთდა. ამ წლიდან მოყოლებული კონკურსზე ერთი ქვეყანა მხოლოდ ერთ სიმღერას წარადგენს. საინტერესოა, რომ 1957 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობდა წინა წლის გამარჯვებულიც, თუმცა ამჯერად იგი მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა.

60-იანი წლებიდან კონკურსმა ზრდა დაიწყო. რამდენადაც ემატებოდა მონაწილეების და მაყურებლების რაოდენობა, იმდენად იხვეწებოდა ევროვიზია. ეს შეეხო ხმის მიცემის წესებსაც. 1975 წლიდან ევროვიზიაზე გამოიყენება ქულების განაწილების დღევანდელი მოდელი: 12 ქულა — საუკეთესოს, 10, 8 და 7-დან 1-მდე ქულები კი ეწერებათ მომდევნო ადგილებზე მყოფებს. ხმის მიცემაში მონაწილეობას იღებს ჟიურიც და მაყურებელიც, გამარჯვებული კი ორივეს ქულების ჯამით ვლინდება. უმთავრესი წესი მუდამ უცვლელია: ქვეყანას არ შეუძლია, საკუთარ წარმომადგენელს მისცეს ხმა.

90-იანი წლებიდან კონკურსის კარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმაც შეაღეს და მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ ახალი საუკუნის დასაწყისში 40-მდე მონაწილისთვის შეიქმნა ნახევარფინალების სისტემა. ყველა ქვეყანა, გარდა მასპინძელის (რომელიც, ამავდროულად, წინა წლის გამარჯვებულიცაა) და დიდი ხუთეულისა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია — ესაა ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კონკურსის ორგანიზებაში), თავდაპირველად მონაწილეობს ნახევარფინალურ ტურში, სადაც საუკეთესო ათეულში გასვლის შემთხვევაში ინაცვლებს ფინალში.

საინტერესო ფაქტები და ცნობილი გამარჯვებულები


64-წლიანი არსებობის განმავლობაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსმა არაერთი შესანიშნავი მომღერალი აჩუქა მსოფლიოს, თუმცა უკვე შემდგარი ვარსკვლავებიც არ ამბობენ უარს მასშტაბურ შეჯიბრებაში მონაწილეობაზე. ლარა ფაბიანმა, ბონი ტაილერმა, ხულიო იგლესიასმა და კიდევ უამრავმა ცნობილმა მომღერალმა სხვადასხვა წლებში მიიღეს მონაწილეობა ევროვიზიაზე. თუმცა ორი ცნობილი სახელი, რომელთა ბრწყინვალე კარიერის დაწყება ამ კონკურსს უკავშირდება, ABBA და სელინ დიონია.

20 წლის სელინ დიონი დიდ სცენაზე პირველად 1988 წელს გამოჩნდა. მან დუბლინში გამართულ ევროვიზიაზე შვეიცარია წარადგინა სიმღერით Ne partez pas sans moi და გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა 137 ქულით.

სელინ დიონი ევროვიზიის სცენაზე.

ფოტო: European Broadcasting Union

რაც შეეხება ABBA-ს, შვედური პოპ-ჯგუფი გამარჯვებული 1974 წელს, ბრაიტონში გამართულ შოუზე გახდა, სადაც სიმღერამ Waterloo 24 ქულა მიიღო. ვატერლოო ABBA-სთვის, ნაპოლეონისგან განსხვავებით, წარმატების საწყისი გამოდგა და ამ სიმღერის წყალობით ჯგუფმა არამარტო ევროპა, არამედ მთლიანი მსოფლიოც კი დაიპყრო. ის დღემდე მიიჩნევა კონკურსის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჰიტად.

თუმცა ევროვიზიის ყველაზე დიდ ჰიტს მაინც მაინც დომენიკო მოდუნიოს სიმღერა Nel blu dipinto di blu წარმოადგენს. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რომელ სიმღერაზეა საუბარი, ეს სწორედ ის Volare არის, რომელიც შემდგომში კლიფ რიჩარდმა, დევიდ ბოუიმ, ჯიფსი კინგმა და სხვა ბევრმა არტისტმა ჩაწერა. 1959 წელს პირველად გამართულ გრემის დაჯილდოებაზე სიმღერამ ორ ნომინაციაში მიიღო პრიზი; იგი დღემდე ერთადერთი არაინგლისურენოვანი სიმღერაა, რომელმაც ამხელა წარმატებას მიაღწია. თავად დომენიკო ამ სიმღერით ევროვიზიის გამარჯვებული არ გამხდარა. 1958 წელს ნიდერლანდებში გამართულ კონკურსზე მან მხოლოდ მესამე ადგილი აიღო.

თუმცა ევროვიზიის ფენომენალურობა მხოლოდ ცნობილი არტისტებით არ შემოიფარგლება. ამ კონკურსში მონაწილეობა 1500-ზე მეტ სიმღერას აქვს მიღებული, რომელთა მოსასმენად სამი დღე-ღამეა საჭირო. თითოეული მათგანი გამორჩეული და მნიშვნელოვანია ყველა ევროფანისთვის — ევროვიზიის გულშემატკივრისათვის, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის ევროვიზიას 206 მილიონამდე მაყურებელი ადევნებდა თვალყურს როგორც ევროპის კონტინენტიდან, ასევე — აშშ-დან, ჩინეთიდან და ავსტრალიიდან. 2015 წლის კონკურსი კი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ყოვეწლიური სატელევიზიო მუსიკალური შოუ.

თავისუფლების, თანასწორობის და ერთიანობის იდეა


მართალია, ევროპაში აღარაა ისეთი სიტუაცია, როგორიც ევროვიზიის შექმნის დროს იყო, თუმცა კონკურსი მაინც დიდ როლს ასრულებს დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციის საქმეში. "ჩვენ ერთნი ვართ", "შემოგვიერთდი", "მშენებარე ხიდები", "გავერთიანდეთ", "იზეიმე მრავალფეროვნება", "ყველანი ბორტზე", "გაბედე, იოცნებო" — ეს გასული წლების კონკურსების სლოგანებია. ევროვიზია გარდა მუსიკისა, მართლაც მრავალფეროვნების ზეიმია. აქ სხვადასხვა კულტურის, რწმენის და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები ერთიანდებიან მხიარულების და ბედნიერების გასაზიარებლად.

თანასწორობის და თავისუფლების იდეას ყველაზე კარგად 2014 წლის გამარჯვებული, კონჩიტა ვურსტი გამოხატავს. ის კონკურსის ისტორიაში ერთადერთი დრეგ ქვინია, რომელიც გამარჯვებული გახდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრად ადრე, 1998 წელს, ევროვიზია ებრაელმა ტრანსსექსუალმა მომღერალმა — დანა ინტერნეიშენალმა მოიგო, მისი საკონკურსო სიმღერა Diva კი ასევე ჰიტად იქცა.

კონჩიტა ვურსტი გამარჯვებულის ჯილდოთი — ბროლის მიკროფონით ხელში.

ფოტო: Eurpean Broadcasting Union

რამდენიმე ქვეყანა განსაკუთრებით აპროტესტებს ევროვიზიის ამგვარ ლიბერალურ პოზიციას. თურქეთი, რომელიც კონკურსზე მონაწილეობას 2012 წლიდან აღარ იღებს, გამუდმებით აცხადებს, რომ არ დაბრუნდება, სანამ ევროვიზია "გეი-პროპაგანდის" იარაღად გამოიყენება. წელს უნგრეთმა თქვა უარი მონაწილეობაზე, ერთ-ერთ მიზეზად კი სწორედ ზემოხსენებული პოზიცია დაასახელა. 2018 წელს ირლანდიის კონკურსანტის გამოსვლა შოუდან ამოჭრა ჩინეთის მაუწყებელმა, რადგან ნომრის დროს სცენაზე ორი კაცი ცეკვავდა. შედეგად, ჩინეთს ტრანსლირების უფლება ჩამოერთვა.

თანასწორობის იდეას გამოხატავდა 2018 წლის გამარჯვებულის, ნეტა ბარზილაის სიმღერა Toy-ც, რომელიც #MeToo კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და ქალებს ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებდა. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერას ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბის არხზე ყველაზე მეტი, 120 მილიონი ნახვა აქვს.

ნეტა ბარზილაი ევროვიზიაზე #MeToo კამპანიის მხარდამჭერი სიმღერით წარსდგა.

ფოტო: Francisco Leong / AFP / Getty

მუსიკა და პოლიტიკა


კრიტიკოსების ობიექტი ევროვიზია არაერთხელ გამხდარა. ყველაზე ხშირად მას პოლიტიზირებულობაში დებენ ბრალს, რისი საფუძველიც კონკურსის ისტორიაში მომხდარი რამდენიმე მოვლენაა.

"ნუ გახდებით ზედმეტად პოლიტიზირებულები" — მოუწოდებდა დანიელი მონაწილე საკუთარ სიმღერაში ევროპას მთავარი სცენიდან 2019 წელს. თუმცა მის გზავნილს აშკარად არ იზიარებს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც კულტურულ ღონისძიებაზეც არ ივიწყებს პოლიტიკას.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ გვიწევს. 2008 წელს, როცა გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი გახდა და მომდევნო წელს კონკურსის ჩატარება მოსკოვს უწევდა, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ისინი "არ მიიღებდნენ მონაწილეობას იმ ქვეყნის ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს". საბოლოოდ, მოლაპარაკებების შემდეგ, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს. თუმცა, როცა 2009 წელს, შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად საქართველოს წარმომადგენლად ჯგუფი სტეფანე და 3G დასახელდა და მათ რუსეთის დედაქალაქში გასამართ ევროვიზიაზე სიმღერა We don’t wanna put in უნდა შეესრულებინათ, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დაჟინებით მოითხოვა, სიმღერის ტექსტი შეეცვალათ, რადგან მასში რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის გვარის მსგავსი ფრაზა ფიგურირებდა. საქართველომ მოთხოვნას უარით უპასუხა და კონკურსი დატოვა.

მსგავსი სცენარი განვითარდა 2012 წელს, როცა კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობდა. მასში მონაწილეობაზე უარი სომხეთმა თქვა. 2017 წელს კი მასპინძელმა უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენელ იულია სამოილოვას ქვეყანაში ვერ შეუშვებდნენ, რადგან იგი უკანონოდ იმყოფებოდა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე.

განხილვის საგანი გახდა თავად უკრაინის სიმღერაც 2016 წელს, რომლითაც მათ გამარჯვება მოიპოვეს. მომღერალმა ჯამალამ, რომელიც წარმოშობით ყირიმელი თათარია, საკუთარი სიმღერა, 1944, შეასრულა, რომელიც სტალინის მიერ ყირიმელი თათრების რეპრესიებს ეხებოდა. ჯამალას რეპრესირებულმა ბებიამ შვილი სწორედ ამ პერიოდში დაკარგა. ამგვარად, ეს ტრაგედია ჯამალას ოჯახს უშუალოდ შეეხო, რაც ნამღერის ემოციურობაზე აისახა:

"როცა უცხოები მოდიან,
ისინი შენს სახლში გიცვივდებიან,
ყველას გკლავენ
და თან გეუბნებიან,
ჩვენ დამნაშავენი არ ვართო".

რასაკვირველია, სიმღერის კონკურსში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო რუსეთი, თუმცა, საბოლოოდ, ჯამალამ სტოკჰოლმში გამართულ ევროვიზიაზე მონაწილეობაც მიიღო და თავის ქვეყანას მეორე გამარჯვებაც მოუტანა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისრაელის მონაწილეობა კონკურსზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ევროპის ტერიტორიაზე არ იმყოფება, იგი EBU-ის აქტიური წევრია და მუდმივად იღებს მონაწილეობას ევროვიზიაზე, რისი შედეგიც ოთხი გამარჯვებაა. ისრაელი 1973 წელს შეუერთდა ევროვიზიას და იმ წლიდანვე დაიწყო არაბული ქვეყნების პროტესტი. 1978 წელს, იმ მომენტში, როცა კონკურსზე ისრაელის წარმომადგენელი გამოდიოდა, იორდანიის მაუწყებელმა შეწყვიტა ტრანსლაცია და ყვავილების ფოტოების ჩვენება დაიწყო; და როცა ისრაელმა კონკურსი მოიგო, გამოაცხადა, რომ ევროვიზიის გამარჯვებული ბელგია იყო. მომდევნო, 1979 წელს მუსლიმური ქვეყნების გავლენით თურქეთმა ისრაელში გამართულ ევროვიზიაზე უარი თქვა (თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გასულ წელსაც განაცხადა, რომ 2018 წლის გამარჯვებული, ნეტა, ცუდი მომღერალი იყო და ისრაელს რეალურად არ გაუმარჯვია, არამედ, მათ შედეგები გააყალბეს). 1980 წელს, ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ისრაელმა ვეღარც კონკურსს უმასპინძლა ფინანსური პრობლემების გამო და ვეღარც მონაწილეობა მიიღო, რადგან ტრანსლაციის დღე ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს დაემთხვა.

სამაგიეროდ, შემთხვევით ისარგებლა და კონკურსს შეუერთდა მაროკო (პირველი და ერთადერთი აფრიკული ქვეყანა ევროვიზიაზე). მაროკოს წარმომადგენელმა მხოლოდ 7 ქულა მიიღო და საბოლოოდ, ცხრამეტ კონკურსანტს შორის მეთვრამეტე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ ქვეყანა ევროვიზიაზე აღარ გამოჩენილა. 2005 წელს ლიბანმა გადაწყვიტა დებიუტის გაკეთება ევროვიზიაზე, სიმღერაც შეარჩია და მომღერალიც, თუმცა ისრაელის კონკურსზე მონაწილეობის გამო უარი განაცხადა კიევში გაფრენაზე, რადგან ამ შემთხვევაში კონკურსის ტრანსლირებაც მოუწევდათ.

მადონას სიმღერის, Future, შესრულებისას ხელიხელგადახვეული მოცეკვავეები ისრაელის და პალესტინის დროშებით გამოჩნდნენ.

ფოტო: Reuters / Orit Pnini

პოლიტიკური სკანდალები არც წელს გამართულ კონკურსს აკლდა. თავდაპირველად კონკურსი იერუსალიმში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების და სხვა პოლიტიკური მიზეზების გამო მასპინძელ ქალაქად თელ-ავივი აირჩიეს. წინასაკონკურსო პერიოდში ინტერნეტსივრცეში ადამიანები გამუდმებით მოუწოდებდნენ საკუთარ ქვეყნებს ბოიკოტისკენ. თუმცა ზოგიერთმა ისრაელის ქმედებების გაპროტესტება სცენიდან გადაწყვიტა: ისლანდიის წარმომადგენელმა ჯგუფმა Hatari-მ ქულების მიღებისას პალესტინის დროშა გაშალა, რასაც დარბაზში უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. პალესტინის დროშა საკუთარი ნომრის დროს გამოაჩინა მადონამაც, რომელიც წლევანდელი ევროვიზიის საპატიო სტუმარი იყო.

საქართველო და ევროვიზია


საქართველო ევროვიზიას 2007 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ კონკურსზე შეუერთდა. დებიუტანტი ქვეყანა სოფო ხალვაშმა წარადგინა სიმღერით Visionary dream და ფინალში გადასვლაც მოახერხა. საბოლოოდ კი მეთორმეტე ადგილი დაიკავა.

მთლიანობაში, საქართველომ სულ თორმეტჯერ მიიღო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა, აქედან შვიდჯერ კი ფინალშიც მოხვდა. ქვეყნის საუკეთესო შედეგად მეცხრე ადგილი რჩება, რომელიც ორჯერ მიიღო: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ და 2011 წელს ჯგუფმა Eldrine.

ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილედ მიიჩნევა ნინა სუბლატიც, რომელმაც 2015 წელს ვენაში წარადგინა ქვეყანა და მეთერთმეტე ადგილი მიიღო, თუმცა ევროფანებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2019 წელს ევროვიზიის სცენაზე წარმატებული ქართველი ვარსკვლავი, თამთა გოდუაძეც ვიხილეთ, რომელმაც კვიპროსი წარადგინა და, ფანებისდა გასაკვირად, ფინალში მხოლოდ მეცამეტე ადგილს დასჯერდა.

თამთა გოდუაძე სიმღერით Replay ფანების და ბუკმეიკერების მიერ კონკურსის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა.

ფოტო: Andres Putting

საქართველო უკვე ზედიზედ მესამე წელია, კონკურსის ფინალს გარეთ რჩება. ბოლოს ქვეყანამ 2016 წელს მოახერხა ნახევარფინალიდან გასვლა.


რაც შეეხება მომდევნო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, იგი 2020 წელს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება, რადგან წელს გამარჯვება სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელმა, დანკან ლორენსმა მოიპოვა, სიმღერით Arcade.

2020 წლის ევროვიზიის ლოგო არის წრე, რომელზეც დატანილია 41 მონაწილე ქვეყნის დროშების ფერები იმ ქრონოლოგიით, რომლითაც ისინი კონკურსს შეუერთდნენ.

ფოტო: NPO

როტერდამ აჰოის არენა კონკურსს 12, 14 და 16 მაისს უმასპინძლებს. კონკურსის სლოგანი Open Up არის, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხალხს ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემისკენ.