რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცეს, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დაურღვევია.

"ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია... სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს", — აღნიშნულია აქიმიძისა და დვალის საერთო განცხადებაში.

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეს, 18 ივნისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ამავე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედების გამო 2017 წელს არხი ქიბარ ხალვაშმა ვერ გადაიფორმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხალვაშსს არხის გადაფორმება დღესვე შეუძლია, არხის დირექტორი კი ამბობს, რომ დიდ პალატაში დავის დასრულებამდე მეწილეების ცვლილება იქნება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობა.