როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი და რას ნიშნავს ზედ დატანილი სიმბოლოები
ფოტო: Vecteezy.com
ეტიკეტი მხოლოდ საკვებ პროდუქტებს როდი აქვს — ყურადღება შეიძლება არ მიგიქცევიათ, თუმცა წყლის ბოთლებზეც გვხვდება იარლიყი, რომელზეც წყლის შედგენილობასა და დამზადებასთან დაკავშირებული დეტალებია დატანილი. სხვათა შორის, ეს ეტიკეტი საკვები პროდუქტების ეტიკეტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ცხადია, ეტიკეტზე სწორი ინფორმაციის დატანა წყლის მწარმოებლის პასუხისმგებლობაა. მეორე მხრივ, სწორედ ამ იარლიყიდან შეგვიძლია გავიგოთ, რამდენად აკმაყოფილებს წყალი უსაფრთხოების სტანდარტებს ანდა რამდენად შეესაბამება ჩვენს საჭიროებებს.
მოდით, განვიხილოთ, რა ინფორმაციაა დატანილი წყლის ეტიკეტებზე და რას ნიშნავს თითოეული სიმბოლო; პარალელურად ეს ყველაფერი შეგვიძლია "მთის" მინერალური წყლის მაგალითზე გავარჩიოთ.
როგორ წავიკითხოთ წყლის ეტიკეტი — მნიშვნელოვანი დეტალები
წყლის ბოთლის ეტიკეტზე, როგორც წესი, რამდენიმე ძირითადი დეტალი შეგხვდებათ. იარლიყიდან ვიგებთ: რა ტიპისაა წყალი, როგორია მისი ქიმიური შედგენილობა და pH, სად და რომელმა კომპანიამ აწარმოვა, რა მასალის მქონე ბოთლშია ჩამოსხმული, როდემდე აქვს ვადა და ა. შ.
მოდით, თითოეული მათგანი და მათი მნიშვნელობა განვიხილოთ:
1. წყლის ტიპი
როგორც წესი, ბოთლზე წარწერაა ხოლმე დატანილი, რომელიც გვეუბნება, რა ტიპისაა წყალი: ბუნებრივი მინერალური, სასმელი წყალი, წყაროსი, გაზირებული თუ სხვა. ეს დეტალი მნიშვნელოვანია და წყლის შედგენილობის ინტერპრეტაციაში დაგვეხმარება. მაგალითისთვის, წყაროს წყალსა და დამუშავებულ სასმელ წყალში მინერალების შემცველობა სხვადასხვანაირი უნდა იყოს.
2. წყლის ქიმიური შედგენილობა, ანუ ძირითადი იონები
ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალია. წყალში, ჩვეულებრივ, იონებია გაფანტული — ატომთა დადებითად (კათიონები) ან უარყოფითად (ანიონები) დამუხტული ვერსიები. შიგნით შეიძლება ბევრი სხვა იონიც გვხვდებოდეს, თუმცა იარლიყებზე, როგორც წესი, მხოლოდ ჩვენთვის ყველაზე რელევანტურებია დატანილი; გარდა ამისა, ზოგიერთი იონის შემცველობა იმდენად მცირეა, რომ ეს ინფორმაცია ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.
"მთის" მინერალური წყლის ეტიკეტზე შემდეგი იონებია დატანილი, თითოეული კი შეგვიძლია ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ:
- Ca²⁺ — კალციუმი; იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მინერალია ბუნებრივ წყლებში; ეს მინერალი ძვლებსა და კბილებს სტრუქტურის შენარჩუნებაში ეხმარება. იგი წყლის სიხამეს ზრდის, ამ სითხეში მისი მაღალი შემცველობა კი შედარებით "მძიმე" გემოს განაპირობებს;
- Mg²⁺ — მაგნიუმი; ეს მინერალი მიწისქვეშა წყლებში ბუნებრივად გვხვდება, ხშირად კალციუმთან ერთად; მაგნიუმი ნერვული და კუნთოვანი ფუნქციებში მონაწილეობს, წყალს კი უფრო გამოკვეთილ გემოს აძლევს. მისი შედარებით მაღალი კონცენტრაცია ზოგიერთ ადამიანში მსუბუქ საფაღარათო ეფექტს იწვევს;
- Na⁺ — ნატრიუმი; ეს წყალში ადვილად ხსნადი იონია, რომელიც ორგანიზმში სითხეთა ბალანსის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს; ნატრიუმის მაღალი შემცველობა წყალს მარილიან გემოს აძლევს. მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებისთვის წყალში ამ მინერალის მაღალი შემცველობა შეიძლება ნაკლებად სასურველი იყოს. სასმელ წყალში ამ იონის კონცენტრაცია 200 მგ./ლ. მაჩვენებელს არ უნდა აღემატებოდეს;
- K⁺ — კალიუმი; წყლებში ნატრიუმთან შედარებით იგი მცირე რაოდენობით გვხვდება; ეს მინერალი ნერვული იმპულსების გადაცემასა და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებაში მონაწილეობს. როგორც წესი, წყალში მისი კონცენტრაცია გემოზე ნაკლებად ზემოქმედებს;
- HCO₃⁻ — ჰიდროკარბონატი; ეს იონი წყლისა და ნახშირორჟანგის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება და ხშირად გვხვდება ბუნებრივ მინერალურ წყლებში; ჰიდროკარბონატი წყლის მჟავიანობას ამცირებს, pH-ის სტაბილურობას უწყობს ხელს და წყალს უფრო "რბილ" გემოს აძლევს;
- SO₄²⁻ — სულფატი; ეს იონი გოგირდის შემცველი ქანების დაშლის შედეგად ჩნდება; წყალს შეიძლება ოდნავ მწარე გემო მისცეს, მისი მაღალი კონცენტრაცია კი ზოგ ადამიანში საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქ დისკომფორტს იწვევს. წყალში მისი დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა 500 მგ./ლ.-ია.
- Cl⁻ — ქლორიდი; ეს ქლორის იონია, წყლებში ბუნებრივად გვხვდება და დეზინფექციისთვის გამოყენებულ ქლორში არ უნდა აგვერიოს; სასმელ წყალში მისი კონცენტრაცია 250 მგ./ლ. მაჩვენებელს არ უნდა აღემატებოდეს;
- F⁻ — ფტორიდი; ეს იონი წყალში ბუნებრივად ხვდება ფტორის შემცველი მინერალების დაშლის შედეგად; დაბალი კონცენტრაციით იგი კბილების მინანქრის გამაგრებას უწყობს ხელს, თუმცა მისი მაღალი შემცველობა ფლუოროზის რისკებთანაა კავშირში. რისკები მატულობს, როცა მისი კონცენტრაცია 1.5 მგ./ლ. მაჩვენებელს აღემატება.
გარდა ჩამოთვლილი იონებისა, "მთის" მინერალური წყლის ეტიკეტზე "0% ბრომატი" წარწერაც შეგხვდებათ. ეს ნიშნავს, რომ წყალში ჯანმრთელობისათვის მავნე BrO3- დეტექციის ზღვარს ქვემოთაა.
იხილეთ: რა არის ბრომატი და რამდენად აუცილებელია მისი 0%-იანი შემცველობა წყალში
3. სრული მინერალიზაცია
ეტიკეტზე შეხვდებით წარწერასაც სრული მინერალიზაცია. ეს იმაზე გვაძლევს ინფორმაციას, რამდენადაა გაჯერებული წყალი მინერალებით, ანუ თითო ლიტრში რამდენი გრამი ან მილიგრამი იონია. ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს, მინერალურია თუ არა წყალი.
4. pH-ის მნიშვნელობა
ეს წყლის მჟავა-ტუტოვან ბალანსზე გვაწვდის ინფორმაციას. Healthline-ის მიხედვით, 7-ის ტოლი pH ნიშნავს, რომ წყალი ნეიტრალურია; <7 ნიშნავს, რომ შედარებით მეტია მჟავიანობა (ანუ წყალში წყალბადის შედარებით მეტი იონია), ≥8 კი ტუტიანობაზე მეტყველებს. სასმელ წყალში pH-ის რეკომენდებული მაჩვენებელი 6,5-იდან 8,5-ამდე მერყეობს.
6,5-ზე დაბალი pH, შესაძლოა, წყლის დაბინძურებაზე მეტყველებდეს, ამიტომ მისი დალევა შეიძლება სახიფათო იყოს. მეორე მხრივ, მოჭარბებული ტუტიანობის შემთხვევაში წყალს შეიძლება უსიამოვნო სუნი ან გემო ჰქონდეს. ორივე შემთხვევაში, შესაძლოა, სითხემ მილები დააზიანოს.
5. ბოთლის მასალის სიმბოლო
ეტიკეტზე ხშირად სამკუთხედი ფორმის სიმბოლოს შენიშნავთ, რომლის შიგნითაც 1 (PET) წერია. ეს პოლიეთილენტერეფტალატია — ერთჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი მასალა, რომელიც სასმელი წყლის ბოთლების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება.
წყლის ბოთლებზე ყველაზე ხშირად 1 (PET) სიმბოლო გვხვდება, თუმცა ზოგჯერ შეიძლება სხვა კოდებიც ვიხილოთ, მაგალითად 2 (HDPE) ან 5 (PP). თითოეული კოდი სხვადასხვა ტიპის პლასტმასას აღნიშნავს და თვისებებიც განსხვავებული აქვს.
6. წყაროს მდებარეობა და მწარმოებელი
წყლის ბოთლზე ასევე შეგხვდებათ ინფორმაცია იმაზე, თუ საიდან მოიპოვეს წყალი ან რა ადგილას, რომელმა კომპანიამ ჩამოასხა. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი მინერალური წყლის შემთხვევაში, რადგან წყლის მახასიათებლებზე მისი მოპოვების ადგილიც ზემოქმედებს.
7. მოცულობა, ჩამოსხმის თარიღი და ვარგისიანობის ვადა
საკვებისგან განსხვავებით, წყალი პირდაპირი გაგებით არ ფუჭდება — ეს უფრო იმ მასალის შენახვის პირობებზეა დამოკიდებული, რომელშიც წყალი ასხია. შესაბამისად, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები გავითვალისწინოთ.
რა წერია "მთის" მინერალური წყლის ეტიკეტზე
მოდით, ეს ყველაფერი ახლა "მთის" მინერალური წყლის ეტიკეტზე ვნახოთ, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები შესაბამისი ციფრებითაა მონიშნული.
- წარწერა გვეუბნება, რომ წყალი მინერალურია;
- ამ ნაწილში ძირითადი იონებია ჩაშლილი, თითოეულის კონცენტრაცია კი ნორმის ფარგლებშია და მგ./ლ. ერთეულში შემდეგნაირია: Ca²⁺ — 49-69; Na⁺ — 21-32; Mg²⁺ — 8-22; K⁺ — 1-2; Cl⁻ — 15-24; SO₄²⁻ — 57-109; HCO₃⁻ — 160-210; F⁻ — <0.4;
- სრული მინერალიზაციის ნაწილი გვეუბნება, რომ თითო ლიტრ წყალში 0.31-0.47 გრამი იონები გვხვდება;
- "მთის" მინერალური წყლის pH 7.1-იდან 7.9-ამდე მერყეობს, ანუ ნორმის ფარგლებშია;
- როგორც ჩანს, ბოთლი 1 PET მასალით, ანუ პოლიეთილენტერეფტალატით, არის დამზადებული;
- "მთის" მინერალური წყალი კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ დაამზადა მცხეთაში, სოფელ ნატახტარში;
- ამ ეტიკეტის მიხედვით, წყლის მოცულობა 500 მილილიტრია; აქვე მიგვითითებენ იმასაც, რომ ვარგისიანობის ვადასა და შენახვის პირობებს მივაქციოთ ყურადღება (ვადები ბოთლებზეა დატანილი).
გარდა ამისა, ვხედავთ წარწერასაც "0% ბრომატი" — გამოდის, წყალში მავნე BrO3- იონები არ გამოვლენილა.
იმედია, სტატიის წაკითხვის შემდეგ უკვე თქვენთვისაც ცხადია, რომ ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტის ეტიკეტი საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვანი დეტალს მოიცავს — ქიმიური შედგენილობიდან დაწყებული, მოპოვების ადგილითა და ბოთლის მასალით დამთავრებული. სწორედ ამ ინფორმაციის ქონა მოგვცემს საშუალებას, რომ სასმელი წყალი უფრო გააზრებულად შევარჩიოთ ხოლმე.
თუკი თავად წყლის დამზადების პროცესიც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ვიდეო იხილოთ, რომელიც "მთის" წყლის ქარხანაში გადავიღეთ:

კომენტარები