მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა, მორის მაჩალიკაშვილმა მოდულის შენობა დატოვა. მისი ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილის ამბობს, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს.

კუბლაშვილი ამბობს, რომ საქმე გასაიდუმლოებულია, რის გამოც დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. რაც შეეხება გავრცელებულ სატელეფონო საუბარს, ადვოკატი განმარტავს, რომ მათ არ მიუღიათ არც ერთი მტკიცებულება და არც აუდიოჩანაწერისთვის მოუსმენიათ.

"ჩანაწერთან დაკავშირებით და ზოგადი კითხვები იყო ძალიან ბევრი. კითხვები დაისვა იმ შინაარსით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ჩვენს გვერდით, რომ მათ იციან ყველა ინფორმაცია, რაც იციან და რაც არ იციან", — აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, მორის მაჩალიკაშვილს ბრალი წაყენებული არ აქვს და ამის საფუძველი არაა, ამასთანავე, არც მისი დაკავების საფუძველი არსებობს.

სუს-ის განცხადებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა. უწყება ამტკიცებს, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აპირებდა.

მოდულის შენობაში დაკითხვაზე იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილის, რომელიც სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გეგმის მიხედვით, ჩართული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებაში. უწყებამ მათი საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა.

"ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა", — აცხადებენ უწყებაში.

სუს-ის ინფორმაციით, 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე — იოსებ გოგაშვილზე. უწყების მტკიცებით, მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.

უწყების განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე და 323¹ მუხლებით.