მალაიზიელმა მეცნიერებმა ბორნეოს ჯუნგლებში პარაზიტული სოკოს ახალი სახეობა, Pleurocordyceps cornusynnemata, აღმოაჩინეს. ის "ზომბ სოკოებს" ესხმის თავს, რომლებიც მწერებს აინფიცირებს და შემდეგ კლავს. ნიმუშები ქვეყნის ტროპიკული ბიოლოგიისა და კონსერვაციის ინსტიტუტის მკვლევრებმა რამდენიმე საველე გასვლის განმავლობაში შეაგროვეს.

სახეობას "ჰიპერპარაზიტად" მოიხსენიებენ, რადგან იგი მთავარი პათოგენის ეფექტიან პარაზიტირებას ახერხებს. სოკო Pleurocordyceps-ის გვარს მიეკუთვნება.

მათ სამიზნედ ისეთი ჭიანჭველები იქცევიან, რომლებიც Ophiocordyceps-ის, იგივე "ზომბი სოკოს", მიერ უკვე ინფიცირებულები არიან. ეს უკანასკნელი მწერის ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და მსხვერპლის ქცევას ცვლის, ბოლოს კი კლავს და მისი სხეულიდან იზრდება.

ასევე იხილეთ: "ზომბი" ციკადების აღმოჩენა - სოკოები ამ მწერების გონებაზე კონტროლს ამყარებენ

ამისგან განსხვავებით, ახალაღმოჩენილი ჰიპერპარაზიტი ჭიანჭველას ორგანიზმში აღწევს და Ophiocordyceps-ის ქსოვილებით პირდაპირ იკვებება. ის მეცნიერებმა მაშინ იპოვეს, როცა საბაჰის რეგიონის სამხრეთ ნაწილში საველე სამუშაოს ასრულებდნენ.

იგი ვიზუალურად გამორჩეულია, რადგან რქას მოგვაგონებს. Pleurocordyceps cornusynnemata-ს ყველაზე უჩვეულო მახასიათებელი სწორედ მისი ფორმაა, რადგან ამ ტიპის ჰიპერპარაზიტების შესახებ აქამდეც ვიცოდით.

"ეს თავისი გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელია, რომელსაც საკმაოდ განსხვავებული, რქის მსგავსი ფორმის სტრუქტურა აქვს", — აცხადებენ მეცნიერები.

Leptobacillium geminatum: ობობას მკვლელი სოკოს ახალი სახეობა.

ფოტო: Shahbaz et al., N. Z. J. Bot., 2026

საველე სამუშაოებისას მეცნიერებმა ობობას მკვლელი სოკოს ახალი სახეობაც აღმოაჩინეს, რომელიც არაქნიდის მოკვლამდე მის სხეულში სპორებს ავრცელებს. რაც შეეხება Pleurocordyceps cornusynnemata-ს, მკვლევრების თქმით, მას შეიძლება უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდეს როგორც ანტიმიკრობული წამლების, ისე მავნებელი მწერებისთვის ბიოლოგიური კონტროლის საშუალებების დასამზადებლად.

ნაშრომი გამოცემაში Phytotaxa გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.