"ხელისუფლება, ნეტავ, ვისი გული გაახარე?!" — ასე მიმართავს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ხელისუფლებას. ის პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ეზეკიელ წინასწარმეტყველი ამბობს: ვინც ხალხის წინააღმდეგ აღმართულ მახვილს დაინახავს და საგანგებოდ ბუკს არ დასცემს, მე უფალი, საბაოთი, მას ვაზღვევინებ დაღუპულთა სულებს! ყოჩაღ, ხელისუფლება! როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხმიგება?" — წერს მეუფე.

მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობას დღეს 9 აპრილი გაახსენა, "როგორ ნადირობდა მტრის სადამსჯელო რაზმები თავისუფლებისათვის მებრძოლი ჩვენი ხალხის მიმართ".

"არ აღმოგაჩნდა პოლიტიკური სიმწიფე, არ აღმოგაჩნდა პასუხისმგებლობა ოდესღაც ნდობით გამსჭვალული, მწარე სვე-ბედისგან დათრგუნული შენი ხალხის მიმართ. რა გითხრა დღეს ქართველმა ხალხმა. სამართლიანად მოგკითხა და გითხრა: ჩემი სამშობლოს მტრის და ოკუპანტის სახე რატომ მანახე ჩემი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის სავარძელში დაბრძანებული. ხალხმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი აზროვნება, შიშველი ხელებით საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვისათვის გამოვიდა და პასუხისმგებლობითა და მზრუნველობით მოპყრობის ნაცვლად, ბარბაროსული მეთოდებით მიმართე ძალის დემონსტრირებას. ნუთუ, ვერ ხვდები, რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს", — აღნიშნავს მთავარეპისკოპოსი ზენონი.

20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდა. საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა რუსი დეპუტატების ჩამოსვლა და ოკუპაცია გააპროტესტეს. მოგვიანებით ოპოზიციამ შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ადგილზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა, აქციის მონაწილეები მათი მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ. რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება ამ დრომდე მიმდინარეობს.