ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის სერია – "ძალიან მოკლე შესავალი" 1995 წლიდან გამოდის. ის დღეისათვის 600 დასახელებას გასცდა, ითარგმნა 50-ზე მეტ ენაზე და მრავალ ქვეყანაში მილიონობით ეგზემპლარია გაყიდული. თითოეული წიგნი თავიანთ სფეროში კომპეტენტური მეცნიერების მიერ მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ და ამომწურავად დაწერილი შესავალია კონკრეტულ თემაზე, რომელზეც შეიძლება მცირე ან არაზუსტი ცოდნა გვქონდეს. სერიის წიგნები დააინტერესებს როგორც მკვლევრებს, ლექტორებსა და სტუდენტებს, ისე კონკრეტული თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს. ქართულ ენაზე სერიის წიგნებს 2019 წლის მაისიდან სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს. ამჟამად სერიაში გამოცემულია ხუთი დასახელება: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ლოგიკა, პოლიტიკა და სოციოლოგია.

რას ისწავლი ძალიან მოკლე შესავლების სერიიდან

ავტორი: კეტრინ შულცი

ყველა სხვა იდენტობასთან ერთად - ქალაქელი, სოფლად მცხოვრები, ქრისტიანი, ათეისტი, აფროამერიკელი, პირველი თაობის, ინტროვერტი, დაბალიმუნიტეტიანი, ველოსიპედისტი, იარაღის მფლობელი, მებაღე, შუათანა შვილი, ან როგორც არ უნდა აღწერდე საკუთარ თავს ლოიალობების, არსებითი თუ ზედსართავი სახელების მეშვეობით - შენ ასევე მიეკუთვნები ყბიანთა ჯგუფს. ყბიანი არის არსება, რომელსაც აქვს ყბა - ნიშანი, რომელიც ადამიანების გარდა, ასევე ახასიათებთ მაკაკებს, ზებრებს, თეთრ ზვიგენებს, წაულებს, სცინკებს, ჩვეულებრივ მახრჩობელებსა და ცოცხალ არსებათა დაახლოებით 60 ათასამდე სხვა ჯიშს.

ეს ფაქტი, ჩემ (და შენ) შესახებ, ერთ მეტ-ნაკლებად უჩვეულო წიგნში ამოვიკითხე ცოტა ხნის წინ: "კბილები: ძალიან მოკლე შესავალი". წიგნის ავტორი არკანზასის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი პიტერ ანგარია. ისევე როგორც "კბილები", ეს წიგნიც დამოუკიდებელი, თუმცა უფრო ფართო სხეულის, Oxford University Press-ის პროექტის ძალიან მოკლე შესავლების სერიის ნაწილია. ამჟამად სერია 526 წიგნისაგან შედგება; "კბილები" კი რიგით 384-ეა ამ სერიაში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაეცნოთ ძალიან მოკლე შესავლებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მდინარეები, მთები, მეტაფიზიკა, მონღოლები, ქაოსი, კრიპტოგრაფია, სამართლის ფსიქოლოგია, ინდუიზმი, აუტიზმი, პურიტანიზმი, ფაშიზმი, თავისუფალი ნება, წამლები, კვება, კრიმინალური დეტექტივები, სიგიჟე, მალთუსი, სამედიცინო ეთიკა, იეროგლიფები, რუსეთის რევოლუცია, რეიგანის რევოლუცია, დინოზავრები, დრუიდები, შავ ჭირში, პოპულიზმი და ეშმაკი.

ისინი რაღაცით სახელმძღვანელოებს ჰგავს - რადგან ერთ კონკრეტულ საკითხზე იძლევიან არსებით ცოდნას, პოპულარული და გამოსადეგია სტუდენტებისათვის, და ავტორები ძირითადად პროფესორები არიან

ამ წიგნებიდან ზოგიერთი არის მოკლე შესავალი თემებში, რომელთა უფრო სიღრმისეულად შესწავლაც შეიძლება მოგინდეთ მომავალში: იქნება ეს თანამედროვე ინდოეთი თუ შექსპირის ტრაგედიები. სხვები კი, მაგალითად, "კბილები" სრულიად საკმარის ინფორმაციას შეიცავს დილეტანტი მკითხველისთვის. თუმცა ყოველი მათგანი საკმაოდ სერიოზულად ეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას, იყოს ძალიან მოკლე. თითოეული წიგნის მოცულობა ფიქსირებულია და 35 000 სიტყვას, ანდა უხეშად რომ ვთქვათ, 120 გვერდს მოიცავს (იხილეთ ძალიან მოკლე შესავალი N 500, "საზომი ერთეულები"). მერე რა, რომ ედუარდ გიბონმა ოთხი ათასი გვერდი მიუძღვნა რომის იმპერიას, უფრო სწორად მის დაცემას; ამ სერიაში ამ თემასაც იმავე მოცულობის სივრცე ეთმობა, რამხელაც ცირკადიულ რითმებს, ფოლკ მუსიკასა და სოკოებს.

ძალიან მოკლე შესავლების ლაკონიურობას ვიზუალურადაც ხაზი აქვს გასმული, რაც ჭკვიანური მარკეტინგული სვლაა. ამ სერიის წიგნები პატარა და მოხდენილია, თითქოს სტივ ჯობსის დიზაინით იყოს გაკეთებული, ყდები კი ჰორიზონტალური გრძელი, ფერადი ხაზების 526 ვარიაციას გვთავაზობს, რომლებიც როტკოს რეპროდუქციებს ანდა უმაღლესი ხარისხის შოკოლადის ფილების შეფუთვას მოგაგონებთ. ამ უკანასკნელთან მათ ისიც აქვთ საერთო, რომ იმპულსურად ყიდვისკენ გიბიძგებენ. თუ ვაშინგტონიდან კლივლენდში მიფრინავ, მათი ყურებისას ფიქრობ, რა სჯობია მიკროეკონომიკის ან შუა საუკუნეების ბრიტანეთის საფუძვლების შესწავლას, ვიდრე ფრენა დასრულდებაო.

ეს გრძნობა, თუ რაღაც ამდაგვარი - სწრაფვა სრულყოფილი ცოდნისკენ, ან, უფრო ცინიკურად თუ ვიტყვით, სწრაფვა სრულყოფილი ცოდნის ილუზიისკენ - დაეხმარა ფაქტობრივად მოსაწყენი გამომცემლობის ფაქტობრივად მოსაწყენ სერიას იმაში, რომ ძალიან დიდი პოპულარობა მოეპოვებინა. მას შემდეგ, რაც 1995 წელს ძალიან მოკლე შესავლების სერიის გამოცემა დაიწყეს, საერთო ჯამში, რვა მილიონი წიგნი გაიყიდა და ითარგმნა 49 ენაზე. რა გასაკვირიც გინდა იყოს, ყველაზე უკეთ ის წიგნები იყიდება, რომლებიც ყველაზე მოთხოვნად თემებს შეეხება: წიგნი აშშ-ის უზენაეს სასამართლოზე წინ უსწრებს ჰოლივუდს, არისტოტელე კი - დინოზავრებს. ამავე ლოგიკით, რამდენიმე წლის მანძილზე, ყველაზე ხშირად გაყიდული წიგნი ამ სერიიდან გახლდათ "გლობალიზაცია". ამჟამად გაყიდვებში მეორე ადგილზეა "ლიტერატურიის თეორია", რაც, ჩემი გათვლებით, ბოლო ადგილებზე უნდა გასულიყო, სადღაც "გარემოსდაცვითი ეკონომიკისა" და "ენგელსის" ახლომახლო.

თუკი ბევრ ძალიან მოკლე შესავალს წაიკითხავთ ერთმანეთის მიყოლებით, სხვადასხვა წიგნიდან ამოკრეფილი ფაქტების ნაწილი ერთმანეთს შეეჯახება და საინტერესო პროცესები დაიწყება - ისინი გაერთიანდებიან, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, უფრო დიდ ფაქტს დაუდებენ საფუძველს, გამოსცემენ მაჟორულ ანდა იდუმალ მინორულ აკორდებს.

Oxford-ის ეს პროექტი პოპულარობის ზრდასთან ერთად, მასშტაბითაც გაიზარდა. მართალია, ჯერაც არ არსებობს ძალიან მოკლე შესავალი სამყაროში - თუმცა ამ სერიაში შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნებს დედამიწის, პლანეტების, ვარსკვლავების, გალაქტიკების და უსასრულობის შესახებ - მაგრამ თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ისიც მალე გამოჩნდება, ვინაიდან თავად სამყაროსი არ იყოს, ეს სერიაც ფართოვდება. სერიას დაახლოებით ორმოცდაათამდე ახალი გამოცემა ემატება ყოველწლიურად, რაც, საერთო ჯამში, ამ დროისათვის 1 215 თემას ნიშნავს. თუმცა მასალა ამით არ ამოიწურება. პრინციპში, მატერია ამოუწურავია. სერიის ამერიკელი რედაქტორის, ნენსი ტოფის თქმით, სერიის მასშტაბი ფაქტობრივად უსაზღვროა.

ამ გაგებით, ძალიან მოკლე შესავლებს ძალიან გრძელი ისტორია აქვს. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა რაღაცების ჩაწერა დაიწყეს, დროდადრო ვცდილობდით, რომ ყველაფერი ჩაგვეწერა: იქნებოდა ეს დედამიწისა და კოსმოსის ბუნების შესახებ, პრეისტორიული და უკვე შემონახული პერიოდის, პოლიტიკური მოლაპარაკებების, კულტურული პროდუქციისა თუ კაცობრიობის კოლექტიური სიბრძნის შესახებ. სულ მცირე, გასული რამდენიმე საუკუნის მანძილზე, სპეციალისტები დროდადრო იწყებდნენ ხოლმე გლოვას ამ ოცნების აშკარა დასამარებაზე მუდმივად მზარდი სპეციალიზაციისა და ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოზღვავების გამო. ეს გლოვა ყოველთვის აბსურდი იყო, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ოცნება არ დასამარებულა, არამედ იმიტომ, რომ მას არასოდეს უარსებია. არასოდეს არსებულა ოქროს ხანა, როდესაც ჩვენი კოლექტიური ცოდნა ისეთი მოკრძალებული იქნებოდა, რომ მისი ერთ ადგილას თავმოყრა იქნებოდა შესაძლებელი - და თუკი ასეთი ხანა მაინც არსებობდა, საეჭვოა, რამდენად ოქროსი იყო ის საერთოდ.

თუმცა ჩვენს დროში საინტერესო რამ მოხდა. ტექნოლოგიების განვითარების დამსახურებით, ჩვენი უნარი, შევინახოთ ინფორმაცია, ეს-ესაა, დაეწია ჩვენს უნარს, ვაწარმოოთ ის. ამგვარად, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე პირველად, შესაძლებელი გახდა ოცნება ცოდნის ყოვლისმომცველი შეგროვების, კომპილაციის შესახებ. ზოგისთვის ასეთ კომპილაციას წარმოადგენს Wikipedia, ზოგისთვის - თავად ინტერნეტი. ნებისმიერ შემთხვევაში, სამყაროში არსებული ცოდნა უკეთ არის დოკუმენტირებული და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია დღეს, ვიდრე ოდესმე; სავარაუდოდ თქვენ ის ყველგან თან დაგაქვთ ჯიბით. ამ თვალსაზრისით ძალიან მოკლე შესავლების სერია Canon-ის ფოტოაპარატის ბოლო გამოშვებას ჰგავს: არაჩვეულებრივია, მაგრამ ფოტოების გადასაღებად ხალხი უფრო ხშირად მაინც ტელეფონს გამოიყენებს.

ეს ყველაფერი ამ სერიის პოპულარობას კიდევ უფრო ღირსშესანიშნავს ხდის, განსაკუთრებით ჩვენს დროში, როდესაც სიმართლე ასეთი გამოწვევების წინაშე დგას, ექსპერტიზა კი ანათემასაა გადაცემული. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, ამ სერიის პოპულარობა სავსებით გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ იტყვის "იზოტოპები: ძალიან მოკლე შესავალი" სასიამოვნო წასაკითხიაო, მაინც იმედისმომცემია, რომ ასეთ დროში, ჩვენი კოლექტიური ციებიანი შუბლი რეალური ინფორმაციის ცივ რკინას მივადოთ. არ არსებობს უკეთესი დრო, ვიდრე ის, როდესაც ყველაფრის ცოდნაზე ანტიკური ოცნების აღორძინებას აზრი აღარა აქვს.

საზოგადოება, რომლის წევრებსაც აკლიათ ზოგადი გამოცდილება და ზოგადი ცოდნა, წარმოადგენს საზოგადოებას ფუნდამენტური კულტურის გარეშე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლინიუს უფროსი, კატის მსგავსად, ცნობისმოყვარეობამ მოკლა. ჩვ.წ 79 წლის აგვისტოში, ნეაპოლის სანაპიროებთან ფლოტის მეთაურობისას, რომაელი სახელმწიფო მოხელე და ავტორი მიმდებარე ტერიტორიებზე ვულკანის ამოფრქვევას შეესწრო და გადაწყვიტა, ზღვაში შეეცურა, იმისათვის, რომ ახლოდან დაკვირვებოდა ამ მოვლენას. გადაწყვეტილება ცუდი აღმოჩნდა: იგი პომპეიდან დაახლოებით 2 მილის დაშორებით გადმოვიდა სანაპიროზე, ვულკანის ამოფრქვევა კი ვეზუვის სწორედ ის ცნობილი ამოფრქვევა გახლდათ და ატმოსფეროში გაბნეულმა მომწამვლელმა გაზებმა პლინიუსი მოკლა.

პლინიუსმა ვულკანების შესახებ საკმაოდ ბევრი რამ იცოდა - მისი გადმოცემით, მთა ეტნადან წამოსულმა ფერფლმა ქალაქები 35 მილის რადიუსში დაფარა, სამყაროში ყველაზე ცხელი ლავა კი ეთიოპიაში მთის მწვერვალიდან მოედინებოდა - რადგან მან საკმაოდ ბევრი რამ იცოდა ყველაფრის შესახებ. უშუალოდ გარდაცვალებამდე, მას საბოლოო შესწორებები შეჰქონდა 10-ტომიან "ბუნების ისტორიაში," რომელიც მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, "სიცოცხლეს" შეეხებოდა. ამ ამბიციურ მიზანს, მან ასევე ამბიციური განცხადება დაუმატა. "ჩვენ შორის ერთ ადამიანსაც კი ვერ ნახავთ, ვინც ასეთ გაბედულ წამოწყებაში ჩაებმებოდა," - წერდა ის შესავალში - "ჯერჯერობით ბერძნებს შორისაც კი ვერ შეხვდებით ვერავის, ვინც მარტო მოჰკიდებდა ხელს ამ საკითხის ყველა განყოფილების შესწავლას."

სულ მცირე, აი, აქ, პლინიუსი მართალი გახლდათ: "ბუნების ისტორია" არის ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობა, რომ კაცობრიობის ხელთ არსებული ცოდნა ერთ ნაშრომში ჩაეწერათ. იგი იწყება საკმაოდ ფართო საკითხის დასმით - სასრულია თუ უსასრულო სამყარო, შემდეგ კი გადადის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგნები, პლანეტები, მთვარის დაბნელებები, ელემენტები, დისტანცია ვარსკვლავებს შორის, ანტიპოდები ("არსებობენ ისინი?"), გეოგრაფია, ბოტანიკა, მიწათმოქმედება, მებაღეობა, მინერალოგია, სამთო მრეწველობა, მედიცინა, პაპირუსის გამოყენება, ყალბი მონეტები, რომაული მაღალი თანამდებობის სხვადასხვა პოსტის მახასიათებლები და ცნობილი მხატვრები, როგორც წარსულიდან, ისე თანამედროვეობიდან (ასევე, იხილეთ ძალიან მოკლე შესავალი N1, "კლასიკა").

ნაშრომი უსაზღვროდ შთამბეჭდავი და განსაკუთრებით სასიამოვნო წასაკითხია, თუმცა, მისი ღირსება სრულდება, როდესაც საქმე მიდგება სიზუსტეზე: ნებისმიერი სტანდარტით, არა მხოლოდ თანამედროვე გადმოსახედიდან, "ბუნების ისტორიის" სტრიქონების უმეტესობა აბსოლუტური აბსურდია. პიტერ ანგარი ალბათ აღშფოთდებოდა პლინიუსის "კბილების გამოკვლევით", რომელიც შეიცავს მტკიცებას - უცნაურსაც კი, რამდენადაც იოლად უარსაყოფია - რომ მამაკაცებს ქალებზე მეტი კბილი აქვთ და რომ "ადამიანის კბილები შეიცავს ერთგვარ საწამლავს, რის გამოც ისინი სარკის სიკაშკაშეს ჩრდილავენ, როდესაც ისინი მასში აირეკლებიან და ამასთანავე, მას შეუძლია მოკლას მტრედის ხუნდები." ამ და სხვა აშკარა ტყუილებს წიგნის პოპულარობისთვის არაფერი დაუკლია და ბესტსელერების სიები რომ ასეთი გვიანდელი ფენომენი არ იყოს (იხ. ძალიან მოკლე შესავალი N170 "ბესტსელერები"), "ბუნების ისტორია" ამ სიის სათავეში დაახლოებით 16 საუკუნის მანძილზე იქნებოდა. 1646 წელსაც კი, ბრიტანელი ფილოსოფოსი სერ თომას ბრაუნი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ "დღესდღეობით სახალხოდ გავრცელებული შეცდომებიდან იშვიათია ისეთი, რომელიც ამ ნაშრომში პირდაპირ არ იყოს გამოთქმული ან დედუქციურად არ გამომდინარეობდეს; ამ შეცდომების საყოველთაოობა კი ცხადყოფს, თუ რა წარმატებული იყო მათი გავრცელების მცდელობანი."

ბრაუნმა ეს დაწერა თავის ვრცელ კრებულში "ძალზე გავრცელებული უამრავი დოგმისა და საყოველთაოდ მიღებულ სიმართლეთა გამოკვლევა", რომელიც ცნობილია სათაურით "ვულგარული შეცდომები." მისი ეს ნაშრომი ერთგვარი ამობრუნებული ენციკლოპედიაა, რომელიც ცდილობდა, სამყაროში არსებული სიმართლე ტყუილების ჩაწერით ეჩვენებინა. თუმცა, ბრაუნს დაავიწყდა, ეხსენებინა, რომ ის შეურაცხყოფას აყენებდა თავის ინტელექტუალურ წინამორბედს; "ბუნების ისტორიასთან" ერთად პლინიუსმა, ფაქტობრივად, გამოიგონა ენციკლოპედიის ჟანრი. (თავად პლინიუსს ეს სიტყვა არ გამოუყენებია, თუმცა გამოიყენა ბრაუნმა. ეს სიტყვა ბერძნული ფრაზის enkyklio spaideia არასწორი გაგებიდან მომდინარეობს - რომელიც, სიტყვა სიტყვით, "ცირკულარულ განათლებას" ნიშნავს. თუმცა, აქ ცირკულარულში იგულისხმება არა მცდარი ლოგიკური აზროვნების ერთ-ერთი ფორმა, არამედ, ის, რასაც ტერმინ well-rounded education-ში (სრულყოფილი განათლება) ვგულისხმობთ ხოლმე). მომავალი ათასი წლის მანძილზე, ენციკლოპედიური მუშაობის თითქმის ყველა მცდელობას, სულ მცირე, დასავლურ სამყაროში მაინც, იწყებდნენ ის ავტორები, ვინც პლინიუსის ნაშრომი წაიკითხა და მისგან შთაგონება მიიღო, ანდა ის არასრულყოფილად მიიჩნია.


თუმცა ასეთი ავტორების მოტივაციის უკან გაცილებით ძლიერი ავტორიტეტები იდგნენ. სხვადასხვა კულტურასა და პერიოდში ორი ყველაზე ძლიერი ავტორიტეტი, რომელიც ცოდნის წარმოებისა და გავრცელების - რაც იგივეა, რომ ვთქვათ, მისი კონტროლის - უკან იდგა, იყო რელიგიური ძალაუფლება და სახელმწიფო. სწორედ ამათგან ერთ-ერთი იღებდა გადაწყვეტილებას კომპენდიუმის პროექტებისთვის ფინანსების გამოყოფის თუ იდეოლოგიური მიზნების განსაზღვრის შესახებ. ამგვარად, სწავლულებმა, რომლებიც ისლამის წინასწარმეტყველთა ქვემდგომნი იყვნენ, გამოსცეს ენციკლოპედიები (მედიცინის, მეცნიერების, ყველაფრის შესახებ) ჯერ კიდევ VIII საუკუნეში. ჩინეთში კი სუნის დინასტია ზედამხედველობდა ანთოლოგიური ნაშრომის, "სუნის ეპოქის ოთხი დიდი წიგნის" გამოცემას, რომლის დაწერასაც ასი წელი დასჭირდა. მინის დინასტიამ კი გამოსცა იუნლეს ენციკლოპედიის 11 095 ტომი - ციფრულ ეპოქამდე, ყველაზე დიდი ენციკლოპედია მსოფლიოში.

პრემოდერნულ დასავლეთში, სადაც საერო ხელისუფლებები ნაკლებად იჩენდნენ ინტერესს - ზოგჯერ კი საკმაოდ ანტაგონისტურადაც იყვნენ განწყობილნი - ცოდნის ფართო გავრცელებისადმი, ენციკლოპედიების უმეტესობა ქრისტიანულ მონასტრებში იწერებოდა. პლინიუსისაგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი რეპუტაციაზე ზრუნავდა, პლუს იმპერატორის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ეს გვიანდელი ავტორები თავიანთ ძნელ დავალებას ღვთის განდიდებისათვის ასრულებდნენ. მათთვის სამყარო ღვთის ნაბოძები საჩუქარი იყო, ბიბლიის ანალოგით; ისინი სწავლობდნენ ქმნას, რათა მიახლოებოდნენ შემქმნელს. ამ კომპილატორთა შორის ყველაზე გავლენიანები იყვნენ VII საუკუნეში მცხოვრები სწავლული, ისიდორე სევილიელი, რომლის "ეტიმოლოგიებიც" წამყვანი სახელმძღვანელო იყო შუა საუკუნეებში (თუმცა, სათაური არაზუსტია; სინამდვილეში, 20 ტომიდან მხოლოდ ერთი შეეხება სიტყვათა წარმოშობას), და ვინსენტ ბოველი, დომენიკელი ბერი, რომელიც XIII საუკუნეში მოღვაწეობდა. ეს უკანასკნელი იყო პასუხისმგებელი 80-წიგნიანი კომპლექტის "დიდი სარკის" (Speculum majus) გამოცემაზე, რომელიც აჯამებდა იმ დროისთვის არსებულ ყველანაირ პრაქტიკულ და სამეცნიერო ცოდნას, ისტორიიდან დაწყებული, გენეზისით, ღმერთით და სამყაროს შექმნით დასრულებული.

ამ ნაშრომებს საერთო ჰქონდათ უფრო ვიწრო კომპენდიუმებთან, რომლებიც რელიგიური პატრონაჟით გამოიცემოდა, შუა საუკუნეების დროინდელი ბესტიარიუმებიდან მოყოლებული, თავად ქრისტიან წმინდანთა ცხოვრების სისტემატიზაციით დამთავრებული - რომელთა მეშვეობითაც ცდილობდნენ, რომ ქრისტიანობის ყველა თემა და ტექსტის ორგანიზება მოეხდინათ ერთ მწყობრ ნაშრომში. თუმცა, მათ საერთო ჰქონდათ გაცილებით უფრო ძველ იდეასთანაც, რომელიც ჯერ კიდევ პლატონის პერიოდში არსებობდა: არსებათა დიდ ჯაჭვთან, დიდ ურთიერთდაკავშირებულ იერარქიასთან, რომლის ფარგლებშიც ბუნებითი სამყაროს თითოეულ ნაწილს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი. როგორც სამონასტრო ორდენის ადრეული წევრები განმარტავდნენ, არსებათა დიდი ჯაჭვი იწყებოდა ღმერთით, რომელსაც მოსდევდნენ ანგელოზები და სხვა არამატერიალური არსებები, შემდეგ ადამიანები, სხვა ცხოველები, მცენარეები და ბოლოს კლდეები და მინერალები. საუკუნეების მანძილზე ქრისტიანი სწავლულები მუშაობდნენ ძირითად სტრუქტურაზე - მაგალითად, იერარქიაში ამატებდნენ სამეფო საგვარეულოებს ღმერთის ქვემოთ და უბრალო ადამიანებზე ზემოთ, ან ყოფდნენ ანგელოზებს ისე, რომ სერაფიმი უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ქერუბიმი - მანამ, სანამ ყველა შესაძლო არსებას ექნებოდა საკუთარი ადგილი მიჩენილი.

სწორედ ეს იერარქია - იმდენად ცენტრალური მნიშვნელობის დასავლური კოსმოლოგიისთვის დიდი ხნის მანძილზე, რომ დღეს ათი წლის ბავშვსაც კი შეუძლია, რომ ინტუიციურად ჩასწვდეს მას - დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ყველაზე ცნობილმა კომპენდიუმმა: დენი დიდროსა და ჟან ლერონ დ'ალამბერის 18 000-გვერდიანმა ენციკლოპედიამ. 1751-1772 წლებში გამოქვეყნებული ენციკლოპედია არც კათოლიკურ ეკლესიას დაუფინანსებია და არც საფრანგეთის მონარქს, პირიქით, იგი მტრულადაც კი იყო განწყობილი ორივე მათგანისადმი. ის მიზნად ისახავდა ცოდნის სეკულარიზებასა და პოპულარიზებას და თავისი ორგანიზაციული სქემის მეშვეობით განმანათლებლობის იდეების ყველაზე რადიკალურ დემონსტრირებას ახდენდა. ნაცვლად ძველი სტრუქტურისა, სადაც ღმერთი ყველაფრის სათავეში იდგა, მთელი დანარჩენი სამყარო კი ღვთაებრივი შემქმნელის გარშემო ტრიალებდა, მათი სისტემა ადამიანს აყენებდა ცენტრში. ამ სისტემაში სამყარო იყოფოდა სხვადასხვა ნიშნით და თითოეულს ადამიანი გონის მეშვეობით უკავშირდებოდა, ეს იყო: "მეხსიერება", "გონება" და "წარმოსახვა" ანდა, დღევანდელი სიტყვებით რომ ვთქვათ - ისტორია, მეცნიერება და ფილოსოფია და ხელოვნება. ანბანური წყობის მსგავსად, რომელიც ახდენს თემების ეფექტიან დემოკრატიზაციას, რამდენადაც შლის ყოველგვარ დაყოფას ძალაუფლების ნიშნით და ყველას ერთ საერთო წესს უქვემდებარებს, ეს ახალი სტრუქტურა ქედს ადრეკინებდა ყველაზე მაღლა მდგომ სუბიექტებსაც კი. ენციკლოპედიაზე მუშაობისას დიდრო მაღლა ცას კი არ აჰყურებდა, არამედ წინ, მომავლისაკენ იყურებოდა; მისი მიზანი იყო, როგორც თავად წერდა, "რომ ჩვენი მომავალი თაობები უფრო ზნეობრივები და ბედნიერები გამხდარიყვნენ, უფრო მეტი განსწავლულობით."

სწორედ დიდროს ენციკლოპედიაა ის, რის მადლობლებიც უნდა ვიყოთ, რომ თანამედროვე ენციკლოპედიები არსებობს, Britanica-დან მოყოლებული World Book-ის, Encarta-სა და Wikipedia-ს ჩათვლით. თუმცა, ჩვენ დავალებულები ვართ მისგან ბევრი სხვა პროექტის გამოც, რომლებიც შექმნილია, მისი სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "დედამიწის ზედაპირზე გაბნეული ყოველგვარი ცოდნის ერთად თავმოყრის მიზნით." მან არა მხოლოდ ცოდნის თავმოყრის ახალი გზები გამოაჩინა, არამედ ახალი არგუმენტებიც მის სასარგებლოდ - მათ შორის მთავარი, რომ ინფორმაციის გავრცელებამ, რომლითაც მხოლოდ ელიტები სარგებლობდნენ, უფრო ფართო კულტურაში გადაინაცვლა. ენციკლოპედია იყო ერთდროულად მიზეზიცა და ეფექტიც საფუძვლიანი განმანათლებლური რწმენისა: რომ წიგნებისთვის ყველაფრის შესახებ, საუკეთესო აუდიტორია არის ყოველი ადამიანი.

ბოლომდე ცხადი არ არის, სად მოთავსდებოდა ძალიან მოკლე შესავლების სერია, ადამიანი წასაკითხი წიგნების სიას რომ ადგენდეს. ისინი რაღაცით სახელმძღვანელოებს ჰგავს - რადგან ერთ კონკრეტულ საკითხზე იძლევიან არსებით ცოდნას, პოპულარული და გამოსადეგია სტუდენტებისათვის, და ავტორები ძირითადად პროფესორები არიან. თუმცა, ამავდროულად, ისინი, შესაძლოა, ტრადიციული გაგებით არამხატვრულ ლიტერატურასაც მივაკუთვნოთ, რამდენადაც ისინი შენ თვითონ უნდა წაიკითხო, ყოველგვარი ლექციების გარეშე და უპრობლემოდ. გარდა ამისა, ისინი რაღაცით ენციკლოპედიის ჩანაწერებსაც ჰგავს, რადგან, რასაც ის მკითხველს ჰპირდება, უპირველეს ყოვლისა, ლაკონიურობა და შეგონებაა; ამავე მიზეზით, ის წააგავს CliffsNotes-საც, რომელიც, ამ სერიის მსგავსად, ცოდნის მიღების მარტივი გზაა. დაბოლოს, ის ჰგავს წიგნების სერიას "მარტივად" (For Dummies). ამ ორ სერიას შორის მთავარი განსხვავება კი, შესაძლოა, კარგად გამოიხატოს კარიკატურაში, რომელიც ასახავს განსხვავებას ოქსფორდსა და ინდიანაპოლისს შორის, სადაც სახელმძღვანელოთა ეს სერიები გამოიცემა: ბრიტანეთში დაბეჭდილი წიგნები უფრო აბსტრაქტულ საკითხებს შეეხება ინტელექტუალური ტონალობებით, მაშინ, როდესაც ამერიკაში გამოცემული წიგნები უფრო პრაქტიკულ თემებს შეეხება ("ქსოვა მარტივად" "HTML მარტივად", "დიაბეტი მარტივად") და სათქმელის გადმოსაცემად ხშირად არის გამოყენებული სიები, ილუსტრაციები და მარტივი თხრობა. მიუხედავად განსხვავებისა, ორივე სერიას კაცობრიობისადმი არსებითი და ოპტიმისტური ხედვა აერთიანებს: რომ, თუკი ვინმე რამეს ასწავლის, მაშინ ყველას შეუძლია მისი შესწავლა.

ბოლომდე ცხადი არ არის, სად მოთავსდებოდა ძალიან მოკლე შესავლების სერია, ადამიანი წასაკითხი წიგნების სიას რომ ადგენდეს. ისინი რაღაცით სახელმძღვანელოებს ჰგავს - რადგან ერთ კონკრეტულ საკითხზე იძლევიან არსებით ცოდნას, პოპულარული და გამოსადეგია სტუდენტებისათვის, და ავტორები ძირითადად პროფესორები არიან

ფოტო: The New Yorker

ეს, რა თქმა უნდა, დენი დიდროს ოცნება გახლდათ, რომელმაც სხვადასხვა პერიოდი და საზღვრები გამოიარა. XX საუკუნეში, საფრანგეთში, მან სერია Que Sais Je?-ს ფორმა მიიღო, რომელიც ძალიან მოკლე შესავლების თითქმის იდენტური ანალოგია (სერიის სათაური, რომელიც ითარგმნება, როგორც "რა ვიცი?", ამოტვიფრული იყო მონტენის პირად ბეჭედზე). გერმანიაში კი ის ჩამოყალიბდა მსგავსი პროექტის სახით, რომელსაც უბრალოდ Wissen (ცოდნა) ერქვა. ინგლისში წიგნების სერიის იდეა, რომელიც გამიზნული იყო, რომ ადამიანებს მიეღოთ ზოგადი განათლება ზოგადად სამყაროს შესახებ პირველად ალენ ლეინს გაუჩნდა. ლეინი გახლდათ Penguin Books-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი საგამომცემლო სახლისა, რომელიც თავდაპირველად მხატვრულ ლიტერატურაში დასპეციალდა. იგი მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა Pelican-საც, რომელიც გამოსცემდა არამხატვრულ ლიტერატურას, რომელიც აკადემიური ხასიათისა იყო, თუმცა გათვლილი იყო უფრო ზოგად აუდიტორიაზე: "ფართოდ გავრცელებული ველური ყვავილები," "პრაქტიკული ეკონომიკა," "შუშა საუკუნეების განმავლობაში". ამ წიგნებიდან ბევრის ავტორი ცნობილი ადამიანი იყო. მათ შორის, სულ პირველი წიგნი, რომელიც Pelican-მა გამოსცა გახლდათ ჯორჯ ბერნარდ შოუს "კეთილშობილ ქალთა გზამკვლევი სოციალიზმსა და კაპიტალიზმში". 1984 წლისთვის, როდესაც Pelican-ის იმპრინტით წიგნების გამოცემა შეწყდა, უკვე გამოსული იყო ათასობით წიგნი, რომლებმაც საერთო ჯამში, კომპანიის სიტყვებით რომ ვთქვათ, "ბრიტანეთში მომავალი თაობებისათვის არაფორმალური უნივერსიტეტის" ფუნქცია შეასრულეს (Pelican-ის იმპრინტი 2014 წელს აღდგა, შედარებით მოკრძალებული 5-წიგნიანი კატალოგის სახით.)

იმის ჩვენებით, რომ სამეცნიერო არამხატვრულ ლიტერატურას მოგების მოტანა შეეძლო, Pelican Books-მა უზარმაზარი გავლენა მოახდინა საგამომცემლო ინდუსტრიაზე. მის პირდაპირ და არაპირდაპირ მემკვიდრეებს შორის გახლავთ Oxford University Press-ის სერიები Past Masters, რომლის გამოცემაც 1980 წელს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც გამოვიდა ისტორიული ფიგურების მოკლე ბიოგრაფიები, ბენტამიდან და კარლაილიდან მოყოლებული, სპინოზამდე და ტოლსტოიმდე. 1995 წელს, ამ სერიის გამოცემა შეწყდა და მის ფარგლებში გამოცემულმა სათაურებმა ჩვენამდე Oxford University Press-ის ახალი პროექტის ძალიან მოკლე შესავლების სერიის სახელით მოაღწია.

ძნელია, ზოგადად ილაპარაკო სერიის ფარგლებში გამოსულ ყველა წიგნზე. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხუთასზე მეტ ავტორზე გვაქვს საუბარი და, სავარაუდოდ, თავად სერიის რედაქტორსაც არ წაუკითხავს ყველა (სინამდვილეში ეს წიგნები არც ისე მოკლეა). პირადად მე თორმეტამდე წიგნი თავიდან ბოლომდე წავიკითხე, ორი ამდენის კითხვა კი დავიწყე, ზერელედ გადავიკითხე ანდა მივატოვე კითხვისას - ოღონდ არა იმიტომ რომ ეს ცუდი წიგნები იყო, არამედ იმიტომ, თითქოს მაღაზიაში წიგნების ასარჩევად დავსეირნობდი, ანდა კოლეჯში სწავლის დაწყებამდე კურსებს ვარჩევდი. ზოგიერთმა შესავალმა, რომელიც ავირჩიე, იმედი გამიცრუა. "მთები" გაეროში დაწერილ ანგარიშს ჰგავდა, "სახლი" კი დიდაქტიკას ვერ არიდებს თავს, რომლის ხაფანგში გაბმაც ასეთი გამოცემისათვის საკმაოდ იოლია. "არქოლოგია" კი, რომელიც ცდილობს, თავი აარიდოს მოსაწყენობას და მეტისმეტი კი მოსდის ცუდი ხუმრობებითა და ცუდი გემოვნებით.

თუმცა ესენი გამონაკლისებია. უმეტეს შემთხვევაში, ძალიან მოკლე შესავლები მერყეობენ ღირებულ საკითხავსა და სრულიად არაჩვეულებრივ საკითხავს შორის. ამაში წვლილი შეაქვს იმასაც, რომ ზოგიერთი ტომის ავტორი გამორჩეულ მწერალი და მოაზროვნეა; ერთი სიამოვნებაა ჰერმიონე ლის "ბიოგრაფიების" წაკითხვა (რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მის დაწერილ ვირჯინია ვულფის ბიოგრაფიას) ან ტერი იგლტონის "ცხოვრების მნიშვნელობა", რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სათაური აქვს კოლექციაში. აღსანიშნავია არაერთი ნაკლებად ცნობილი ავტორის განსაკუთრებული წვლილიც. დარენ ოლდრიჯი შესანიშნავად წერს ეშმაკზე (მაგალითად, ღვთის ნებას ემსახურება ის თუ ეწინააღმდეგება და როგორ დაბრუნდა ის თანამედროვე ეპოქაში, სხეულისათვის ტანჯვის მიყენების ნაცვლად გონების გამრუდების გზით); ხოლო პოლ სტრომი ასეთივე მიმზიდველია საკმაოდ მაცდურ თემაზე "ცნობიერებაზე" წერისას (თუ როგორი მოუხელთებელია ის, როგორ არათანაბრადაა ის განაწილებული, როგორ უცნაურად, თუმცა, ამავდროულად, სტრატეგიულადაა ის განთავსებული ჩვენი ცნობიერების ყველაზე ღრმა წერტილებსა და ჩვენსა და გარესამყაროს შორის არსებულ მიჯნებზე).

თუმცა შესავლებს შორის ყველაზე უფრო შთამბეჭდავი ისინია, რომლებიც, მიუხედავად მათი არც ისე მიმზიდველი თემებისა, მაინც ბრწყინავს. მაგალითად, კბილები არის თემა, რომელიც პირადად მე საერთოდ არ მაინტერესებს, თუკი კბილის ფესვებში გამავლ არხებს არ შეეხება საუბარი. თუმცა, შესავლებს შორის, კბილებზე გამოცემული წიგნი ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია. ანგარი წერს მოქნილად ("მიზანია, გატეხო ისე, რომ არ გატყდე"), არის ზომიერად მხიარული ("ბიოსფეროდან საჭმლის პირამდე მიტანა, შესაძლოა, გამოწვევად იქცეს"), და სხარტი იმის ახსნისას, თუ რატომ უნდა მიიქციოს ჩვენი ყურადღება ასეთმა არამიმზიდველმა თემამ. "კბილები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ზუსტად შუაშია," - წერს ის - "ისინი არიან მედიატორები მჭამელსა და შესაჭმელს შორის". გარდა ამისა, "კბილების" კითხვისას შენ სწავლობ ბევრ რამეს ევოლუციასთან, ბიომრავალფეროვნებასთან, ბიოლოგიასთან, ეკოლოგიასთან, პალეონტოლოგიასა და ფიზიკასთან დაკავშირებითაც კი.

ანალოგიურად, ნიკ მიდლტონის შესავალი "უდაბნოებში" - მშრალი თემის კლასიკურ ნიმუშად რომ გამოდგება - ფანტასტიკურად საინტერესო წიგნია. ის შეეხება ყველაფერს უდაბნოს ქალაქების (ბაღდადი, კაირო) ისტორიული მნიშვნელობიდან, უდაბნოს არსებების (აქლემები, აზიური კალიები) ადაპტაციისთვის დამახასიათებელი უჩვეულობებითა და თავად უდაბნოების მრავალფეროვნებამდე, რომელიც, როგორც წიგნიდან ვიგებთ, დედამიწის ზედაპირის ერთ მეოთხედს ფარავს - თუ უფრო მეტს არა, ვინაიდან, როგორც მიდლტონი აღნიშნავს, ბუნების ელემენტებს არ გააჩნიათ მტკიცე საზღვრები. პრინციპში, როგორც ბევრი საკითხი ამ სერიაში, მისი ჩართვებიც გასაკვირად ძნელია ასახსნელად. უბრალოდ, წვიმის ნაკლებობა არ აქცევს ტერიტორიას უდაბნოდ, რამდენადაც აქ რეალური პრობლემა ტერიტორიაზე ნალექის წარმოქმნის საერთო რაოდენობა კი არ არის, არამედ ნალექის წარმოქმნის ნიშნულის შეფარდება აორთქლების ნიშნულთან. სამხრეთ-ცენტრალურ ეგვიპტეში, მაგალითად, წლიური ატმოსფერული ნალექის რაოდენობა საშუალოდ 0-სა და 5 მილიმეტრს შორის მერყეობს, მაგრამ აორთქლების ნიშნულმა შეიძლება 5 მეტრსაც კი მიაღწიოს. მიდლტონის ადვილად გასაგები ენით გაკეთებული განმარტება აჯამებს: "თუკი მიწაზე გიდგათ ვედრო და ის არასდროს ივსება, მაშინ უდაბნოში ხართ". თუმცა ზოგჯერ არ არსებობს მიწა, სადაც ვედროს დადგამთ. როგორც მიდლტონი განმარტავს, უდაბნოები არსებობს ოკეანეების შუაგულშიც: საზღვაო რეგიონები, რომლებსაც იმდენად ცოტა მტკნარი წყალი მიეწოდებათ, რომ არიდული კლიმატი ახასიათებთ. უდაბნოს კუნძულებს, როგორც აღმოჩნდა, უდაბნოს ოკეანეები აკრავს გარს.

როგორც ხედავთ, სიამოვნების დიდი ნაწილი, რომელსაც ძალიან მოკლე შესავლებისგან მიიღებთ, კარგი არამხატვრული ლიტერატურის საძირკველში ძევს: ფაქტებში. თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს იმის გაგება, რომ "რობოტიკიდან" ვირთხები თავიანთი ტვინის ქერქს ულვაშებიდან შემოსული სიგნალების გადასამუშავებლად უფრო იყენებენ, ვიდრე თვალებიდან შემოსული სიგნალებისა. ანდა, "ბესტსელერებიდან", რომ პირველი რომანი, რომელიც განიხილებოდა კინოადაპტაციისთვის, იყო ტომას დიქსონის "კლანის წევრი", რომელიც მოგვიანებით იქცა დეივიდ უორკ გრიფიტსის 1915 წელს გადაღებულ ფილმად "ერის დაბადება." ანდა "გალაქტიკებიდან", რომ, ჩვენ რომ უფრო ახლოს ვცხოვრობდეთ დიდი ირმის ნახტომის ცენტრთან, რეგიონში, რომელსაც ჰქვია Sagittarius A* (ვარსკვლავი სახელის ნაწილია აქ, ისევე როგორც დოლარის ნიშანი სახელში Ke$ha), ჩვენ დავინახავდით ოც მილიონზე მეტ ვარსკვლავს, რომელიც შეავსებდა სივრცეს ჩვენსა და ალფა კენტავრს შორის.

თუკი ბევრ ძალიან მოკლე შესავალს წაიკითხავთ ერთმანეთის მიყოლებით, სხვადასხვა წიგნიდან ამოკრეფილი ფაქტების ნაწილი ერთმანეთს შეეჯახება და საინტერესო პროცესები დაიწყება - ისინი გაერთიანდებიან, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, უფრო დიდ ფაქტს დაუდებენ საფუძველს, გამოსცემენ მაჟორულ ანდა იდუმალ მინორულ აკორდებს. თუმცა, ეს შეჯახებები მხოლოდ თქვენს გონებაში მოხდება; ეს სერია არ არის შექმნილი მასში განხილული საკითხების პრაქტიკაში გადმოსატანად. პირიქით: პლინიუსის და ქრისტიანი ენციკლოპედისტების და, გარკვეულწილად, დიდროსაგან განსხვავებით, ძალიან მოკლე შესავლები სრულიად უგულებელყოფს ტაქსონომიას. მათში არ არსებობს იერარქია, არც გენეალოგია, ქრონოლოგია ან რაიმე ტიპის მაორგანიზებელი პრინციპები. ნაცვლად ამისა, თანამედროვე ანთოლოგიური პროექტების მსგავსად, ამ წიგნების არსებითი სტრუქტურაც უფრო აღრიცხვითი ხასიათისაა, ხოლო მისი გრამატიკა - შემაკავშირებელი: არა ეს იმაზე მაღლა ან ეს იმაზე დაბლა ან ეს იმიტომ რომ ის, არამედ ეს და ის და ისიც და ისიც (გარდა იმისა, რომ უფრო სასიამოვნო წასაკითხია ტექსტი, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რატომაც არის ამდენი სია ამ სტატიაში გამოყენებული.)

საბოლოოდ, სიცოცხლისგანაც ხომ მხოლოდ მოკლე შესავალი გვრჩება. ჰოდა, რატომ არ უნდა გავლიოთ ის იმ ყველაფრის შესწავლაში, რის შესწავლაც შეგვიძლია?

ძალიან მოკლე შესავლების კოლექციაში, უპირველეს ყოვლისა, მისი აშკარა მრავალფეროვნებაა თვალისმომჭრელი - მსოფლიო მუსიკა! ტიუდორები! ცხოველთა უფლებები! - თუმცა მათი ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ბევრ გამორჩენილ ადგილს დავინახავთ. ამათგან ზოგიერთის ამოვსება ახალი ტომების გამოცემით შეიძლება მომავალში, რამდენადაც ისინი უბრალოდ შედეგია იმისა, რომ სამყაროს დაყოფა უსასრულოდ შეიძლება. ამჟამად შეგიძლიათ წაიკითხოთ მთებისა და უდაბნოების შესახებ, მაგრამ ვერ წაიკითხავთ ეკოლოგიაზე, შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნებს ამერიკის დასავლეთზე, მაგრამ არა ამერიკის სამხრეთზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ შექსპირის კომედიებზე, ტრაგედიებზე, სონეტებზე, მაგრამ ვერ წაიკითხავთ შექსპირის ისტორიების შესახებ.

სხვა თემები, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად არის გამოტოვებული - მაგალითად, სერიის ცოტა არ იყოს სასაცილო ნაკლი არის ათლეტიზმის გამოტოვება. არსებობს ძალიან მოკლე შესავალი სპორტში, ისევე როგორც არსებობს ძალიან მოკლე შესავალი ფილოსოფიაში. თუმცა, ფილოსოფიის გარდა, იქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნები ეპიკურეიზმზე, ეგზისტენციალიზმზე, მეტაფიზიკასა და ჰერმანევტიკაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ 60-მდე სხვა ფილოსოფიურ თემაზე. მაგრამ დღეს ვერ ნახავთ ასეთ წიგნებს, მაგალითად, ფეხბურთზე, თხილამურებზე, კრიკეტზე, გოლფზე ან რომელიმე სხვა ორგანიზებულ სპორტზე. შანსი იმისა, რომ ოდესმე ამერიკულ ფეხბურთზე, კალათბურთზე ან Nascar-ზე ამ გამოცემის წიგნს წაიკითხავთ არც ისე მაღალია, რამდენადაც შესავლების მხოლოდ 25 პროცენტია გათვლილი აშშ-ზე და თემების არჩევისას ცალკეული ბრიტანული წინასწარგანწყობები ჭარბობს. როდესაც სერიის რედაქტორს, ნენსი ტოფს ვესაუბრე, მას ახალი დასრულებული ჰქონდა დავალება - თავისმა ბრიტანელმა კოლეგებმა რომ მისცეს, მაგრამ სკოლის დავალებას რომ გაგახსენებდათ - "დაეწერა ერთ აბზაცი, თუ რატომ არის ბეისბოლი ასეთი მნიშვნელოვანი."

თუკი გაგვიმართლებს, შეიძლება მალე მართლაც გამოჩნდეს ძალიან მოკლე შესავალი ამერიკის ნაციონალურ სპორტის სახეობაში. თუმცა სერიაში არსებული სხვა თემატური სიცარიელეები უფრო მყარი და თვალისათვის შეუმჩნეველია. სერიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, მაგრამ ვერ წაიკითხავთ ეკატერინე II-ის შესახებ, ისევე როგორც შეხვდებით კაფკას, მაგრამ არა ვირჯინია ვულფს; კლაუზევიცს, მაგრამ არა სოჯორნერ ტრუთს; შოპენჰაუერს, მაგრამ არა სიმონ დე ბოვუარს; მაიკლ ფარადეის მაგრამ არა მარია კიურის. პრინციპში, 54 ინდივიდიდან რომლთაც ამ სერიაში შეხვდებით, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა თეთრკანიანია და არც ერთი არ არის ქალი. რედაქტორების თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ბიოგრაფიული შესავლები ძირითადად Past Masters-ის სერიიდან ერგოთ მემკვიდრეობით და რომ დღეს ძალზე იშვიათად გამოსცემენ წიგნებს კონკრეტულად ადამიანების შესახებ. თუმცა, ეს მათი არჩევანია და არა კანონზომიერება და რა ლოგიკაც არ უნდა იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან, იგი სერიას ექაჩება იმავე პოზიციისაკენ, სადაც უკვე ათასობით მსგავსი ანთოლოგიური პროექტია: ქალებისა და ფერადკანიანი ადამიანების გამოცდილება და წვლილი ძლივს ხვდება იმ საგანთა ჩამონათვალში, რომლებიც ადამიანებმა უნდა იცოდნენ.

რატომ არის ბეისბოლი მნიშვნელოვანი? საერთოდაც, რატომ არის რუსული ლიტერატურა მნიშვნელოვანი? რატომ არის მნიშვნელოვანი აბრეშუმის გზა? რატომ - ინტელექტუალური და არა პრაქტიკული თვალსაზრისით - არის მნიშვნელოვანი კბილები? ანდა სხვანაირად რომ ვთქვათ, რას შევიძენთ ან რის შეძენის იმედი გვაქვს, როდესაც წიგნებს წავიკითხავთ ამ ყველაფრის შესახებ?

რაც უფრო იზრდება მოცულობაში ცოდნის ნებისმიერი კომპილაცია, მით უფრო მეტად გვიწევს გავცეთ პასუხი შეკითხვას, რას ემსახურება ამდენი ცოდნა? ღვთის განდიდებას? შეიძლება, თუმცა ის იმავე წარმატებით უახლოვდება მკრეხელობასაც; ბოლოს და ბოლოს ყოვლისმცოდნეობა ღვთის განგების სფეროა. ან იქნებ იმას ემსახურება, რომ შთაბეჭდილება მოახდინო იმპერატორზე, უფროსზე ანდა პაემანზე მოსულ ადამიანზე? იქნებ ძალიან მყიფეა საზღვარი, რომელიც ინფორმაციის ქონასა და თვითკმაყოფილებას შორის არსებობს? გვაქცევს ამდენი ინფორმაციის ქონა ბედნიერად და ზნეობრივად, როგორც ამას დიდრო იმედოვნებდა? ხომ ამის საწინააღმდეგოზე მეტყველებს თავად დიდროს მაგალითი, რომელიც სიღარიბით იტანჯებოდა, ციხეში მოხვდა, უამრავმა მეგობარმა მიატოვა და რომელსაც ცოლი წამდაუწუმ ღალატობდა. გვხდის ის უფრო ბრძენს? ყოველთვის არა. შეიძლება ვულკანებზე იცოდე ყველაფერი, რისი ცოდნაც შეიძლება, მაგრამ ბოლოს მაინც მან მოგკლას.

ცოდნის სასარგებლოდ კლასიკური არგუმენტი, როგორც ამას ასიათასობით ინსპირაციული პოსტერი გვეუბნება, არის ის, რომ ცოდნა ძალაა. თუმცა, ასიათასობით კულტურის თეორეტიკოსი ეწინააღმდეგება ამ აზრს და ამტკიცებს, რომ ამ ორს შორის რთული დამოკიდებულება არსებობს: ძალა, მათ შორის გულისხმობს იმის უნარსაც, რომ განსაზღვრო, თუ რა ითვლება ცოდნად. უხეშად რომ ვთქვათ, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ამ ძალაუფლებამ, რომელიც ტრადიციულად ეკლესიასა და სახელმწიფოს ჰქონდა, მკვეთრად გადაინაცვლა აკადემიისაკენ. შესაბამისად, თანამედროვე ანთოლოგიური პროექტები მიდრეკილია იმისაკენ, რომ უნივერსიტეტებში არსებული იდეები თუ იდეალები აირეკლონ (და ხშირად, ისევე როგორც ძალიან მოკლე შესავლების შემთხვევაში, ისინი სწორედ უნივერსიტეტების ბაზაზე გამოიცემა).

ეს იდეალი სულაც არ არის სწავლა სწავლის გულისთვის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. "საზოგადოება, რომლის წევრებსაც აკლიათ ზოგადი გამოცდილება და ზოგადი ცოდნა, წარმოადგენს საზოგადოებას ფუნდამენტური კულტურის გარეშე," - გვაფრთხილებდა, 1946 წელს გამოცემულ ანგარიშში, პრეზიდენტ ტრუმანის უმაღლესი განათლების კომისია ამერიკული დემოკრატიისთვის - ორგანიზაცია, რომლის სახელიც უკვე ყველაფრის მთქმელია. საზიარო ინფორმაციის შეგროვების, ორგანიზებისა და გავრცელების - ანდა, როგორც მას ათი წლით გვიან ლიტერატურის კრიტიკოსი ე. დ. ჰირში ორაზროვნად უწოდებდა "კულტურული წიგნიერების" - არსი იყო ის, რომ დაეცვათ ამერიკული საზოგადოების კონკრეტული აღქმა; იმ დროისათვის კომუნიზმისაგან, თუმცა, უფრო ზოგადად, ნებისმიერი უცხო კულტურისა თუ ანტაგონისტური იდეისაგან. ხშირად, უბრალოდ დაცვის სურვილი აქტიურ რეკლამირებაში გადაიზრდებოდა ხოლმე, რომელიც იღებდა სხვადასხვა ინიციატივის სახეს დასავლური ღირებულებების გასავრცელებლად. ამ პერსპექტივიდან, ისეთი პროექტები, როგორიცაა ძალიან მოკლე შესავლები ერთგვარი ეპისტემოლოგიური იმპერიალიზმის სახეს იძენს: მცდელობისა, რომ მთელ სამყაროს უკარნახო, რის შესწავლა ღირს და რის - არა.

ამ კრიტიკასაც, რომელიც სავსებით სამართლიანია, თავისი საზღვრები აქვს. აკადემიური წრე არ ჰგავს კათოლიკურ ეკლესიას ანდა ავტოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც სადავო იდეებისათვის შეზღუდულ სივრცეს ტოვებს. ნაცვლად ამისა, ეს არის შედარებით ღია და კოსმოპოლიტური ინტელექტუალური სივრცე, რომელიც უფრო მეტად ახალისებს ახალ იდეებს და გვეხმარება მათ გაგებაში, ვიდრე მათ გაქრობას ცდილობდეს. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ანთოლოგიური პროექტების კრიტიკას თავად ამ პროექტებთან ცოდნის ფუნდამენტურად ოპტიმისტური ხედვა აერთიანებს: ხედვა, რომლის მიხედვითაც ცოდნას შეუძლია, გააერთიანოს ადამიანები, გავლენა მოახდინოს მათ ქცევაზე და შეცვალოს მათი მსოფლმხედველობა.

ეს შეხედულება ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში არსებობდა. არისტოტელედან მოყოლებული, ადამიანები დავობენ იმის შესახებ, იწვევს თუ არა სწორი ინფორმაციის ქონა სწორ ქმედებებს - ანუ, რაღაცის სწორად ცოდნა აუცილებლად განაპირობებს თუ არა იმას, რომ სწორად მოვიქცევით. ძალიან მიმზიდველი კია ვიფიქროთ, რომ ეს ასეა, მაგრამ თუკი გინახავს ეს სამყარო როგორ არის მოწყობილი, გეცოდინება, რომ სულაც არაა საქმე ასე მარტივად. ჩვენ ვცხოვრობთ საპირისპირო არგუმენტების სიუხვის ეპოქაში. ისლამის შესახებ ძალიან მოკლე ან თუნდაც გრძელი შესავლის წაკითხვა სულაც არ ნიშნავს რომ ისლამოფობი აუცილებლად შეხედულებებს შეიცვლის. ანალოგიურად, გლობალურ დათბობაზე შესავლის წაკითხვა ნამდვილად არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებების უარმყოფელი საკუთარ შეხედულებებს გადააფასებს. მართლაც, კვლევა კვლევაზე აჩვენებს, რომ წინასწარ არსებული რწმენების საპირისპირო ინფორმაციის მიიღება ხშირად უბრალოდ აორმაგებს მათ. ჩვენს ფაქტებისადმი გულგრილ ეპოქაში, ოდენის პოეზიის მსგავსად, ხშირად, ცოდნაც ვერაფერს ცვლის.

მიუხედავად ამისა, მაინც შეუძლებელია იმ წარმოდგენის შერყევა, რომ ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - შეუძლებელიც და ამასთანავე, საშინლად უგუნურიც. "რომ შევაფასოთ ცოდნა, როგორც დამოკიდებულება, ის ყველა სხვა დამოკიდებულებაზე მაღლა დგას", - წერს ჯენიფერ ნაიჯელი ძალიან მოკლე შესავლების სერიის ფარგლებში გამოცემულ ყველაზე მეტაფიზიკურ წიგნში "ცოდნა". ყველასთვის უპირობოდ გასაგებია, რომ ცოდნა გაცილებით უფრო მყარი, მნიშვნელოვანი და ეფექტიანია, ვიდრე რწმენები, წარმოდგენები ანდა ეჭვები. რაც არ უნდა იყოს ცოდნა - და ნაიჯელი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მისი განსაზღვრა ურთულესია - ის არც მეორეხარისხოვანია და არც მოსახერხებელი; მას პატიოსანი ურთიერთობა აქვს რეალობასთან. ამიტომაცაა, რომ რეპრესიული რეჟიმები განთქმულები არიან მცდარი ინფორმაციის გავრცელებით. იმან, რაც გვგონია რომ ვიცით, შეიძლება შეცვალოს ის, თუ როგორ მოვიქცევით - ნელ-ნელა, არათანმიმდევრულად, თუმცა საკმარისად.

ცოდნა, ამ გაგებით, შეუცნობელია; ძნელია იმის განსაზღვრა, რას იზამს ან რას ვერ იზამს ის, როგორც კი სამყაროში მოხვდება. სწორედ ეს გახლავთ საკმარისი მიზეზი, იმისთვის, რომ მისი მხარე დავიჭიროთ: მცირე, მაგრამ მაინც არსებობს იმის შანსი, რომ მან იმუშაოს. ის ფაქტიც კი, რომელიც ვერ ახერხებს, რომ გავლენა იქონიოს რამეზე ან ვინმეზე, სულაც არ არის ნაკლებად ფაქტობრივი, ნაკლებად საინტერესო ან ნაკლებად მნიშვნელოვანი. "სულაც არ არის საჭირო, რომ ის კარგად გამოიყურებოდეს, კარგად ისმინებოდეს ან კარგად მოქმედებდეს", - წერდა ტომ სტოპარდი "სიყვარულის გამოგონებაში". "ის სასარგებლოა უბრალოდ ცოდნად ყოფნითაც კი. ხოლო ერთადერთი, რაც მას აქცევს ცოდნად, არის ის, რომ ის სიმართლეა. შეუძლებელია, რომ ის ზედმეტი მოგივიდეს და არ არსებობს იმდენად მცირე, რომ მას მნიშვნელობა არ ჰქონდეს".

ეს შეხედულება შეიძლება ძალიან მოკლე შესავლების დევიზიც იყო. ისინი გვიზიდავს, ვინაიდან სამყარო უზარმაზარი და უცნაურია, საითაც არ უნდა გაიხედო, სიბნელეში ციცინათელას ნათებიდან მოყოლებული და ოდენის იეიტსისადმი მიძღვნილ ელეგიებამდე, ყოველთვის არის რაღაც, რაც ცნობისმოყვარეობას გვიფორიაქებს, ჩვენი არსებობის რაღაც ნატეხი, რომლის გაგებასაც ვცდილობთ. სულაც არ უნდა ყველას, რომ მრავალმხრივ განათლებული იყოს, მაგრამ, ვისაც უნდა, ყველა ფილომატია - ანუ ის, ვისაც უყვარს ცოდნა, როგორც ცოდნა, ვინც მას ამაღელვებლად, სასიამოვნოდ, სანუგეშოდ, თავშესაქცევად, განსაცვიფრებლად და შთამბეჭდავად მიიჩნევს. რაც არ უნდა იყოს Oxford University Press-ის სერიების მსგავსი პროექტის მოტივაცია, ასეთი სიამოვნება მისი განუყრელი ნაწილია; საუკეთესო შემთხვევაში, ანთოლოგიური ნამუშევრები სიცოცხლის ყოვლისმომცველი სიყვარულისგან მომდინარეობს. საბოლოოდ, სიცოცხლისგანაც ხომ მხოლოდ მოკლე შესავალი გვრჩება. ჰოდა, რატომ არ უნდა გავლიოთ ის იმ ყველაფრის შესწავლაში, რის შესწავლაც შეგვიძლია?

P.S: სტატია დაიბეჭდა ჟურნალ The New Yorker-ის 2017 წლის 16 ოქტომბრის ნომერში სათაურით "როგორ გავხდე ყოვლისმცოდნე".

კეტრინ შულცი The New Yorker-ის თანამშრომელია 2015 წლიდან. 2016 წელს მან მიიღო პულიცერის ჯილდო ფიჩერების წერისათვის და National Magazine Award წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთში სეისმური რისკების შესახებ მომზადებული სტატიისთვის "The Really Big One.”