შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. მინისტრის მოადგილემ TV პირველის გადაცემა რეაქციაში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე ისაუბრა.

"ეს არის რთული საქმე და ფაქტობრივად ყოველ თვე თითო ბრალდებულით მეტი გვყავდა ამ სისხლის სამართლის საქმეში. საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ინტენსიურად გაგრძელდება და ვნახოთ თუ რაიმე გამოიკვეთება", — განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, წინ არის მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი და ამავე დროს, გამოძიება არ დასრულებულა:

"ესაა ის ლოგიკური შედეგი, სადაც დიდხნიანი გამოძიების შედეგად, რომელსაც დაზარალებული ძალიან მოთმინებით ეკიდებოდა, აქამდე მივედით. სახეზეა დავით სარალიძის მკვლელი გამამტყუნებელი განაჩენით და სახეზეა ბრალდებული, ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილე".

2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩის კონფლიქტის თანამონაწილე, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დღეს, 4 ივნისს დააკავეს. ერთი დღით ადრე, 3 ივნისს ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დადგა. სააპელაციომ განაცხადა, რომ დავით სარალიძე ბრალდებულმა გ.ჯ.-მ დაუდგენელ პირებთან ერთად მოკლა. გუშინვე შსს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას "ყურადღებით წაიკითხავდნენ" და "სწრაფად იმოქმედებდნენ".

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მკვლელობაში კალანდიას თანამონაწილეობის ეჭვს ამყარებდა.

"სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ", — აღნიშნეს შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა.