სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
ფოტო: Shutterstock / Futurism
სატურნის უდიდესი თანამგზავრი, ტიტანი, მზის სისტემაში ერთადერთი ასეთი ობიექტია, რომელსაც ატმოსფერო აქვს. გარდა ამისა, მისი აირადი გარსის ზედაპირული წნევა დედამიწისას თითქმის 50%-ით აღემატება და ის ბევრად მკვრივიცაა.
NASA-ს ასტრონომებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც ისინი ტიტანის "სასარგებლო რესურსების" მრავალმხრივ პრაქტიკულ დანიშნულებას განიხილავენ. კვლევას გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრში მომუშავე კონორ ნიქსონი უძღვებოდა. ის და მისი გუნდი რესურსებში ძირითადად რთულ ნახშირწყალბადებს გულისხმობს, რომელიც სატურნის ყინულოვან თანამგზავრზე არამხოლოდ თხევადი, არამედ მყარი ფორმითაც გვხვდება.
ნახშირწყალბადების გარდა, ტიტანზე აზოტი და ჟანგბადიცაა. თუ შორეულ მომავალში მზის სისტემის მიღმა ასტრონავტების გაგზავნას შევძლებთ, არაა გამორიცხული, მათ სწორედ ტიტანზე "შეისვენონ" და ეს ნაერთები თუ ელემენტები საკვების, საწვავისა და სამშენებლო მასალების მისაღებად გამოიყენონ.
ადგილობრივი რესურსების გამოყენების (ISRU) იდეა თითქმის ისეთივე ძველია, როგორც თავად კოსმოსში მოგზაურობა. მთავარი იდეა ისაა, რომ საჭირო ტვირთის დედამიწიდან წაღების ნაცვლად, ასტრონავტებმა ადგილობრივი რესურსები მოიხმარონ. ISRU მთვარისა და მარსის კონტექსტში არაერთხელ შეუსწავლიათ, თუმცა ამ კონცეფციის ტიტანზე მორგების პერსპექტივა შედარებით ნაკლებადაა მიმოხილული.
სატურნის ყინულოვან თანამგზავრზე უხვადაა ნახშირწყალბადები, რომელთაც დედამიწაზე ნავთობსა და ბუნებრივ აირს ვუწოდებთ. ასევე, იქ მძიმე ნახშირწყალბადებიც გვხვდება, როგორებიც პროპანი და ბუტანია. ისინი გაზის ბალონებისა და სანთებელების შემადგენელი კომპონენტებია. მათი გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ საწვავად, არამედ სხვადასხვა პროდუქტისა (პლასტმასა, კაუჩუკი) და ნედლეულის (გამხსნელები, წამლები ან საკვები) დასამზადებლადაც.
ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, თუმცა პრაქტიკულად ძალიან რთული მისაღწევი იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტიტანზე საშუალო ტემპერატურა -143°C-ია. ამის გამო თანამგზავრზე მეთანისა და ეთანის თხევადი მდინარეები მიედინება. ასევე, ატმოსფერული წნევა დედამიწასთან შედარებით მეტია, მიზიდულობის ძალა კი იმის 1/7-ია, რასაც შეჩვეულნი ვართ.
ტიტანზე არც ჟანგბადია მარტივად ხელმისაწვდომი, რადგან მის წარმოქმნას ელექტროლიზი სჭირდება. ნიქსონის თქმით, სწორედ ამიტომ არ გამოდგება ტიტანი მუდმივ საცხოვრებლად, თუმცა ხანგრძლივი მოგზაურობისას დროებით შესასვენებლად ხელსაყრელი ადგილია. გუნდის აზრით, ტიტანის უხვი რესურსები არ უნდა უგულებელვყოთ.
ნაშრომი ამ დროისთვის რეცენზირებული არ არის, მას შეგიძლიათ პრეპრინტების პლატფორმა arXiv-ზე გაეცნოთ.

კომენტარები