10 ფინალისტი Nikon Small World 2019-ის კონკურსიდან
1975 წლიდან მოყოლებული კომპანია Nikon მიკროფოტოგრაფიის ყოველწლიურ კონკურსს მართავს, სადაც მონაწილეები ერთმანეთს მიკროსკოპის გამოყენებით ფოტოების გადაღებაში ეჯიბრებიან. პრაქტიკული სამეცნიერო თუ ინდუსტრიული დანიშნულების გარდა, მიკროფოტოგრაფიას მაღალი ესთეტიკური ღირებულებაც გააჩნია — ფოტოკონკურსის მონაწილეები ჩვენს ირგვლივ არსებულ უხილავ სამყაროს სრულიად სხვა, გასაოცარი რაკურსით წარმოგვიჩენენ.
კონკურსში მონაწილეობა ყველას შეუძლია, თუმცა მიკროფოტოგრაფიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ფოტოგრაფთა ამპლუაში უფრო ხშირად ის მეცნიერები გვევლინებიან, რომლებიც ამ ფოტოებს, როგორც წესი, თავიანთი კვლევის ფარგლებში იღებენ. ხშირად ამ გასაოცარი სურათების ძირითადი მიზანი არა ესთეტიკური სიამოვნების მიღება, არამედ რაღაც ახლის აღმოჩენა გახლავთ.
ნამუშევრებს მიკროფოტოგრაფიასა და ზოგადად ფოტოგრაფიაში დახელოვნებული ავტორიტეტული და დამოუკიდებელი ჟიური აფასებს. მთავარი კრიტერიუმები ორიგინალურობა, ინფორმატიულობა, ტექნიკური ოსტატობა და ვიზუალური ეფექტურობაა.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 2019 წლის Nikon Small World კონკურსის ფინალისტთა ათეულს.
10. ძროხის ფილტვის არტერიის ენდოთელური შრის მიტოზური უჯრედები ტელოფაზის სტადიაში
ძროხის ფილტვის არტერიის ენდოთელური შრის უჯრედები პირველად 1979 წლის იანვარში გამოჰყვეს ახალგაზრდა ძროხის ფილტვის არტერიიდან. სწორედ ამ უჯრედების დახმარებით იკვლევენ მეცნიერები გულის დაავადებებს. გაყოფის დასკვნით სტადიაზე, ტელოფაზაში მყოფი უჯრედები ბეილორის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტმა, ჯეისონ კირკმა გადაიღო.
9. ტიტას კვირტის სექციური განაკვეთი
ერთი შეხედვით ეს ჯადოსნური წარმონაქმნი სინამდვილეში არც მეტი, არც ნაკლები, ჩვეულებრივი ტიტას გადაჭრილი ბოლქვია. მისი ამგვარი ფორმით დაფიქსირება უკრაინელმა ფოტოგრაფმა, ანდრეი სავიცკიმ მოახერხა.
8. გაყინული წყლის წვეთი
თურმე ამგვარი ფრაქტალური, ფსიქედელიური კონტურების დანახვა წყლის გაყინულ წვეთშია შესაძლებელი. ნამუშევრის ავტორი ფრანგი ფოტოგრაფი, გარსონ კრისტიანი გახლავთ.
7. ჩინური წითელი მიხაკის მტვრიანა
ჩინური წითელი მიხაკი საკმაოდ დიდი სიმბოლური დატვირთვის მქონე ყვავილია. მისი დახუნძლული მტვრიანების გადაღება ესპანელმა მეცნიერმა, გილერმო ლოპესმა მოახერხა.
6. პატარა თეთრი თმიანი ობობა
პირველად არ ხდება, რომ ჟიურის რჩეულ ფინალისტთა შორის ეს მრავალფეხა არსებაა — 2012 წელს მეორე ადგილის, ხოლო 2014 წელს მესამე ადგილის მფლობელთა ობიექტივშიც ობობა მოხვდა. ესპანელმა ფოტოგრაფმა, ხავიერ რუპერესმა, რომელიც მაკრო-ფოტოების ექსპერტად მიიჩნევა, თეთრი ობობას ეს გასაოცარი პორტრეტი რამდენიმე ფოტოს შეერთების შედეგად მიიღო.
5. ფიფქი
აქამდე თოვლის ფიფქის გადაღება ბევრ მიკრო-ფოტოგრაფს უცდია, თუმცა კალებ ფოსტერი პირველია, ვისი ნამუშევარიც ფინალისტთა ათეულში მოხვდა. ამერიკელმა ფოტოგრაფმა თოვლის ფიფქის ექვსკუთხა ფორმის უკეთ გამოსაკვეთად განათება ძალზე ოსტატურად გამოიყენა.
4. მამრი კოღო
2010 წელს იონას კინგმა მოახერხა და მალარიის გამომწვევი კოღოს თითისტარისებრი გული ფირზე აღბეჭდა. ამ ნამუშევრის დამსახურებით იგი Nikon-ის მიკრო-ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამჯერად, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა გერმანელი მკვლევარი იან როსენბუმი, რომელმაც მამრი კოღოს ეს გრაციოზული პორტრეტი რამდენიმე ფოტოს შეერთებით მიიღო.
3. ალიგატორის ემბრიონი ნერვებისა და ჩონჩხის ჩამოყალიბების პროცესში
იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, დენიელ სმით პარედესმა თავის მენტორთან, დოქტორ ბჰარტ-ანჯან ბჰულართან ერთად იმუნოფლუორესცენციული მიკროსკოპიის დახმარებით ალიგატორის ემბირონის გადაღება მოახერხა. ეს უკანსკნელი ნერვებისა და ჩონჩხის ჩამოყალიბების პროცესშია დაფიქსირებული.
2. სამი სტენტორი
მტკნარი წყლის ბინადარი ამ უმარტივესი ორგანიზმის სამეულის დაფიქსირება ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტის მკვლევარმა, იგორ სივანოვიჩმა მოახერხა. ამ არსებების უკეთ აღსაქმელად, მეცნიერმა ისინი ხელოვნურად გააფერადა და ამგვარად მათი სამგანზომილებიანი ფორმის აღქმა გაამარტივა.
1. კუს ფლუორესცენტული ემბრიონი
წლევანდელი ფოტოკონკურსის გამარჯვებული ტერეზა ზგოდასა და ტერეზა კუგლერის ფოტო გახდა. როჩესტერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისა და მიკროსკოპის ტექნიკოსის ეს ერთობლივი ნამუშევარი ნამდვილად გამორჩეულია, რადგანაც ასეთი კომპლექსური ორგანიზმის სრულყოფილი ფოტოს მისაღებად ასეულობით სურათის გადაღება და შემდეგ ერთად შეერთებაა საჭირო. წყვილს ამგვარი გრაციოზული შედეგის მისაღებად ფლუორესცენციული განათების გამოყენება დასჭირდა.
კომენტარები