ხორავას ქუჩის ტრაგედია

რამდენიმე თვეში ორი წელი გავა თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის, დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან. სარალიძის მამა კვლავ სამართლის აღსრულებასა და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. სწორედ ამ საქმეზე განაჩენის გამოცხადებით დაიწყო ცხელი პოლიტიკური ზაფხული.

3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ დათუნა სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ჯ. ცნო. განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს კი მიხეილ კალანდია დააკავეს. მის დაპატიმრებას ითხოვდა შვილმოკლილი მამა თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციებით.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

სარალიძე აქციებს აღარ აგრძელებს, ის ელოდება ხელისუფლების რეაგირებასა და მისი შვილის ყველა მკვლელის დასჯას.

არჩევნები

მცირერიცხოვანი დარღვევებითა და მმართველი პარტიის კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა 9 ივნისს გამართული პარლამენტის შუალედური და თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნები ოპოზიციისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა, პროტესტის გამართვაზე საუბარი რამდენიმე საათში შეწყდა.

ბრძოლა ხილვადობისთვის

ივნისის თვეში ისტორიაში პირველი თბილისი პრაიდი დაიგეგმა. LGBTQI აქტივისტებს საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით, ღირსების მარშის ჩატარება სურდათ, თუმცა სახელმწიფომ მათ გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტია ვერ მისცა.

"სახელმწიფო სად ხარ", — ამ სლოგანით 14 ივნისს ორგანიზატორებმა კანცელარიასთან აქცია დააანონსეს. ადგილზე მისულებს ჰომოფობიური ჯგუფები და სასულიერო პირები დახვდნენ. კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ აქტივისტებს ცარიელი ბოთლები ესროლეს და შენობასთან არ მიუშვეს. აქციაზე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სიძულვილის ენის შემცველი, ღირსების შემლახავი განცხადებები.

ორ დღეში, 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "ნამდვილ კაცთა" აქცია გამართა, სადაც სახალხო რაზმებისა და ლეგიონის შექმნა დააანონსა. შსს-მ მის განცხადებებზე გამოიძება დაიწყო, მიუხედავად ამისა, "ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში ყოველდღე იკრიბებოდნენ, ძალადობრივ აქციას გეგმავდნენ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ცემით ემუქრებოდნენ.

დავით სერგეენკოს გადადგომა

ამ ზაფხულს მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება იყო. ჯანდაცვის სფეროს 7-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტი დატოვა დავით სერგეენკომ. იგი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჩაანაცვლა. 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებამდე, დავით სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ოკუპანტი პარლამენტში

20 ივნისი ამ ზაფხულის ყველაზე დასამახსოვრებელ თარიღად იქცა. ეს დღე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოკალათებული რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის კადრით დაიწყო. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრია. იგი ცნობილია იმით, რომ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

ფოტო: Livija Viksna

ამავე დღეს მოვლენები იმით განვითარდა, რომ პარლამენტთან მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს, მოგვიანებით კი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს. პარალელურად, ასამბლეა, რისთვისაც რუსული დელეგაცია ჩამოვიდა, ჩაიშალა.

პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეციალურად მოწყობილ სცენასთან გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც საზოგადოებას მიმართეს. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა. საღამოს ათი საათისთვის სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირება აქტივისტების ნაწილის პარლამენტში შეღწევის მცდელობას მოჰყვა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით, გაუფრთხილებლად დაშალეს აქცია. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი. თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ.

მომდევნო დღეს ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იღებს, ამიტომ ირაკლი კობახიძე გადადგა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"ტურისტული ემბარგო"

მას შემდეგ, რაც საზოგადოების პროტესტის გამო რუსულ დელეგაციას დროზე ადრე დაატოვებინეს ქვეყანა, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ საქართველო "ეკონომიკურად დაესაჯა" და რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აკრძალა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში გასულ წელთან შედარებით 14,8 პროცენტით ნაკლები რუსი ტურისტი შემოვიდა.

#სირცხვილია

უკვე 72 დღეა, რაც თბილისის მთავარ გამზირზე სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ სირცხვილია. მათ სამარცხვინო უწოდეს 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს, უდანაშაულო ადამიანების დასახიჩრებას, შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობაზე დარჩენას.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

პროტესტის პირველ თვეში ყოველდღიურად, საღამოს 19 საათზე ათასობით ადამიანი იკრიბებოდა რუსთაველზე, ამ შეკრებას კი მათ "ქვეყნის სამსახურში ყოფნა" უწოდეს. პუტინის ტურისტული ემბარგოს პასუხად კამპანია #SpendYourSummerInGeorgia დაიწყო. ბიზნესის ნაწილმა "ოკუპაციის გადასახადი დააწესა" სანქციების გასაპროტესტებლად.

აქცია #სირცხვილიას ტრიბუნა გაიხსნა ყველასთვის, ვისაც აზრის საჯაროდ დაფიქსირება სურდა, მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები. მიკროფონს იყენებდნენ პოლიტიკოსებიც, რის გამოც აქციის ორგანიზატორებს ხშირად აკრიტიკებდნენ და მართულებს უწოდებდნენ.

აქციის ორგანიზატორების მიერ წამოყენებული მოთხოვნებიდან დღემდე ორი შესრულდა. გაათავისუფლეს "გავრილოვის ღამეს" დაკავებულ პირთა უმრავლესობა და 2020 წლიდან სრულად პროპორციული მოდელით შეცვალეს საარჩევნო სისტემა.

შეცვლილი პოლიტიკური გადაწყვეტილება და საარჩევნო ბარიერი

საპროტესტო აქციების დაწყებიდან ოთხ დღეში, 24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. მანვე აღნიშნა, რომ ამ გზით ყველა პოლიტიკურ ძალას ვინმესთან "მიკედლების" გარეშე შეეძლება პარლამენტში მოხვედრა.

ახალი წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში, პარლამენტში პარტიებისთვის ერთი მანდატის მისაღებად, შესაძლოა, დაახლოებით 0,67 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა იყოს საჭირო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამას წინგადადგმულ ნაბიჯად და აქციის მონაწილეების მიღწევად მიიჩნევენ.

პოლიტიკოსებისთვის წაყენებული ბრალი და დაკავება

20 ივნისს ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის დეპუტატ ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს. 27 ივნისს ნიკა მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს და შეზღუდვები დაუწესეს, მათ შორის აუკრძალეს საცხოვრებლის პროკურატურის თანხმობის გარეშე დატოვება.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

სააპელაციომ მას დაწესებული შეზღუდვები ძალაში დაუტოვა და კიდევ ერთი, ელექტრონული სამაჯური დაუმატა. გარდა ამისა, პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას შეუჩერდა დეპუტატის იმუნიტეტი.

ერთი თვის შემდეგ, 20 ივნისს ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობის საქმეზე დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მას მელიასგან განსხვავებით აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ოქრუაშვილის დაკავებას წინ უძღოდა ის, რომ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. მან თქვა, რომ რუსთავი 2-ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი თავადაა, ქიბარ ხალვაში კი ნომინალური ფიგურა იყო. ოქრუაშვილი ამტკიცებდა, რომ აქვს დოკუმენტი, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს და რომელსაც ხელს ქიბარ ხალვაში აწერს.

რუსთავი 2-ის წამყვანის გინება პუტინს

7 ივლისს რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.

მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.

პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.

წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეფასეს რუსეთში. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ.

ამ ყველაფერს მალევე გამოეხმაურა გინების ადრესატი, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთი [გიორგი გაბუნიას] ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".

2 აქცია, 1 პრაიდი, კონტრაქცია და კონტრპრაიდი

2019 წლის 8 ივლისი მანიფესტაციების დღედ დარჩება, თუმცა არა ერთიანი, არამედ, გაყოფილი საზოგადოების აზრის გამოხატვის დღედ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

რუსთაველის გამზირი, იქ, სადაც თვეზე მეტია ანტისაოკუპაციო პროტესტი გრძელდებოდა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დაიკავეს. მათ იქ პარაკლისი გადაიხადეს და თქვეს, რომ ამით სურთ, ტერიტორიის "განწმენდა" იმ ყველაფრისგან, რაც იქ ბოლო ორი კვირა გრძელდებოდა. ამავე დროს, აცხადებდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე არც ლგბტ მარშის გამართვას დაუშვებდნენ.

იმავე დღეს თბილისი პრაიდის ბოლო ღონისძიება ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო ადგილმდებარეობა დაუდგენელი იყო. დახურული ჯგუფებიდან ჩატარების ადგილი და დრო რამდენჯერმე გასაჯაროვდა. პარლამენტთან განლაგებული ძალადობრივი ჯგუფები კომბლებით ხელში დროდადრო ლგბტ მარშის სავარაუდო ადგილებზე გადაადგილდებოდნენ. შუადღისას პარლამენტის შენობასთან დრონზე მიმაგრებულმა ლგბტ დროშამ ლევან ვასაძესა და მის მხარდამჭერებს გადაუფრინა. ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წევრი მფრინავ დრონს ამაოდ დაედევნა.

პარალელურად, აქცია #სირცხვილიას ორგანიზატორები საღამოს 19-საათიანი აქციისთვის ემზადებოდნენ. ჰომოფობიური ჯგუფების შეკრების ადგილზე კი ხალხი თანდათან ემატებოდა, ამიტომ ანტისაოკუპაციო აქციის წევრებმა პუშკინის სკვერიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დააანონსეს.

მსვლელობის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ლგბტ პრაიდის ღირსების მარში შსს-ს შენობასთან ჩატარდა. პრაიდის ორგანიზატორები იქ ლგბტ დროშებითა და საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. აქცია-მსვლელობა, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა და დროზე ადრე დასრულდა, მას შემდეგ, რაც ლევან ვასაძის რადიკალთა დაჯგუფება რუსთაველის გამზირიდან სამინისტროსკენ დაიძრა. იქ მისულ ჰომოფობიურ ჯგუფებს ღირსების მარში დასრულებული დახვდათ.

ამასობაში აქცია #სირცხვილიას მონაწილეები პუშკინის სკვერიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართნენ, თუმცა პოლიციამ ჩიტაძის ქუჩის გასწვრივ გზა ყვითელი ავტობუსებით ჩახერგა. კორდონს მიღმა, პარლამენტთან ჰომოფობიური შინაარსის აქცია გრძელდებოდა, მეორე მხარეს კი აქცია #სირცხვილია, სადაც ძველი მოთხოვნები ჟღერდებოდა. ისინი, ასევე, ითხოვდნენ პარლამენტთან დაბრუნებულიყვნენ და პროტესტი იქ გაეგრძელებინათ.

ამასობაში რუსთავი 2-ის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორები ისევ ითხოვდნენ, რომ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინათ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია და კონტრაქცია დილამდე გაგრძელდა. ერთ მხარეს იყო სიტყვით გამოსვლები, მუსიკა, ცეკვა, მეორე მხარეს იყო ჰომოფობიური და ღირსების შემლახავი გამონათქვამები, მუქარა, ძალადობის და კორდონის გარღვევის მცდელობები.

გამთენიისას #სირცხვილიას ორგანიზატორებმა ჰომოფობიური ჯგუფებისგან ოკუპირებული ადგილი დაიბრუნეს.

თიბისიდან პოლიტიკაში

"20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი", — ეს მიზეზი დაასახელა თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, როდესაც ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. ამის შესახებ მან ივლისში განაცხადა საჯაროდ.

"ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ", — თქვა ხაზარაძემ. იგი აცხადებს, რომ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, 24 ივლისს პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენა და სასამართლოს მათთვის მილიონ-მილიონი ლარის გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მათ 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე საქართველოს დატოვება აუკრძალა. გარდა ამისა, პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის 16 664 000 მილიონი დოლარის ქონების დაყადაღება მოითხოვა.

ლარის გაუფასურება

ზაფხულის განმავლობაში ლარმა თავისივე დამყარებული ანტირეკორდი დოლართან რამდენჯერმე მოხსნა. პირველი აგვისტო კი იყო რიცხვი, როცა ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა. ამ დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსით, $1 — 2,9718₾ იყო, კომერციულ ბანკებში კი სამი ლარი.

გასაუბრება მოსამართლეებთან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. ერთთვიანი პროცესი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მოსამართლეებთან გასაუბრებისას კრიტიკულობით გამოირჩეოდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. მათ პროცესის ბოლოს განაცხადეს, რომ საქართველოში ფასადური მართლმსაჯულებაა.

არამოსამართლე წევრების კითხვები ძირითადად ეხებოდა ე.წ. კლანს და იმასაც, თუ რომელ მოსამართლეს, რა ურთიერთობა ჰქონდა ლევან მურუსიძესთან ან იზიარებდა თუ არა, რომ "მურუსიძე ლიდერია".

მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ილონა თოდუას თქმით, ლევან მურუსიძე სასამართლოს დამოუკიდებლობის სადაჯაროზე იდგა. ნაზი ჯანეზაშვილის მსგავს კითხვაზე, განსხვავებულად უპასუხა მოსამართლეობის კანდიდატმა დიანა ბერეკაშვილმა: "ჩემი ლიდერები ჩემი შვილები არიან და ჩემი სულიერი მოძღვარი, მამაო".

კანდიდატებს შორის ერთ-ერთი, მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. საბჭოში გასაუბრებაზე მან თავდაჯერებით განაცხადა, რომ კონკურსანტების 50-ეულშიც, 20-ეულშიც და უზენაესშიც სამართლიანად მოხვდება.

კანდიდატებს შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ზაზა თავაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, თამარ ალანია.

ცვლილებები მედიაში

ბოლო სამი თვის განმავლობაში მფლობელი და მენეჯმენტი შეიცვალა რამდენიმე ტელევიზიაში, რედაქცია სრულად შეიცვალა კიდევ ერთ ონლაინ მედიაში და ახალი ტელევიზიები გაჩნდა მედიაბაზარზე.

აჭარის ტელევიზიაში დირექტორი ნათია კაპანაძე ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე გადააყენეს. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა, ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა, გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას.

ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.

აჭარის ტელევიზიას დირექტორი დღემდე არ ჰყავს. მის ასარჩევად კონკურსი უკვე მეოთხედ გამოაცხადეს. ბოლო მცდელობისას საბჭოს ერთმა წევრმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ერთი წევრი კი არ ესწრებოდა. შედეგად ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო დამსწრეთა ნახევარზე მეტის ხმა.

5 ივლისს ტელეკომპანია იმედის გენერალურ დირექტორად ოფიციალურად დაინიშნა მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერის ყოფილი ტელევიზიის (მე-9 არხი, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიხურა) დირექტორი, ელდარ მდინარაძე. ის ასევე მუშაობდა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ტელევიზია მზის დირექტორად. მდინარაძის არხზე მისვლასთან ერთად საინფორმაციო გუნდში აღარაა ხელმძღვანელი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ნანა ლეჟავა.

18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა. ცვლილებები რეესტრში იმავე დღეს, რამდენიმე საათში აისახა. ასევე რამდენიმე საათში გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გადააყენეს.

ამ გადაწყვეტილებიდან ორ კვირაში საქართველოში ორი ტელევიზიის გახსნის შესახებ გახდა ცნობილი. ერთს რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ხსნის, მეორეს კი ამავე კომპანიის კონტრაქტორი ფორმულა კრეატივი თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობით.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის მოხვდნენ, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე. ამის შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე არ გასულა ეთერში.

23 ივნისს ლიბერალი ყველა ჟურნალისტმა და რედაქტორმა დატოვა. რედაქცია მედიასაშუალების განვითარებისთვის ლიბერალის მათთვის გადაცემას ითხოვდა, პასუხად კი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და პოზიციონირებასთან დაკავშირებით შენიშვნები მიიღეს.

ამავე ზაფხულს ცნობილი გახდა, რომ ევროპის საერთაშორისო საინფორმაციო არხი Euronews საქართველოში შემოდის.