თბილისს უხდება ხეები — სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გარემოსთვის გაიფიცნენ
ორგანიზაცია ახალგაზრდა მწვანეებისა და არაფორმალური ჯგუფის, ვინ'მეს ორგანიზებით, თბილისში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილი ერთი დღით გაიფიცა. ისინი სასწავლო დაწესებულებების ნაცვლად რუსთაველის მეტროსთან მივიდნენ და გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი ინსპირაციის წყარო 16 წლის ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგია, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.
აქცია-მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან შეჩერდნენ და მოსწავლეებს მიმართეს. პარლამენტი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე გაიარეს და თბილისის საკრებულოსთან მანიფესტი წაიკითხეს.
"დღეს ჩვენ უარს ვამბობთ სასწავლებელში მისვლაზე, რადგან ვგრძნობთ, რომ სკოლისა და უნივერსიტეტის კედლები ვერ დაგვიცავენ მომწამვლელი ჰაერისგან, ტყვიისგან საკუთარ სისხლში, გახშირებული კატასტროფებისგან და დამღუპველი პოლიტიკისგან, რომელიც ჩვენს მომავალ ცხოვრებას უფსკრულისკენ მიაქანებს", — თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თამარ ჯაყელმა.
სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. მათ შორის: თბილისში ტრამვაის გაყვანა, ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლება, მთაწმინდის ფერდობების განადგურებისა და მათზე მშენებლობის შეწყვეტა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობა, რეკრეაციული ზონების, საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტა და ჰესების მშენებლობების გაჩერება, ამის ნაცვლად კი არსებული ჰესების შეკეთება.
აქციის ყველაზე პატარა მონაწილეები, 11 წლის მართა და 11 წლის ბასილი იყვნენ. ისინიც სხვების მსგავსად, გარემოსთვის გაიფიცნენ და სკოლაში არ წავიდნენ.
"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ მინდა თბილისი იყოს მწვანე და არა კორპუსებით სავსე. მინდა, თბილისში იყოს სუნთქვის შესაძლებლობა და არ იყოს გამონაბოლქვი. ასევე მინდა, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გვქონდა", — თქვა 11 წლის ბასილიმ.
"მე აქ იმიტომ ვარ, რომ თბილისში არის ძალიან ბევრი კორპუსი, ხეები საერთოდ არ არის და ჰაერი ძალიან დაბინძურდა. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ქალაქი, ჩვენ გვინდა რომ იყოს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე. ჩვენ არ გვჭირდება ამდენი კორპუსი, ჩვენ გვინდა ხეები, სუფთა ჰაერი და სიცოცხლე", — აღნიშნა 11 წლის მართამ.
სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მსვლელობა მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთხელ წაიკითხეს მანიფესტი. შემდეგი, უფრო მასშტაბური აქცია კვირას, 21 აპრილს, რუსთაველის მეტროსთან გაიმართება.
საქართველოში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გაფიცვას წინ მსოფლიო საპროტესტო ტალღა უძღოდა. 2019 წლის 15 მარტს მსოფლიოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ. აშშ-ში, დანიაში, შვედეთში, გერმანიასა და მსოფლიოს ათობით ქვეყანაში მოსწავლეებმა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებების უმოქმედობა გააპროტესტეს. საპროტესტო გამოსვლები მსოფლიო სტუდენტური მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც 2018 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი კი შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის პროტესტით დაიწყო.
კომენტარები