ჯგუფ spend your summer in georgia-ს ერთ-ერთი ადმინისტრატორი, მარიამ გუჯაბიძე ამბობს, რომ მათი ჯგუფის იდენტური სახელითა და ლოგოთი ყალბმა Facebook-გვერდმა ყალბი გათამაშება გამოაცხადა. ამის შესახებ გუჯაბიძე On.ge-ს ესაუბრა.

28 აგვისტოს Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეწყობოდა გათამაშება, რომელში გამარჯვებულსაც ერთი კვირის განმავლობაში თანმხლებ პირთან ერთად შეეძლო სასტუმრო Coliseum-ში დასვენება. "კონკურსში" მონაწილეობისთვის აუცილებელი იყო გვერდის მოწონება, პოსტის გაზიარება და 1-დან 5 000-მდე ნებისმიერი რიცხვის დაწერა.

ამ დროის მონაცემებით [31 აგვისტო, 19:31] ამ პოსტს 2 200-ზე მეტი მოწონება და 3 100-ზე მეტი გაზიარება აქვს.

"სამწუხაროდ, მორიგი ყალბი გვერდია, ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს არ გათამაშებასთან", — უთხრა On.ge-ს გუჯაბიძემ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რომელიმე ჯგუფსა თუ გვერდს ყალბ ანალოგს უქმნიან. ასე იყო თვის დასაწყისში, როცა Wizz Air-ის სახელით ამსტერდამის მიმართულებით ყალბი კონკურსის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. კომპანიას ოფიციალური განცხადების გავრცელებაც კი მოუწია.