მეცნიერებმა იაპონური ხის ბაყაყის (Dryophytes japonicus) კუჭის მიკრობიომის შესწავლისას მიაკვლიეს ბაქტერიას, რომელიც სიმსივნეს ეწინააღმდეგება. ეს გასაკვირი არაა, რადგან ცნობილია, რომ ამფიბიებსა და რეპტილიებს კიბო იშვიათად უვითარდებათ.

სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, შენარჩუნდებოდა თუ არა ეს ეფექტი, თუკი მიკრობებს თაგვების ორგანიზმში გადაიტანდნენ. ამისთვის ბაყაყებში, ტრიტონებსა და ხვლიკებში არსებული 45 შტამი გამოიყენეს. ტესტირებამ აჩვენა, რომ სიმსივნის საწინააღმდეგოდ 9 შტამი მოქმედებდა, მაგრამ ყველაზე ძლიერი სწორედ იაპონური ხის ბაყაყის ბაქტერია იყო — Ewingella americana.

მისმა მხოლოდ ერთმა "დოზამ" თაგვებში სიმსივნე არამხოლოდ დააპატარავა, არამედ მთლიანად გააქრო. მეტიც — როცა 30 დღეში ამ მღრღნელების სხეულში სიმსივნური უჯრედები ხელახლა გადაიტანეს, მომდევნო თვის განმავლობაში კიბო არ ჩამოყალიბებულა.

ანალიზმა აჩვენა, რომ E. americana ორგვარად მოქმედებს: ის სიმსივნურ ქსოვილსაც უტევს და ორგანიზმის იმუნურ რეაქციასაც აძლიერებს. მისი ასეთი ეფექტის განვითარებას მეცნიერები დაბალი ჟანგბადის მქონე გარემოში (მაგალითად, სიმსივნეში) გადარჩენის უნარს უკავშირებენ.

ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ ეს ბაქტერია უსაფრთხოა; იგი თაგვების სისხლიდან მალე გამოიდევნა, ხანგრძლივი ტოქსიკური ზემოქმედება არ გამოუწვევია და არც ჯანმრთელ ორგანოებზე ჰქონია გავლენა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თაგვებში კიბოს ზომის შემცირება ბაქტერიულმა ინიექციამ შედარებით უკეთ მოახერხა, ვიდრე რამდენიმე ისეთმა ქიმიოთერაპიულმა საშუალებამ, რომლებიც ამჟამად გამოიყენება.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ შეიძლება ჩვენს ხელთ ახალი მედიკამენტი იყოს, თუმცა მისი კვლევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. დამატებითი ცდებია საჭირო იმის დასადგენად, იგივე ეფექტიანი ექნება თუ არა მას ადამიანებზე.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Gut Microbes გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.