ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, სტატისტიკით განსაზღვრული საარსებო მინიმუმი არც ერთი ოჯახისთვის საკმარისი არაა.

"სტატისტიკური მაჩვენებელი რიცხვია უბრალოდ, რომელმაც დაკარგა რეალობასთან კავშირი. საარსებოდ არ არის საკმარისი ეს თანხა არც ერთსულიანი ოჯახისთვის, არც ხუთსულიანი ოჯახისთვის და არც არანაირი ოჯახისთვის, რომლითაც ეს ე.წ. საარსებო მინიმუმი განისაზღვრება", — განუცხადა ზოიძემ რუსთავი 2-ს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მარტის თვის საარსებო მინიმუმი განსაზღვრა, რომელმაც 181 ლარი შეადგინა. ეს მონაცემი ორი ლარითაა მეტი წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 288 ლარია, ოთხსულიანი ოჯახის 321 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის კი 361 ლარი.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი სტატისტიკურ მონაცემია და არა რეკომენდაცია:

"არ არის საკმარისი და, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის იქნებოდა საკმარისი. საარსებო მინიმუმი არის სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებელი და არა საკუთრივ იმის დამადასტურებელი ან რეკომენდაცია, რომ ეს უნდა იმყოფინოს ოჯახმა".

მისივე თქმით, მეთოდოლოგია დაწესებულია წლების წინ და იმისათვის, რომ მოხდეს მთელი რიგი ეკონომიკური პარამეტრების სტატისტიკური ანალიზი, ამიტომ გამოიყენება ერთი და იგივე მეთოდოლოგია.