უზენაესი სასამართლოდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება. მსვლელობის ორგანიზატორი ახალი საარჩევნო ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებია". ბლოკის მხარდამჭერები და წევრები აპროტესტებენ ქართული ოცნების კანონპროექტს უზენაესის მოსამართლეებით დაკომპლექტების შესახებ და მოითხოვენ, რომ წავიდეს ე.წ. კლანი.

აქციის პარალელურად პარლამენტში ის კანონპროექტი განიხილება, რომელსაც დემონტრანტები აპროტესტებენ. მსვლელობაში მონაწილეობას იღებს ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. დოკუმენტი 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კომისიის დასკვნებთან დაკავშირებით უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს და დეპუტატებს. რეკომენდაციები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ უნდა განეხილა, თუმცა, ოპოზიციის მოთხოვნის და შემდგომ უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე, განხილვა დღეისთვის, 18 აპრილისთვის გადაიდო.