შეზღუდული თავისუფლება
მასალა თავდაპირველად გამოაქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ კაკტუს-მედიაზე.
2018 წლის ბოლოს, წინასაახალწლოდ, 20 წლის ლიზას ახალი სამსახურიდან პრემია ჩაურიცხეს, 90 ლარი. აქედან ღამის მუსიკალურ კლუბ ბასიანის ბილეთი 50 ლარად იყიდა, დანარჩენი გადაინახა. ახალი წლის ღამე, 2018 წლის 31 იანვარი, კლუბში უნდა გაეტარებინა და დილით, 8 საათზე, მატარებელზეც არ უნდა დაეგვიანა, მშობლები ელოდნენ მარტვილში.
დილის ექვსი საათი დადგა. ლიზა კლუბის ერთ-ერთი განყოფილებიდან, ჰორუმიდან გამოდიოდა, როდესაც ნახა, რომ მასზე დაახლოებით 10 წლით უფროს მამაკაცს მოძრაობა უჭირდა, კედელ-კედელ მიფოფხავდა. როგორც კი უცნობმა ფხიზელი ლიზა დაინახა, მისკენ გაიწია. ლიზასთვის უცხო მამაკაცი მძიმე აღმოჩნდა და გარშემო მიმოიხედა: ხალხს დახმარება სთხოვა.
"საშინელ ეიფორიაში იყო ის ბიჭი. მე კინაღამ ტირილი დავიწყე, ისეთი სტრესი მივიღე. ხალხს რომ ვეუბნებოდი, დამეხმარეთ-მეთქი, ყურადღებას არ მაქცევდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ თავი მარტო ვიგრძენი".
ლიზას უცნობი მამაკაცი ამშვიდებდა. ეუბნებოდა, რომ საშიში არაფერი იყო. ბოლოს, როცა დარწმუნდა, რომ უკეთ იყო, უცნობი ძირს დასვა, კლუბიდან გავიდა და მატარებლის სადგურისკენ გაემართა.
20 წლის ლიზა თავის თავს "რეივერს" უწოდებს. მისი აზრით, "რეივერისთვის" გადამწყვეტია თავისუფლება: გაბედულება და ოცნება, საოცნებო საგნის თუ მოვლენის მატერიალისტურად წარმოდგენა, მშობლებისგან აღსრულების უფლების მოპოვება ან მათთვის წინააღმდეგობის გაწევა [თუკი მხარს არ უჭერენ შვილის ოცნებას]. მშობლებთან "საქმის მოგვარების" შემდეგ საკუთარი თავის შესაბამისი უფლებებით აღჭურვა, აღსრულების დაგეგმვა, და ამ დამღლელი ეტაპების შემდეგ, საბოლოოდ, აღსრულება. მშობლებს, საკუთარ თავს და მეგობრებს უნდა დაუმტკიცო, რომ იმის გამკეთებელი ხარ, რაც ჩაიფიქრე და რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, მშობლებთან პრობლემები შეგექმნა ან, სულაც, დროებითი კავშირის გაწყვეტა მოგიწია.
მას შემდეგ, რაც თბილისში ახალი და მთელს აღმოსავლეთ ევროპაში პოპულარული ღამის კლუბები გაიხსნა, ლიზასა და მისი მეგობრებისთვის, თავისუფლების აღსრულების ახალი სივრცეები და ექსპერიმენტები გაჩნდა ე.წ. კლუბური ნარკოტიკები.
"რეივერობა" ლიზასთვის არამც და არამც არ არის ვენაში ჰეროინის ან კოკაინის მიღება: ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება მისთვის და მისი მეგობრებისთვის ბნელ 90-იანებს, მათი მშობლების ან უფრო წინა თაობის წარუმატებელ, უმუშევარ წარმომადგენლებს ახსენებს და არ უნდა საკუთარი თავის მათთან გაიგივება.
უფრო პირიქითაა, "რეივერი", ლიზას თქმით, 25 წლამდე ახალგაზრდა, სწორედ ამ თაობის, 40 წელს გადაცილებული ხალხის, ანუ საკუთარი მშობლის და ნათესავების, წინააღმდეგ წასვლას ცდილობს. კლუბი კი ისეთ სივრცეს სთავაზობს, სადაც მას არავინ გაკიცხავს იმისთვის, რომ ენაზე პირსინგი აქვს, ყელზე — მფრინავი ჩიტების გუნდი ან მუსიკალური ნოტები ახატია, ან თავისივე სქესის წარმომადგენელი მოსწონს და მასთან ერთად მშვიდად ტკბობა უნდა, რაც, მშობლების ნაყიდ თუ აშენებულ სახლში, დაუშვებელია.
"შეზღუდული დამოუკიდებლობა ცოტა აბსურდული სიტყვებია, მაგრამ სწორედ ასე შეიძლება დავარქვა ჩემს თაობას. თან თავისუფლებისკენ მივისწრაფით, მაგრამ თან ტრადიციები და მშობლები გვბოჭავს, ფეხებში გვწვდება, როცა საზღვარს გადავდივართ".
პატარა რომ იყო, ლიზა ხმამაღლა არ ამბობდა არც ერთ ახალ იდეას ან სურვილს. ეგონა, რომ სიჩუმე უფრო ნორმალური იყო, ვიდრე თვითგამოხატვა. მაგალითად, სახლის კედლების მოხატვა უნდოდა სხვადასხვა ფიგურებით, მაგრამ ფიქრობდა, რომ მშობლები სახლს მაინც არ "გააფუჭებინებდნენ" და ამის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა.
თინეიჯერობის ასაკიდან კი ნელ-ნელა დაიწყო აზრების გამოთქმა.
17 წლის იყო, როდესაც მუსიკალური ფესტივალი ჯემფესტი დაარსდა. ძალიან მოუნდა იქ წასვლა და მუშაობის დაწყება, მაგრამ ვერც ასაკის გამო მიიღებდნენ და არც მშობლები შეხვედრიან დიდი ენთუზიაზმით შვილის ამ თამამ სურვილს.
"ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამ ჩემთვის მიუღებელი იყო. როცა პირველად მკითხეს, მოსაწევი მქონდა თუ არა ან რა ვიცოდი ამაზე, შეურაცხყოფად მივიღე. მგონია, რომ მე-20 და 21-ე საუკუნის გასაყარზე დაბადებული ბავშვები ნაზავი ხალხი ვართ, არეულ თაობად მიმაჩნია ჩვენი თაობა. სიტყვას ვერ ვპოულობ: განხეთქილებაც შეიძლება იყოს. ბევრი სტერეოტიპია გადმოსული მე-20 საუკუნიდან, რაც ბევრ რამეებში, შეიძლება, გვაფერხებდა და ახლაც გვაფერხებს. ამავე დროს, 21-ე საუკუნის თანამედროვეობაც გვაწვება ზურგზე და რაღაც მიქსი მიიღება ხოლმე".
პირველ ჯემფესტზე ლიზა მშოლებმა არ გაუშვეს. მეორე წელს კი, როდესაც უკვე 18 წლის გახდა, მის ძლიერ სურვილს მშობლებიც დაჰყვნენ და ფესტივალის შტატში მუშაობის ნება დართეს.
ფესტივალზე მუშაობის 33 დღის განმავლობაში კი ბევრი რამ შეიცვალა: ერთ თვეზე მეტ ხანს ახალ ადამიანებთან იყო და მისი საყვარელი ტრიბალის (ფსიქოდელიური მუსიკის ფესტივალი) არაერთი ივენთი გაიმართა.
სწორედ მაშინ გაიხვრიტა ცხვირის ნესტო პირველად.
"ძაან მიხაროდა. ბევრმა მითხრა, ძაან გიხდებაო. უცნობებმაც. ჩემი სიამაყის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ეს ჩემი ფულით გავიკეთე. როცა ნესტოზე საყურე დავიკიდე, მშობლებს, გარკვეულწილად, გადავახტი. ჩემი სურვილი იყო და ჩავთვალე, რომ ღირდა, გამეკეთებინა. მაშინ დამდეს პატივი და არაფერი არ მითხრეს".
ლიზამ მუსიკალურ ფესტივალ ექოვეივზე პირველად ნახა ჩამწკრივებული სამედიცინო პუნქტები იმისთვის, რომ ვინმე ნარკოტიკების მიღებით ცუდად არ გამხდარიყო. სპეციალურ კარვებში ექიმებიც მუშაობდნენ. იქვე იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, ზიანის შემცირების ორგანიზაცია მანდალას ფლაერები: ახალგაზრდა მოხალისეები კლუბური და საფესტივალო ნარკოტიკების მიღების შესახებ უსაფრთხოებაზე ავრცელებნდნენ ინფორმაციას.
ფესტივალის განმავლობაში ლიზამ არაერთი შემთხვევა ნახა, როდესაც ახალგაზრდებმა ე.წ. ბიო მიიღეს და ცუდად გახდნენ. ასეთ დროს ლიზა სიტყვა "ბიოს" გუგლავდა და კითხულობდა ყველაფერს, რასაც საძიებო სისტემა ამოუყრიდა.
ბევრ მის ტოლ და ოდნავ უფროს ახალგაზრდაში ნარკოტიკების მიღება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
"უმეტესობა რაღაცას იღებს. ფხიზლადაც ბევრი "გულაობს". "ძალიან ბევრი მოსულა ჩემთან და უთქვამთ: "შენ რაღაც ნარკატა გექნება, ისე ხარ". ვეუბნები, რომ არაფერი არ მაქვს მიღებული, მუსიკაზე ვცეკვავ და ხელებს მიკოცნიან, როცა იგებენ, რომ ფხიზლად ვარ".
შენს თაობაში ყველაზე გავრცელებული რომელი ნარკოტიკია?
MDMA/ექსტაზი ყველაზე გავრცელებულია. LSD-ც. ამფეტანიმიც, რომელიც ყველაზე ცუდია. კოკაინზეც იყო საუბარი. ერთმა უცხოელმა მკითხა, სად ვიშოვო საქართველოშიო. "ემბაუმი" და "სპონჯბობიც", მაგრამ ეგენი ნაკლებად. მოსაწევს, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ეწევა.
"მოსაწევში" რას გულისხმობ?
მარიხუანას.
ლიზა თითქმის ყოველ პარასკევ საღამოს დადის ღამის კლუბებში, მაგრამ ამბობს, რომ თავად არასოდეს გაუსინჯავს არც ერთი ნარკოტიკი, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო სულ იყო და არის ხელმისაწვდომი. ლიზასთვის "რეივერობა", პირველ რიგში, კლუბებსა და მუსიკალურ ფესტივალებში ხშირად სიარულსა და ტექნო თუ ჰაუს მუსიკით ტკბობას ნიშნავს, ხშირად მარტო, მაგრამ არც თუ ისე ფხიზელი მეგობრების, ნაცნობებისა თუ უცნობების გარემოცვაში.
ყველაზე პოპულარული "კლუბური ნარკოტიკები", MDMA/ექსტაზი, GHB, კეტამინი, როჰიპნოლი, მეტამფეტამინი, უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში, რომლებიც მათ კლუბურ გარემოში, ელექტრონული მუსიკის ფონზე, გასართობად იღებენ. ნარკოტიკები მათ ცეკვისა და გართობის დროს ენერგიასა და ფიზიკურ გამძლეობას ჰმატებენ, სოციალურად და სექსუალურად უფრო ღიასა და გამბედავს ხდიან.
"კლუბური ნარკოტიკები" ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც ქიმიური შემადგენლობითა და ფარმაკოლოგიური თვისებებით, ასევე ჯანმრთელობაზე შესაძლო ზეგავლენით. მთელ მსოფლიოში კლუბურ ნარკოტიკებს სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს. იცვლება თვით ამ ნივთიერებების შემადგენლობა და უფრო და უფრო რთული ხდება ახალი შემადგენლობების მონიტორინგი.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა არსებობს, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოკვლეულია, სწორედ იმიტომ, რომ ნარკოტიკების წარმოების უკანონო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და იცვლება, მეცნიერება კი ახალ-ახალი დიზაინის ნარკოტიკების გამოკვლევას ვერ ასწრებს: უფრო და უფრო რთული ხდება ასობით ახალი შემადგენლობის ნივთიერებების მონიტორინგი.
ლიზა და მისი მეგობარი ერთ-ერთ ფსიქოდელიურ ივენთზე ტრიბალზე იყვნენ, როცა ლიზამ ხელები მოიხატა, მისმა მეგობარმა კი - LSD-ს პლასტირი დაიკრა ენაზე, შემდეგ ლიზას მოხატული ხელები აიღო, ფერადი განათების წინ გააჩერა და ცოტა ხანს უყურა.
"ნახევარი აბი მიიღო და მე ვუთხარი, რომ ცოტა ნაკლები მიეღო".
ასე გაჩდნენ ლიზას ცხოვრებაში მეგობრები, რომლებიც ღამით, მესენჯერში, წერდნენ.
დღეს ნებისმიერ ივენთზე ლიზა მათი უმრავლესობისთვის სრული განაკვეთის trip sitter-ია [ფხიზელი ადამიანი, რომელიც თრობის ქვეშ მყოფ მეგობარს მეთვალყურეობს].
მუსიკალურ ფესტივალ Open Air-ზე მისმა მეგობარმა ნარკოტიკი მესამედ მიიღო და ეიფორიაში იყო. მარტო დარჩენის ეშინოდა და ლიზას სთხოვა, მარტო არ დაეტოვებინა: მთელი ლისის ტერიტორია ერთად მოიარეს. სხვა მეგობარმა, სხვა ივენთზე, მარკა დაიკრა ენაზე და ცოტა ხანი ხეს მიეყრდნო. ლიზა კი იჯდა და დაახლოებით საათნახევარი მეგობარს მეთვალყურეობდა.
ჯანმრთელობაზე გავლენა იციან შენმა მეგობრებმა?
დიდად არ აინტერესებთ, იმდენად მოსწონთ.
შენ გქონია სურვილი, რომ რამე მიგეღო?
შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მეც დღემდე ვერ გავრკვეულვარ, რატომ არ ვიღებ. ერთადერთი ის არის, რომ ყოველთვის მეშინია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას. კარგი რომ არ არის, ვიცით, მაგრამ გასინჯვა და ერთხელ დაგემოვნება არ არის იმდენად გამანადგურებელი. თუმცა, მე მიხარია, რომ შემიძლია მუსიკას ფხიზელ მდგომარეობაშიც მოვუსმინო და რაღაც მომენტებში, დამბურძგლოს კიდეც, მუსიკის მოსმენისგან მიღებული სიამოვნებისგან.
დიდი ხანია, რაც ლიზას ახლო მეგობარი სთხოვს, რომ მასთან ერთად მიიღოს LSD (ძლიერი ჰალუცინოგენი).
"მეც დამეხმარებიო, მეუბნება. ძალიან უნდა, რომ მეც “გამისწორდეს,’ მასთან ერთად. უნდა, რომ ეს გამოცდილება ერთად გავიაროთ. ჯერ-ჯერობით უარზე ვარ. როცა ამაზე ვფიქრობ, სულ დედაჩემი მახსენდება: არ მინდა, მისი ნდობა გავტეხო".
დედაშენს რომ გაუზიარო შენი სურვილი, არ გაიგებს?
არა მგონია. ძალიან ეწყინება და ინერვიულებს.
დედას, მართალია, ლიზასთვის პირსინგზე ხმამაღლა არ უსაყვედურია, მაგრამ ეს საქციელი ახალგაზრდა გოგოს მარტივად არ შერჩენია, ნესტოებზე ჩამოკიდებული საყურის გამო დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ ოჯახის ახლო ნათესავები. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მასზე გამოთქმულ სიტყვა "ბოზისთვის" მოუკრავს ყური ისე, რომ მთქმელებს არ გაუგიათ, რომ ადრესატს ესმოდა.
42 წლის მამა კი 20 წლის შვილს ხშირად უმეორებს:
"ჰე, აბა ახლა კიდევ რას გაიკეთებ?"
ლიზას თმის წითლად შეღებვაც უნდა, მაგრამ აპირებს, რომ ცოტა ხანი გამოუშვას მშობლებისთვის უსიამოვნო ამ ორ ქცევას, პირსინგის გაკეთებასა და თმის წითლად შეღებვას შორის.
კომენტარები