რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თავისი ახალი ტელევიზიის, მთავარი არხის, ლოგო და სლოგანი გამოაქვეყნა. ლოგოს ავტორი P.S-ის ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნია.

"მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება" — სწორედ ეს იქნება ახალი მაუწყებლის სლოგანი, რომელზეც რუსთავი 2-დან გაშვებული და თავისი ნებით წამოსული ჟურნალისტები დასაქმდებიან. კონტრაქტების გაფორმება მათ თავად გვარამიამ შესთავაზა.

რა ხდება რუსთავი 2-ში

უკვე 24 საათი გავიდა მას შემდეგ, როცა საინფორმაციო გამოშვება კურიერი გავიდა ეთერში. მუშაობა შეაჩერა ვებგვერდმაც და ჟურნალისტები გადაღებებზე არ გასულან. რამდენიმე საათის წინ კი არხი ჟურნალისტების უმეტესობამ დატოვა.

გუშინ, 20 აგვისტოს საღამოს ცხრა საათზე ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს და საინფორმაციო გამოშვებაც შეწყდა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.