დღეს, 30 ივლისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ამჟამინდელ ოფიციალურ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს ხვდებიან. შესვლამდე დავით დვალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რაიმე პროგნოზის გაკეთება გაუჭირდება და ქიბარ ხალვაშს "უბრალოთ მოუსმენენ".

"მინდა წინასწარ შეგამზადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ არანაირ პასუხს არ ვიტყვით და უბრალოდ მოვუსმენთ. ჩვენ არანაირი წინადადება არ გვაქვს. რასაც მოვისმემთ გახმოვანდება. პასუხი იქნება მოგვიანებოთ", — თქვა დავით დვალმა.

ჯარჯი აქიმიძემ აღნიშნა, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ პაატა სალიასთან, რომელიც ათანხმებდა შეხვედრის დეტალებს და ქიბარ ხალვაშთან აქამდე საუბარი არ ჰქონიათ.

ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია. 2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.

რუსთავი 2-ის საქმე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებაზე მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ახლა რუსთავი 2-ის 100%-ს მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამასთანავე, ქიბარ ხალვაშმა დირექტორის თანამდებობიდან მოხსნა ნიკა გვარამია და თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში ხელისუფლების გეგმას ახორციელებს და კრიტიკული მედიის დახურვა სურთ. ისინი ახალი გენერალური დირექტორისგან და მფლობელისგან არხის სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ. აღნიშნულს, ქიბარ ხალვაში არ დაეთახმა და "ახირება" უწოდა.