კლუბური ნარკოტიკების საიდუმლო დიზაინი
მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორ კაქტუს-მედიაზე.
ღია ვარდისფერი ტაბლეტი სოფიმ ჯერ შუაზე გაყო, დარჩენილი ნახევარი ტაბლეტი კიდევ ერთხელ გადატეხა და ერთი მეოთხედი გადაყლაპა, დანარჩენი კი საფულეში ღრმად გადაინახა.
2017 წლის 3 აგვისტოს ცხელი დღე იდგა. 37 წლის სოფი და მისი სამი მეგობარი მუსიკალურ ფესტივალ ჯემფესტზე გერმანელი დიჯეის სოლომონის მოსასმენად იყვნენ ჩასულები ანაკლიაში. სასტუმროც ფესტივალის ერთ-ერთ სცენასთან ახლოს დაიქირავეს.
ტაბლეტის მეოთხედი სოფიმ ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლამდე ნახევარი საათით ადრე დალია: შესვლის დროს, ტაბლეტს მოქმედება დაწყებული უნდა ჰქონოდა. დაცვის ზედაპირული ჩხრეკა მშვიდობით გაიარა: დაცვამ ჩანთაში ჩაიხედა, მიქექ-მოქექა, მაგრამ საფულეში არ ჩაუხედავს. არც დეტექტორს აუტეხავს განგაშის წრიპინი. დაცვის შესამოწმებელი მოწყობილობა მხოლოდ მეტალის საგნებზე რეაგირებს.
სოფის ეს ტაბლეტი მეგობარმა მისცა და უთხრა, რომ იყო ექსტაზი. თუმცა, არც ეგ იცოდა ზუსტად: უცნობი წარმოშობის ტაბლეტი არანაირ შეფუთვაში არ იყო ჩადებული. შესაბამისად, მის შემადგენლობაზე ინფორმაცია არ არსებობდა. არც ფული გადაუხდია: მეგობარმა საფესტივალო სტიმულატორი აჩუქა.
ყველაზე პოპულარული კლუბური ნარკოტიკები ექსტაზი, GHB, კეტამინი, როჰიპნოლი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში, რომლებიც მათ კლუბურ გარემოში, ელექტრონული მუსიკის ფონზე, გასართობად იღებენ. ნარკოტიკები მათ ცეკვისა და გართობის დროს ენერგიასა და ფიზიკურ გამძლეობას მატებენ, სოციალურად და სექსუალურად უფრო ღიასა და გამბედავს ხდიან.
კლუბური ნარკოტიკები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც ქიმიური შემადგენლობითა და ფარმაკოლოგიური თვისებებით, ასევე, ჯანმრთელობაზე შესაძლო ზეგავლენით.
მთელ მსოფლიოში კლუბურ ნარკოტიკებს სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა იღებს. იცვლება თვით ამ ნივთიერებების შემადგენლობა და უფრო და უფრო რთული ხდება ახალი შემადგენლობების მონიტორინგი. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა არსებობს, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოკვლეულია სწორედ იმიტომ, რომ ნარკოტიკების წარმოების უკანონო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და იცვლება, მეცნიერება კი ახალ-ახალი დიზაინის ნარკოტიკების გამოკვლევას ვერ ასწრებს: უფრო და უფრო რთული ხდება ასობით ახალი შემადგენლობის ნივთიერებების მონიტორინგი.
კლუბური ნარკოტიკების უმრავლესობა (მარიხუანას გარდა), თითქმის ყველა ქვეყანაში აკრძალულია, როგორც რეკრეაციული საშუალება, მათი ნაწილი კი დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო მოხმარების მიზნით, ექიმის დანიშნულებით (მაგ. ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ფენტანილი). მომხარებლებს მათი შეძენა არალეგალურად, შავ ბაზარზე უწევთ, სადაც შემადგენლობის გადამოწმების გზები შეზღუდულია. მომხმარებლები ტყუვდებიან: შესაძლოა, მყიდველს ეგონოს, რომ MDMA იყიდა, მაგრამ ნაყიდ მასალაში სხვა, უფრო საშიში ნარევი იყოს და მოუმზადებელი მომხმარებელი სიკვდილის რისკის წინაშე დააყენოს.
ანაკლიის მუსიკალური ფესტივალიდან ერთი წლის წინ ინდოეთში, გოაში ყოფნის დროს სოფიმ კლუბური ნარკოტიკების მიღების გამოცდილება მიიღო და მშვიდობიანად გადარჩა, მაგრამ ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლამდე მაინც ტაბლეტის მხოლოდ მეოთხედის მიღება გაბედა: იფიქრა, რომ უფრო დიდი დოზა საშიში იქნებოდა. დანარჩენი კი მოგვიანებით უნდა მიეღო.
ფესტივალის განმავლობაში მეგობრები გაიფანტნენ: სოფი სოლომონის სცენასთან არ დარჩა. შედარებით პატარა სცენა აირჩია, სადაც დაახლოებით 30-50 ადამიანი იქნებოდა. მუსიკა იქ უფრო მოეწონა, ცეკვა იქვე დაიწყო და მთელი ღამის გატარებაც იქვე გადაწყვიტა. დილის 3 საათი იქნებოდა, როცა ცეკვაში გართულმა სოფიმ იგრძნო, რომ სტიმულატორის ზემოქმედება გადიოდა. გახსნა საფულე, ამოიღო ტაბლეტის მეორე მეოთხედი და დალია.
ასე გახდა დილის დაახლოებით 8 საათი. აგვისტოს მზე ამოვიდა და აცხუნებდა კიდეც სცენასთან, როცა სოფიმ სახლში წასვლა დააპირა. ამ დროს გაახსენდა, რომ საფულეში მთელი ნახევარი ტაბლეტი იყო დარჩენილი. მთელი საღამოს განმავლობაში მისი დალევა დაგეგმილი არ ჰქონდა, მაგრამ, რატომღაც, გადაწყვიტა, რომ ბოლომდე დაელია.
"არ ვიცი, რატომ ვქენი, ვერ ავხსნი, მაგრამ მთელი ტაბლეტი უკვე ჩემს ორგანიზმში იყო".
ის-ის იყო, ტაბლეტი მოქმედებას იწყებდა. სოფიმ სცენა სულ ცეკვა-ცეკვით დატოვა. სასტუმროში წავიდა, ნომრის კარი გააღო და ჰიგიენის ჩვეული რიტუალის შესრულებას შეუდგა: კბილები გაიხეხა, შხაპი მიიღო და დაიძინა.
სოფიმ დაახლოებით 24 საათის შემდეგ გამოიღვიძა. დაძინებიდან ცნობიერ გაღვიძებამდე მომხდარ მოვლენებს კი მეგობრები მოუყვნენ - თვითონ მკვეთრად არაფერი ახსოვს.
როცა მეგობრები სასტუმროს ნომერში დაბრუნდნენ, სოფი საწოლზე იყო წამომჯდარი. ცარიელი მზერით სივრცეში იყურებოდა, თვალები მიბნედილი ჰქონდა და საგნებს ვერ არჩევდა. მის ბალიშისპირს კი სისხლის ლაქები ეტყობოდა.
"ტუჩები დახეთქილი მქონდა და სისხლი მდიოდა. როგორც ჩანს, კრუნჩხვების დროს დავიკბინე".
თავიდან მეგობრებს შეეშინდათ სისხლიანი კვალის, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ სოფი გარკვეულ შეძახილებზე რეაგირებდა, შედარებით დამშვიდდნენ. საწოლზე წამომჯდარი სოფი ცდილობდა შემოსულ ადამიანებს ყურადღებით დაკვირვებოდა, მაგრამ ახსოვს, რომ თვალის ფოკუსი ერეოდა. იცოდა, რომ ნომერში შემოსული ადამიანები მისი ახლობლები იყვნენ და ცდილობდა, მათ კითხვებზე პასუხი გაეცა.
"სოფი, კარგად ხარ?"
ენა არ ემორჩილებოდა. ცდილობდა, პირის აპარატი ემოძრავებინა, მაგრამ არ იცოდა, ხმოვან ბგერებს გამოსცემდა თუ არა. შეეცადა, რომ ეს პასუხი გაეცა მეგობრებისთვის:
"კარგად ვარ".
მაგრამ არ არის დარწმუნებული, გამოუვიდა თუ არა.
ეს ის დღე იყო, როდესაც ანაკლიაში გაუგებარი ნივთიერების მიღების შემდეგ ერთი გოგო გარდაიცვალა. კარგად გამოღვიძების შემდეგ აღმოაჩინა სოფიმ შეშინებული ოჯახის წევრების ათობით გამოტოვებული ზარი თბილისიდან.
საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე ნარკოტიკებით ზედოზირების შემთხვევები იმატებს. თუ 2014 წელს 528 ზედოზირების შემთხვევა იყო, 2018 წელს ორგანიზაციამ 1 295 ზედოზირების შემთხვევა დაითვალა 16 სერვის-ცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
იკლო ზედოზირების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა. თუ 2014 წელს, ორგანიზაციის დათვლით, 39 ადამიანი გარდაიცვალა ზედოზირებით, 2018 წელს მხოლოდ 10 ასეთი შემთხვევა აღრიცხეს.
ზედოზირების ეროვნულ სტატისტიკას, სადაც მთელი საქართველოს მონაცემები უფრო ზუსტად იქნებოდა ასახული, არც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგროვებს და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მას შემდეგ, რაც თბილისში ახალი მუსიკალური კლუბები: ბასიანი, გალერი, მტკვარი, ხიდი გაიხსნა, თბილისი არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც ელექტრონული მუსიკის და ღამის ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი აღმოსავლეთ ევროპაში.
ადიქტოლოგმა ადა ბესელიამ ამ თემას სამაგისტრო ნაშრომი მიუძღვნა: დაინტერესდა, რატომ დადიოდნენ ახალგაზრდები კლუბებში თბილისში და რა დამატებით სტიმულატორებს იყენებდნენ დროის ისე გასატარებლად, როგორც ეს კლუბის სივრცის იქით, სოციალური თუ სხვა მიზეზებით, შეზღუდული იყო.
16 ახალგაზრდის, რომელთა ასაკი 18-27 მერყეობს, გამოკითხვის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ნარკოტიკის მისაღებად საუკეთესო გარემოა კლუბი, სადაც ხალხმრავლობა და ხმამაღალი (უპირატესად ტექნო) მუსიკაა. სახელიც "კლუბური ნარკოტიკები" აქედან მოდის.
"კლუბი ასოცირდება ჩემთვის ისეთ ადგილთან, სადაც ადამიანს შეუძლია თავისუფალი იყოს, არანაირი შეზღუდვა არა აქვს, არც რასიზმი არის კლუბში, არც სქესის განსხვავება, არც ორიენტაციის განსხვავება, ყველა აკეთებს იმას ზომიერების ფარგლებში, რაც უნდა და ძალიან მომწონს ეს ფაქტი. და არამარტო ეს, მუსიკაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია", — უთხრა ერთ-ერთმა რესპონდენტმა ადას.
გამოკითხული ახალგაზრდებიდან ყველამ აღნიშნა, რომ მინიმუმ, ორ კლუბში დადიოდა, თვეში, მინიმუმ, ერთხელ.
დანარჩენი კითხვები ეხებოდა კლუბური ნარკოტიკების მიღების საფრთხეს.
კვლევაში მონაწილე 16-მა ახალგაზრდამ აღნიშნა, რომ კლუბურ სივრცეში ორი ან მეტი ნივთიერების MDMA/ექსტაზი, ამფეტამინები და სინთეზური კანაბინოიდები გამოყენების გამოცდილება ჰქონდათ. რესპონდენტების უმრავლესობას არასაკმარისი ინფორმაცია ჰქონდა იმ ნივთიერებაზე, რასაც იღებდა. ხშირად ამ ინფორმაციას დილერები ან მეგობრები აწვდიდნენ მომხმარებლებს.
ახალგაზრდებმა თქვეს, რომ მიღებული ინფორმაცია კლუბურ ნარკოტიკებზე შეზღუდული იყო: ხშირად მხოლოდ ნივთიერების სავარაუდო სახელები იცოდნენ, მაგრამ შემადგენლობაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ხშირად, უცნობი ადამიანებისგან უცნობი შემადგენლობის ნივთიერებებს იძენდნენ და იღებდნენ მას ალკოჰოლთან ან სხვა ნივთიერებებთან ერთად.
ამერიკის შეერთებული შტატების წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტი (National Institute on Drug Abuse, NIDA) ახალგაზრდებს აფრთხილებს: იქიდან გამომდინარე, რომ სინთეზური ნარკოტიკები უკანონო ლაბორატორიებში მზადდება, მათი შემადგენლობა და ზემოქმედების ძალა უცნობი და ძალიან განსხვავებულია: შეუძლებელია იმის გაგება, თუ რას შეიცავენ ისინი. შესაბამისად, მომხმარებელი ვერ გათვლის საკუთარი ორგანიზმის რეაქციას უცნობ ნივთიერებაზე.
ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს (Drug Enforcement Agency, DEA) ინფორმაციით, Designer Drugs, ანუ სინთეზური, უკანონო ლაბორატორიებში მიღებული ნარკოტიკები ქიმიურად ოდნავ განსხვავდებიან კანონით დაშვებული მედიკამენტებისგან, მაგრამ ფარმაკოლოგიური ეფექტები იგივე აქვთ. ერთ-ერთი ასეთია ე.წ. აბაზანის მარილები, სინთეზური კათინონები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ დაახლოებით ისე, როგორც კოკაინი, მეტამფეტამინები და MDMA, იგივე ექსტაზი.
ამერიკის შეერთებული შტატების წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის (National Institute on Drug Abuse, NIDA) თინეიჯერებისთვის, მარტივ ენაზე დაწერილ ბლოგში წერია, რომ კლუბური ნარკოტიკები ძალიან ზემოქმედებს ახალგაზრდა, განსაკუთრებით 25 წლამდე ახალგაზრდის ტვინზე და შესაძლოა, ისე შეცვალოს ის, რომ შემდეგ, მცდელობის მიუხედავად, გამოსწორება შეუძლებელიც იყოს.
"ტვინს ისე შეხედე, როგორც ცემენტის გროვას: სანამ არ გამოშრება (ანუ სანამ ტვინი ვითარდება), მისი მოზელა ისევ შესაძლებელია (ისევე, როგორც ნახატში, სანამ გაშრება). მაგრამ მას შემდეგ, რაც ცემენტი გამაგრდება, უკვე მას ვეღარ შეცვლი და ვერც იმ ცვლილებებს უშველი, რაც მასში თხევად მდგომარეობაში ყოფნის დროს შეიტანე.
მსგავსი პროცესები ხდება, როცა თინეიჯერები ნარკოტიკებს იყენებენ მაშინ, როცა თავის ტვინი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ის ცვლილებები უკვე დაფიქსირებულია თავის ტვინში იმ მომენტში, როცა მისი ჩამოყალიბება დამთავრებულია. ნარკოტიკების მუდმივმა მოხმარებამ, შესაძლოა, თავის ტვინის ნეირონებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს და თავის ტვინს ნარკოტიკების მიმართ მოთხოვნილების მაღალი ხარისხი ჩამოუყალიბოს იმ დონემდე, რომ ადამიანმა ნარკოტიკების გარეშე ჩვეულებრივად ვერ იგრძნოს თავი, ჩვეულებრივი შეგრძნებებისთვის ნარკოტიკები სჭირდებოდეს.
"ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ხშირად სწავლის პროცესს ადარებენ: ტვინი თითქოს "სწავლობს", რომ კარგად ყოფნისთვის რაღაც უნდა და სჭირდება. ველოსიპედის ტარებასავითაა: ერთხელ თუ ისწავლე, ვერ დაივიწყებ, ძალიანაც რომ გინდოდეს. იგივეა თავის ტვინისთვის ნარკოტიკებზე მიჩვევა: თავის ტვინი"ვერ ივიწყებს" ამ გამოცდილებას", — წერს აშშ-ს წამალდამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტი ბლოგში თინეიჯერებისთვის.
იქიდან გამომდინარე, რომ კლუბური ნარკოტიკების უმრავლესობა უკანონოდ წარმოებულია, მათი რეალური შემადგენლობის გაგება, დამატებითი ტესტირების ჩატარების გარეშე, შეუძლებელია. საქართველოში ასეთი ტესტირების ცენტრები არ არსებობს.
დოზების არჩევა კი მომხარებლებს უსაფუძვლო ნდობის პირობებში უწევთ.
"რამდენსაც გაძლევენ, მაგას იღებ, რა. წინასწარ, მგონია, რომ [დოზა] არავინ არ იცის", — უთხრა ადას კვლევის ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი ტაქტიკა მეტ-ნაკლები უსაფრთხოებისათვის, რომელსაც მომხმარებლები ასეთ დროს მიმართავენ, არის ის, რომ მიიღონ იმაზე ნაკლები კონცენტრაციით, ვიდრე ეუბნებიან და თუ არ ეყოთ მიღებული დოზა თრობისთვის, მოგვიანებით დაიმატონ.
ზიანის შემცირება
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ნარკოტიკების შემოწმების ტესტ-ცენტრები, სადაც მომხმარებლები თვითონვე მიიტანენ უცნობ ნივთიერებას და შეამოწმებენ, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია მის ინგერედიენტებზე.
2016 წელს ინგლისში, კემბრიჯშირის მუსიკალურ ფესტივალზე პირველად მოხდა კლუბური ნარკოტიკების სახალხო შემოწმება-ტესტირება.
ასეთი შემოწმებები ჩვეულებრივი მოვლენაა გერმანიასა და ჰოლანდიაში და ინიციატორებს იგივეს გაკეთება უნდოდათ ინგლისშიც.
ხალხო შემოწმების კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ნარკოტიკების ღია ტესტირება ხალხს უკანონო ქმედებისკენ - შავ ბაზარზე ნაყიდი ნარკოტიკების მიღებისკენ უბიძგებდა. იდეის ინიციატორი, ფიონა მეშემი, ორგანიზაცია The Loop-ის ხელმძღვანელი, ამტკიცებდა, რომ ეს სასარგებლო იყო მათთვის, ვინც ისედაც, შემოწმებისა და საჭირო ინფორმაციის არქონის პირობებში, იღებდა ნარკოტიკებს.
"ჩვენი მიზანია, რომ ზოგადი ზიანი შევამციროთ ადგილზე და მრავალი სიცოცხლე გადავარჩინოთ", — უთხრა BBC-ს ფიონა მეშემმა, სახალხო შემოწმების ინიციატორმა, რომელიც დიურჰემის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის პროფესორიცაა.
ჩვეულებრივ, ორგანიზაცია The Loop პოლიციელების მიერ უკანონოდ ამოღებულ ნარკოტიკებს ამოწმებს. მომხარებლებს თვითონ მიჰქონდათ ნარკოტიკი, პასუხების მიღების შემდეგ კი შეეძლოთ, თვითონ გადაეწყვიტათ, მიეღოთ თუ არა ის.
ხალხის ნახევარმა, ვინც ნივთიერების ტესტირება გააკეთა, შემდეგ მეშენს განუცხადეს, რომ აღარ მიიღებდნენ შემოწმებულ ნარკოტიკებს.
სანამ ანაკლიის ჯემფესტის დაწყებამდე უცნობი შემადგენლონის ნივთიერებას მიიღებდა, სოფი აცნობიერებდა, რომ არც მან და არც მისმა მეგობარმა, ვინც ტაბლეტი აჩუქა, არ იცოდნენ მისი რეალური შემადგენლობის შესახებ.
შეიძლება მინახავს და ვიცნობ კიდეც [დილერს].
შენმა მეგობარმა და დილერმა განიხილეს ტაბლეტის შემადგენლობა?
არ მგონია, შემადგენლობის ფორმულამდე ჩასულიყვნენ, მაგრამ როცა ვკითხე, "სანდოა თუ არა," მითხრა, კიო.
ასეთი სახის ნდობა რას ეფუძნება?
დილერმა იცის, რომ თავის მუდმივ კლიენტს არ უნდა მისცეს არაფერი ცუდი. მიუხედავად ამისა, მაინც რისკია, ძალიან დიდი რისკი.
იმ გამოცდილებიდან, რომელმაც კინაღამ მისი სიცოცხლე შეიწირა, სოფიმ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო.
თუ მიღება არ გაქვს დაგეგმილი, თან არასოდეს არ უნდა გქონდეს ტაბლეტი: არასოდეს არ იცი, რა დაგიტრიალდება გონებაში და რას იზამ. და რაც მთავარია: არასოდეს, არასოდეს მარტო არ უნდა დარჩე და არ დატოვო ის, ვისთანაც ხარ.
კომენტარები