8 მარტი საქართველოში — ფოტოარქივი
"ქალური ბედნიერების" პოვნა, ყვავილები და სუნამო — მიუხედავად იმისა, რომ დღეს 8 მარტი მსგავს მილოცვებთან ასოცირდება, თავდაპირველად ის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღე იყო. ეს ბრძოლა 1908 წელს ამერიკაში დაიწყო და მალე მთელ მსოფლიოს მოედო.
ქალთა მოძრაობები საქართველოში პირველი რესპუბლიკის დროს გააქტიურდა. ქართველი ფემინისტები ხმამაღლა საუბრობდნენ პრობლემების შესახებ და თანასწორობას მოითხოვნდნენ. თუმცა გასაბჭოების შემდეგ ქალთა დღის მნიშვნელობამ ცვლილებები განიცადა და საბოლოოდ, ჩვენამდე იმ ფორმით მოვიდა, როგორიც ახლაა.
მწირია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ფორმით აღნიშნავდნენ ქართველი ქალები 8 მარტს წლების წინ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში სულ რამდენიმე კადრი ინახება, რომელიც ადასტურებს, რომ ქალები ამ დღეს იკრიბებოდნენ, თუმცა გაურკვეველია საზეიმოდ თუ პროტესტის გამოსახატად.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო ზუგდიდში, 1986 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ მეხუთე ნათელა ქეცბაია, მეშვიდე კუკური ოშხერელი.
რვა მარტის აღნიშვნა მარტყოფში, სოფელ პატარძეულში. ფოტო გადაღებულია 60-იანი წლების ბოლოს.
8 მარტის ღონისძიება ზუგდიდის ბიბლიოთეკაში. სურათზე მიკროფონით ხელში მარინა შედანიაა, მაგიდასთან სხედან აზა გახოკიძე, ნანი სიჭინავა.
8 მარტის ღონისძიება ზუგდიდის საქალაქო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მარჯვნიდან მანანა გვარამია, ქეთი ჯოლია, კლარა ზვამბაია, ინგა ქვარცხავა.
ქუთაისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების თანამშრომელი ქალები 1968 წლის 8 მარტს.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია საბჭოთა კავშირის დროინდელი რამდენიმე პლაკატიც, რომლითაც მთავრობამ ქალებს 8 მარტი მიულოცა.
ერთ პოსტერზე მშრომელ ქალებსა და ყვავილებს ვხედავთ და კომუნიზმში ქალის "მნიშვნელობაა" ხაზგასმული.
დანარჩნები ორი, რომლებიც 1960 და 1964 წელსაა გამოშვებული ცხადყოფს, რომ ამ დროისთვის უკვე 8 მარტი არა ბრძოლის, არამედ ყვავილების დღესასწაულად იქცა.
წლების შემდეგ საზოგადოების ნაწილი რვა მარტს ზრუნვის, ნაწილი კი ისევ ბრძოლის დღედ აღიქვამს. სწორედ ამიტომ დღეს თბილისის ქუჩებში ერთნაირი წარმატებით შეხვდებით ყვავილებით და ტრანსაპანტებით ხელდამშვენებულ ქალებს.
კომენტარები