გასულ წელს ადამიანის ქმედებების შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების კვალი ცხადად დავინახეთ, იქნება ეს ტყის ხანძრები, გვალვები, თუ უზარმაზარი ქარიშხლები. თუმცა, ტემპერატურის გლობალურ მატებასა და ექსტრემალურ კლიმატს ცოცხალ ორგანიზმებზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ახალი კვლევით, რომელიც ჟურნალ Global Change Biology-ში გამოქვეყნდა ირკვევა, რომ 2100 წლისთვის მწვანე კუების 93 პროცენტი მდედრად დაიბადება.

რეპტილიების დიდი ნაწილისა და ზოგიერთი თევზის მსგავსად, მწვანე კუების სქესს ტემპერატურა განსაზღვრავს. კვერცხში ყოფნისას გარემოში არსებული ტემპერატურით წყდება, ემბრიონი მამრად ჩამოყალიბდება, თუ მდედრად. კუების სახეობების უმეტესობაში, იმ კვერცხებში არსებული ემბრიონები, რომლებიც უფრო გრილ გარემოშია მოთავსებული, მამრებად ვითარდება, ხოლო უფრო თბილი გარემოში მოხვედრილი კვერცხებიდან კი მდედრები იჩეკებიან. ამჟამად ბუნებაში მათი სხვაობა საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული, ამჟამად გამოჩეკილთა 52 პროცენტი მდედრია.

თუმცა, ახალი კვლევით ირკვევა, რომ ტემპერატურის გლობალური მატება მალე იმ ადგილების უმეტესობას შეეხება, სადაც კუები კვერცხებს დებენ, რაც სახეობის "ფემინიზაციას" გამოიწვევს.

ეგზეტერისა უნივერსიტეტისა და პორტუგალიის საზღვაო და გარემოს დაცვითი სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა გაეროს ამჟამინდელ მოხსენებაზე დაყრდნობით შექმნეს მოდელები, რომლითაც გაარკვიეს, რომ საუკუნის ბოლოს დაბადებული კუების 76-93 პროცენტი მდედრი იქნება.

გარდა ამისა, ისინი ვარაუდობენ, რომ იმ ადგილების 33-43 პროცენტი, სადაც კუების ბუდეებს იკეთებენ, წყლით დაიფარება.

"ასეთ დროსაც კი, კვერცხების იმ მცირე რაოდენობიდან, რომლებიც როგორღაც გრილ პირობებში მოხვდებიან, მამრები გამოიჩეკებიან, მაგრამ საბოლოოდ მდედრების რაოდენობა მამრებისას ძალიან გადააჭარბებს", - აცხადებს კვლევის ავტორი რიტა პატრიცია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეფექტი კუების პოპულაციებში უკვე შეიმჩნევა. წინა წელს გამოქვეყნებული კვლევით ირკვევა, რომ დიდი ბარიერული რიფის ჩრდილოეთ ნაწილში გამოჩეკილი კუების 99,1 პროცენტი მდედრობითი იყო.