სახალხო დამცველი ტრანსგენდერი ქალისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფატთან დაკავშირებით მოუწოდებს პროკურატურას, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება, ასევე, საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით.

"სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. აპარატის წარმოებაში არაერთი საქმეა, რომელშიც შესაძლოა ვლინდებოდეს დისკრიმინაციული მოტივი სხვადასხვა დაცული ნიშნის საფუძველზე. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიების პროცესში არ ხდება სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მსჯელობა ან/და ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ასეთი მოტივის გამოვლენის მიზნით".

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არამხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი:

"საზოგადოებაში გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის ფონზე არსებობს მსგავსი დანაშაულების განმეორების საფრთხე, მითუმეტეს, რომ საგამოძიებო ორგანოები დისკრიმინაციულ მოტივზე ძირითადად ყურადღებას არ ამახვილებენ".

14 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზიანებები დაზარალებულს ცივი იარაღითა და ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. იგი ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია.