"ჩემი პირადი აზრი ჩემს ცხოვრებაზე აისახება, სამი შვილის დედა ვარ", — ასე პასუხობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია მმართველი პარტიის დეპუტატის, აკაკი ზოიძის კითხვას აბორტის აკრძალვის შესახებ.

თავდაპირველად, სანამ დეპუტატი კითხვას გაუმეორებდა, ალანიამ კანონმდებლობა და ევროპული სასამართლოს მაგალითები განიხილა. ის ამბობდა, რომ საკითხი სენსიტიურია და გადაწყეტილების მიღება რთული.

"ჩვენ ემბრიონს მივიჩნევთ თუ არა სიცოცხლის საწყისად და იცავს თუ არ ამას სიცოცხლის უფლება, გარანტირებული უფლება ადამიანის, ეს ჯერ ქვეყნებს შორის ამაზე არ არის კონსესუსი. არის ქვეყნები სადაც აკრძალულია, მაგრამ იჩენს ისეთი პრობლემები თავს, რომელიც უკავშირდება ქალთა უფლებებს, კერძოდ ქალების უფლებას მათი ჯანმართელობის ან არჩევანის უფლების თვალსაზრისით. ასევე, ამ საკითხს უკავშირდება გაუპატიურების შედეგად იგივე არასრულწლოვანის დაფეხმძიმების ფაქტები როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ასეთ დროს. ესეც ძალიან სენსიტიურ მიდგომებთან არის კავშირში და ყველაზე მთავარი, სტრასგურგის სასამართლო ამ საქმეს ყოველთვის ქალის სასარგებლოდ წყვეტს", — განაცხადა მან.

მოგვიანებით დამაზუსტებელ შეკითხვაზე თამარ ალანიამ განაცხადა, რომ აბორტი ქალის უფლებაა და ეს უფლება მას არ უნდა წაართვან.

დღეს, 23 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თითოეულ კანდიდატთან. ამ ეტაპზე მოსამართლეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

20-კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში აღმოჩნდა ის ხუთი "სადავო" მოსამართლე, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში განხეთქილების, არასამთავრობოებში კი პროტესტის მიზეზი გახდა.

ამავე თემაზე: