ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საწარმოების ზარალმა, ჯამურად, თითქმის 2 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წლევანდელი ბიუჯეტის მეხუთედია. 2018 წელს მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, ამ დროისთვის სახელმწიფოს სულ 236 საწარმო ეკუთვნის. 116 საწარმო ცენტრალური მთავრობის განკარგულებაშია, ხოლო 120 კი მუნიციპალური ერთეულების. 236 საწარმოდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 68 საწარმო, რომელთა ბრუნვა მთლიანად სახელმწიფო საწარმოების ჯამური ბრუნვის 90 პროცენტს აღემატება.

2017 წელს საქართველოს სახელმწიფო კომპანიების ზარალი 562 მილიონი ლარია. ამავე წელს სახელმწიფო კომპანიების ჯამური აქტივები 3 პროცენტით, ხოლო კაპიტალი 7 პროცენტით შემცირდა. 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების შემოსავალი ჯამურად 10 პროცენტით გაიზარდა. ხარჯების ზრდამ წილობრივად შემოსავლებს გადააჭარბა. ამ შემთხვევაში ზრდა 12 პროცენტი იყო. რეკორდულ ნიშნულს მიაღწია სახელმწიფო კომპანიების ვალდებულებებმა და ამავე კომპანიების ჯამურ კაპიტალთან მიმართებაში 132 პროცენტს მიაღწია.

2017 წლის ზარალის მთავარ მიზეზად ფინანსთა სამინისტრო ორ ფაქტორს ასახელებს:

თბილისის შემოვლითი რკინიგზა

ფოტო: 1tv.ge

  • გამოიყოფა რკინიგზის საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების ჩამოწერა. საუბარია, თბილისის შემოვლით რკინიგზის პროექტზე, რომლის მშენებლობა 2010-2012 წლებში მიმდინარეობდა. წინა წლებში ეს პროექტი დაკონსვერდა. საბოლოოდ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე 200 მილიონი ლარი ფუჭად დაიხარჯა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივების ჩამოწერა შედგა. აუდიტის შედეგად რკინიგზას 382 მილიონი ლარის აქტივები ჩამოეწერა;
  • ზარალის მიზეზად, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაგეგმილზე ნაკლები შემოსავალი სახელდება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომელიც სრულად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია, 2017 წელს დაგეგმილზე 250 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

ცხადია, მსხვილი აქტივების ჩამოწერამ და შემოსავლების სიმცირემ მნიშვნელოვნად განაპირობა სახელმწიფო კომპანიების წამგებიანი წელი, თუმცა 2017 წლის გარდა, სახელმწიფო კომპანიები წამგებიანი იყო, წინა ხუთი წლის განმავლობაშიც. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო კომპანიების წამგებიანობა, მხოლოდ მოყვანილი არგუმენტებით ვერ აიხსნება.

საყურადღებოა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა წელი მოგებით ბოლოს 2012 წელს დაასრულეს, მაშინ სახელმწიფო საწარმოების მოგება 150 მილიონს აღემატებოდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების რიცხვი მუდმივად მცირდებოდა. ამ დროისთვის ასეთი კომპანიების რიცხვი ისტორიულ მინიმუმზეა.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები, ოპერირებენ როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ასევე, სააქციო საზოგადოების სახით. არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო კომპანიას კერძო მენეჯმენტი მართავს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს კომპანიები სხვადასხვა სამინისტროებისა და სსიპ-ები (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ზედამხედველობის ქვეშ არიან.

ბოლო ხუთის წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ამ კომპანიების დასახმარებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებიც. ბოლო ხუთ წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებში 1,4 მილიარდი ლარი გადარიცხა. ამ თანხის ნაწილი კომპანიებში ირიცხებოდა, როგორ კაპიტალ დაბანდება ან როგორც სუბსიდია.

მიუხედავად დიდი ოდენობით საბიუჯეტო დახმარებისა, ამ წლების განმავლობაში იზრდებოდა სახელმწიფო კომპანიების ფინანსური ვალდებულებებიც. 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ვალდებულებები 72 პროცენტით გაიზარდა, ამავე პერიოდში, ჯამური კაპიტალი მხოლოდ 16 პროცენტით.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების ვალს, ქვეყნის მთლიან საგარეო ვალში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ამ საწარმოების ჯამური ვალდებულებები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 18 პროცენტია, რაც, ასევე, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარია.

2012 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 1,2 მილიარდი ლარით გაიზარდა სახელმწიფო კომპანიების ჯამური ხარჯებიც.

2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ჯამური ბრუნვა 3 მილიარდ ლარს აღემატებოდა, ამ თანხის უმნიშვნელოვანესი ნაწილი 68 უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიაზე მოდის. ფისკალური რისკების დოკუმენტით 68 ყველაზე უმმსხვილესი სახელმწიფო საწარმოდან 59 მომგებიანობის კოეფიციენტს ვერ აკმაყოფილებს. ამავე 68 კომპანიიდან 29 საწარმო ფინანსთა სამინისტრომ შეაფასა როგორც მაღალ რისკიანი. მაღალ რისკიანი კომპანიების ჯამური ფინანსური დავალიანება მშპ-ს 12 პროცენტს (4,5 მილიარდი ლარი) უტოლდება.

ფოტო: ფისკალური რისკებბის ანალიზი

საშუალო რისკიან კომპანიებად ფინანსთა სამინისტრომ 28 საწარმო მიიჩნია, ასეთი საწარმოების ჯამური ვალდებულება მშპ-სთან მიმართებაში 4,5 (1,7 მილიარდი ლარი) პროცენტია.

მონაცემთა დაჯამებით გამოვიდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ზარალი 1,9 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში ფინანსური ვალდებულებები გაიზარდა 2,9 მილიარდი ლარით. ასევე, 1,2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი ამ საწარმოების ხარჯი. ბოლო ხუთ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კომპანიებისთვის გადარიცხული თანხა 1,4 მილიარდ ლარს უტოლდება.

სახელმწიფო საწარმოებში და შვილობილ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 60 ათასს აღემატება. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები ზარალიანობის გარდა, გამოირჩევიან ამ კომპანიის ხელმძღვანელ პირთა ანაზღაურების სიდიდით. რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის მმართველი ამავდროულად მთავრობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერები არიან.

მაგალითად:

  • საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე. იმ კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელმაც წელი 440 მილიონზე მეტი ზარალით დაასრულა 2017 წელი თანამდებობრივ სარგოდ 300 ათას ლარამდე აიღო (თვეში 24 500 ლარი). ამ თანამდებობაზე მუშაობისას საგანელიძის ჯამური ანაზღაურება 700 ათას ლარს აღემატება;
  • საგანელიძის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერების სიაში დავით ფერაძეა. საქართველოს რკინიგზის დირექტორმა 2017 წელს ხელფასის სახით ფერაძე თვეში დაახლოებით 15 ათას ლარს გამოიმუშავებდა. იმავე წელს კომპანიამ 2017 წელს 350 მილიონი ლარი იზარალა;
  • უფრო მაღალია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის ანაზღაურებაც. 2016 წელს სულხან ზუმბურიძის ანაზღაურება 341 ათასი (თვეში 28 000) ლარი იყო. იმავე წელს კომპანიის ზარალი 300 მილიონ ლარს ეღამატებოდა.

2017 წლის მონაცემებით ყველაზე წამგებიანი საწარმოების ტოპ 5