საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ ღობეების აღმართვის შეწყვეტას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების — ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აქტიურად გამოყენება.

"რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას ზღუდავს", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო. რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს სახლების დასაცლელად. მათ სახლი დაშალეს და საშენი მასალა გამოიტანეს.