"ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო მე ისედაც მკვდარი ვარ", — ასე უპასუხა მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუსის ყოფილ მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორივე მათგანის სიცოცხლე საფრთხეშია. მაჩალიკაშვილის თქმით, თვითონ მოუწევს დაიცვას გოგაშვილის უსაფრთხოება.

"მე მომიწევს ახლა შენი დაცვა, რომ ვინმემ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს იმიტომ რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი რაც თქვენს კისერზე დევს...შენ უნდა იცოცხლო გახსნა ის კარტები რამელი კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დამხობს", — წერს მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე.

ფარული ჩანაწერი სავარაუდო ტერაქტზე

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.

მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

მაჩალიკაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ამით მისი ოჯახის განადგურებას ცდილობენ. ის ამბობს, რომ კარავში რჩება, ბრძოლას გააგრძელებს და თუ დამნაშავეა, მზადაა დააკავონ.

"თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი? 2 თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ? კი მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა?" — აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.