მთავრობის კანცელარიის წინ ელექტროსკუტერების მფლობელები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ახალ რეგულაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ბათუმის ბულვარსა და სხვა პარკებში ელექტრომობილებით სიარული იკრძალება.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლებია სეზონურად ელექტროსკუტერებს აქირავებენ ტურისტებზე, რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. მათივე თქმით, ახალი რეგულაციის შესახებ გაფრთხილებულები არ იყვნენ და მის გადადებას მომავალ წლამდე ითხოვენ.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვალერი კვარაცხელია ყვება, რომ კანონის წინააღმდეგ წასვლა არ უნდათ. ის ითხოვს, რომ სეზონის ბოლომდე მუშაობის საშუალება მისცენ და მომავალი წლიდან ბულვარში სკუტერებს აღარ გააქირავებს.

აქციის მონაწილეებმა ექვსპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც მათ ბათუმის საკრებულოსაც და აჭარის უმაღლეს საბჭოს შესთავაზეს, თუმცა აღნიშნული გეგმის გათვალისწინებაზე უარი უთხრეს. ახლა ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, წასვლას არ აპირებენ.

"ჩვენ ოჯახები გვყავს, ბანკში ვალები. ამათ გამოსავალი აკრძალვა ჰგონიათ, რაც არაა სწორი", — თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ექვსპუნქტიანი გეგმის თანახმად ისინი პირველ რიგში რეგულაციის ერთი წლით გადადებას ითხოვენ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ელექტრომობილების რაოდენობას 1300-დან 300-მდე შეამცირებენ. მოხმარებიდან ამოიღებენ ე.წ. ორბორბლიან სკუტერებს, სკუტერების სიჩქარეს 20კმ/სთ-მდე შეამცირებენ. ამასთანავე, სკუტერებს არ მიაქირავებენ არასრულწლოვნებსა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ბათუმში კვირაში ორჯერ ელექტროსკუტერებით მსვლელობას მოაწყობენ.

პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში მოტოციკლით, კვადროციკლითა და ელექტრომობილით გადაადგილება იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო. აკრძალვა ქალაქში არსებულ ყველა პარკსა და სკვერზეც გავრცელდება. იდეა საინიციატივო ჯგუფ ბათუმის ბულვარს ეკუთვნის და მოტივად უსაფრთხო გადაადგილება და ტურისტებისთვის რეკრეაციულ ზონაში უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელდება.