საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს თავის სიტყვით გამოსვლაში არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა არაერთ რამეზეა დამოკიდებული და მუდმივად დასაცავია.

მისი თქმით, დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება. მანვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან.

"დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე", — აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მრავალფეროვნებაზე დგას და ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების უფლებებს.

"ამ ქვეყანაში თითოეული მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა და ტრადიციები აღიარებული და დაცულია. თუმცა, სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფო ენასთან. სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების საფუძველია", — განმარტა მან.

პრეზიდენტმა დამოუკიდებლობისთვის აუცილებელ კიდევ ერთ საკითხზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, სტაბილურობასა და ევროპისკენ სწრაფვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამაზე დგას ქვეყნის მომავალი.

"ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. საზოგადოების გათიშვა არ უნდა დავუშვათ. ეს ასუსტებს სახელმწიფოს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს", — დასძინა მან.

მანვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობა მოითხოვს: თავისუფალ აზროვნებას, სიღარიბის დაძლევას, შრომის უსაფრთხოებას, ოჯახში ძალადობის აღკვეთას, გარემოს დაცვას და ა.შ.

"დამოუკიდებლობა დგას აქ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების საერთო ძალისხმევაზე", — დასძინა მან.