რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი რუსთავი 2-ის ეთერში ვლადიმერ პუტინის გინებას გამოეხმაურა. კანდელაკი ტელეგრამში წერს, რომ გაბუნიამ მისი ქვეყნის პრეზიდენტის ბინძურად და ქუჩურად შეურაცხყოფა მიაყენა. გარდა ამისა ჟურნალისტი ამბობს, რომ

"რუსთავი 2-მა , რომლის რეალური ბენეფიციარიც მიხეილ სააკაშვილია, ახლახან მიაღწია ფსკერს და ამაზე ქვევით დაშვება ამიერიდან შეუძლებელია. ერთ-ერთი გადაცემის დასაწყისში ტელეწამყვანი დიდხანს, ჭუჭყიანად და ქუჩურად აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ისე, როგორც ამას აკეთებენ მდაბიო რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან. მიმაჩნია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2, რომელიც 18 ივლისს უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ მფლობელს, ასეთი საქციელის გამო ჩვენი პრეზიდენტის წინაშე უბრალოდ ბოდიში კი არ უნდა მოიხადოს, რა თქმა უნდა, ბოდიში უნდა მოიხადოს საქართველოს ხელისუფლებამაც".

პუტინის გინება, რ2-ის პოზიცია და გამოხმაურებები

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. გაბუნიას ქცევა არხმა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი ეს ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს.

კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ გაბუნიას გინება საფრთხეს ქმნის და ქვეყნის მტრობაა. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე".

რუსთავი 2 ამბობს, რომ გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ამის ფონზე კი რუსთავი 2-თან აქცია გაიმართა, სადაც მოითხოვდნენ, რომ გაბუნიას დაეტოვებინა არხიც და ქვეყანაც. ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ფეიჯები, ასევე, ძალადობრივი ჯგუფები და ქართული ოცნების მხარდამჭერები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ "არ შეარჩიონ გაბუნიას" მომხდარი.