ევროპული საქართველოს წევრებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე 5-საათიანი გამოკითხვა დასრულდა. უგულავას განცხადებით, გამომძიებელმა მათ უთხრა, რომ მსუბუქი დანაშაულია, ამიტომ კამერებს ვერ ამოიღებენ:

"მე და გოკა გაბაშვილმაც ექსპერტიზაზე უარი ვთქვით, რადგან ეს დროის ტყუილად ხარჯვად მიმაჩნია".

უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ლარნაკაში მიდიოდნენ რამდენიმე დღით "ბიძინა ივანიშვილის საგმირო საქმეების" გასაცნობად:

"საქმე ეხება შეკვეთილ მკვლელობებს, ფულის გათეთრებებს... მე უნდა გავცნობოდი ამას და როგორც ჩანს, ივანიშვილმა ეს გაიგო და მოაწყო სამასხარაო ჩხუბი აეროპორტში. ეს კიდევ ერთხელ მიღრმავებს ეჭვს, რომ ის საბუთები, რომელიც მე უნდა მენახა, ღირს ნახვად".

გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ორი უცნობი პირი თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.