სწავლა თამაშითა და მიმებით ტრადიციული გაკვეთილების ნაცვლად — მასწავლებელი ფერადი თმით რუსთავიდან
სკოლაში 22 წლის მივიდა, ნახევრად ლურჯი თმითა და მოტივაციით, რომ ბავშვებისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა. ყველა გააკვირვა... ისეთ სტერეოტიპულ გარემოში, როგორიც ხშირ შემთხვევაში სკოლაა, ახალგაზრდა მასწავლებელი ფერადი თმით ყოველდღიურობა არ იყო. პირველივე გაკვეთილზე სწავლების სტანდარტული პროცედურა დაარღვია და ბავშვებმაც მერხებიდან იატაკზე გადმოინაცვლეს.
უკვე მეხუთე წელია დარინკა ხუბაშვილი რუსთავის მე-16 სკოლაში ინფორმატიკას ასწავლის, პარალელურად, სკოლის მენეჯერის ფუნქციასაც ასრულებს. ის საგაკვეთილო პროცესს არაფორმალური განათლების ელემენტებით ტვირთავს, მოსწავლეებს ინფორმაციას კრეატიული ხერხებით გადასცემს და განტვირთვის მიზნით ე.წ. ენერჯაიზერებსაც იყენებს.
დარინკა ხუბაშვილი: "სკოლაში მისვლა არასამთავრობო სექტორში ახალგაზრდებთან მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, თემატურ ბანაკებში ლიდერად მივდიოდი, 7 თვის განმავლობაში უცხოეთში ეთნიკურ უმცირესობებთან სკოლებში ვმუშაობდი. ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს საქმე მომწონდა და გამომდიოდა კიდეც. მოხდა ისე, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ვაკანსია გამოჩნდა.
პროფესიით პედაგოგი არ ვარ, ინჟინერ-ენერგეტიკოსი ვარ, თუმცა, რა წერია დიპლომში ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სურვილი და მოწოდება. ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძო და თქვა, რომ "მე მინდა ვიყო მასწავლებელი", მაგრამ თუ ამ პროფესიას შინაგანად არ გრძნობ, შეუძლებელია, კარგი მასწავლებელი გამოხვიდე.
გაიხსენე შენი პირველი გაკვეთილი სკოლაში, რა მთავარ სირთულეებს წააწყდი, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი?
თავდაპირველად, ბავშვების უნდობლობა ვიგრძენი. პირველი გაკვეთილი მერხებთან არ დამიწყია, წრე შევკარით და პროცესს გაცნობითი ხასიათი მივეცი. მოვუყევი ჩემს შესახებ, თუ რა მუსიკა მიყვარდა, როგორი ხასიათი მქონდა და ბავშვებსაც მოვუსმინე. ასეთი გახსნილობა მოეწონათ და მათი სიმპათია მალევე მოვიპოვე... ჩემთვის არ არის პრობლემა, რომ ბავშვებმა სკამები მერხების გარეთ გამოწიონ, წრეზე დასხდნენ ან დადგნენ. ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია გაკვეთილი მოისმინონ.
ხშირად ხდება ისე, რომ მსგავსს კრეატიულობას, სწორედ, სკოლის სხვა მასწავლებლები ვერ იღებენ და ეწინააღმდეგებიან. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ სხვა მასწავლებლებს სწავლების არაფორმალურ მეთოდებთან დაკავშირებით?
ამ დროს დირექტორის როლი გადამწყვეტია. მან საქმით შემაფასა და არა — თმის ფერით ან რაიმე სხვა ნიშნით. მასწავლებლები ფიქრობდნენ, რომ მომთხოვნი არ ვიყავი, რადგან გაკვეთილს არაფორმალური მეთოდებით ვხსნიდი. თუმცა, შემდეგ ჩემს რამდენიმე გაკვეთილს დაესწრნენ. მიხვდნენ, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ბავშვებს მეტ თავისუფლებას ვაძლევდი. ჩვეულებრივად ვსწავლობთ არაჩვეულებრივი მეთოდებით.
რა ტიპის არაფორმალური აქტივობები გამოგიყენებია სწავლების პროცესში?
ყოველი თვის ბოლოს მე და ჩემი მოსწავლეები ტესტს ვწერთ, თუმცა ეს დღე მხიარულია. ტესტის სრულყოფილად დაწერას ნახევარი გაკვეთილი სჭირდება, მეორე ნახევრის დროს კი "ტომობანას" ვთამაშობთ. კაბინეტში ხელოვნური ცეცხლი გვაქვს, რომლის გარშემოც ვდგებით და სულებს ვიძახებთ. მე, როგორც ტომის ბელადი ვკითხულობ კითხვას და სულები პასუხებს გვეუბნებიან. მას შემდეგ, რაც სულები ტომის ბელადის დახმარებით ყველა კითხვაზე პასუხს გვეტყვიან, აპაჩის ტომის შეძახილებით მადლობას ვუხდით.
შემაჯამებლის დღეს მოსწავლეებს განსხვავებული მეთოდით ვატყობინებ. დიდ ფორმატზე დახატული მაქვს უცხოპლანეტელის თავი მულტსერიალიდან "რიკი და მორტი". შემაჯამებლის წინა გაკვეთილზე ამ ნახატს თვალსაჩინო ადგილას ვაკრავ. ამით ბავშვები ხვდებიან, რომ შემაჯამებელი წერისთვის უნდა მოემზადონ.
როცა მეხუთე კლასში კომპიუტერის აგებულების სწავლა დავიწყეთ, ბავშვებისთვის პირბადეები და ხელთათმანები შევიძინე. ამ ნივთების დახმარებით ჩავატარეთ ოპერაცია "ქეისზე", ანუ გაკვეთილზე კომპიუტერის ქეისი დავშალეთ. მე მთავარი ქირურგი, ხოლო ბავშვები ჩემი სტუდენტები იყვნენ.
გასულ წელს მე-6 კლასში ინფორმატიკის კურსის ბოლო გაკვეთილზე "ინფორმატიკის ჯედაების" კურთხევა ჩავატარე: პატარა სიგელები დავუმზადე და შუქის ხმლები დავურიგე. იდეა ვარსკვლავური ომებიდან ავიღე.
გარდა გაკვეთილის ჩატარების განსხვავებული ფორმატისა, ტესტების შინაარსიც განსხვავებულია, სავარაუდო პასუხებად ხშირად არაორდინალური ვერსიებია მოცემული, მაგალითად, AC/DC.
ასეთი მიდგომით მივიღე შედეგი, რომ ბავშვები ტესტს შიშით არ ელიან, უხარიათ, რომ რაღაც საინტერესოს გაიგებენ. რა მნიშვნელობა აქვს, რომ AC/DC-ის ჩავუწერ სავარაუდო პასუხებში თუ რაიმე სხვას?!
ამ ბევრ საინტერესო სიახლესთან ერთად, შეფასებების განსხვავებული სისტემაც გაქვს, ფეისბუქზე ბევრმა დაგასახელა მასწავლებლად, რომელიც ბავშვებს კრეატიულად აფასებს.
ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე შეფასების საინტერესო და სახალისო მეთოდი, რომელმაც მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია. აპლიკაცია გადმოვიწერე, რომელშიც ჩემი პერსონაჟი შევქმენი. ტესტებს ნიშნის გარდა, ჩემი ემოციებით, მიმებით ვაფასებ. პოზიტიურიც მაქვს, უარყოფითიც. მიუხედავად ჩემი გაბრაზებული სახისა, ეს იდეა მაინც ძალიან მოეწონათ და თავიანთი პერსონაჟებიც შექმნეს.
გარდა იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესში არაფორმალური სწავლების მეთოდები შემოგაქვს, სკოლის გარე აქტივობებიც მრავალფეროვანია. მაგალითად, ტარდება საახალწლო ღონისძიებები, ჰელოუინი. ვნახე ვიდეოები, სადაც ბავშვები უკრავდნენ ელექტრონულ მუსიკას და ცეკვავენ.
დირექტორი გვეხმარება, ის "გვქოქავს", რომ სკოლაში საინტერესო აქტივობები დავგეგმოთ, რომ ეს სივრცე ციხედ არ იქცეს. წელს ჩვენ ჩავერთეთ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტშიც, ვგეგმავთ გამწვანების აქციას, სკოლის ეზოში ხეებს დავრგავთ და მსოფლიოს მწვანე სკოლების რუკაზე მოვინიშნებით.
როგორ გაჩნდა ჰელოუინის ჩატარების იდეა და როგორ მიიღეს მშობლებმა?
დავაზუსტებ, ეს მთლად ჰელოუინი არ იყო. ამ დღესასწაულს მაინც რელიგიასთან აკავშირებენ. ჩვენ ვართ ტოლერანტი სკოლა, ტოლერანტი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით. ბავშვებს მოსწონთ ჰელოუინი, რადგან კოსტიუმებით მოდიან და ერთობიან. მე გამახსენდა მსოფლიოში ცნობილი მოვლენა "ქოსფლეი" ანუ კოსტიუმით თამაში. ნოემბერში შევარჩიეთ ერთ-ერთი დღე და ვთქვით, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლაში კოსტიუმებით მოვიდოდით. მე სამეფო კარის თამაშების ფანი ვარ და დეინერის ტარგარიანის კოსტიუმი შევარჩიე, თავად შევკერე და გაკვეთილს თეთრი მოსასხამით ვატარებდი.
რაც ყველაზე მთავარია, შენ ამბობ, რომ ეს მიდგომები სწავლების პროცესს სერიოზულობას არ უკარგავს და არც ხარისხზე აისახება
თუ სკოლა საინტერესოა, ყველაფერი სკოლის მიერ შეთავაზებული უკვე საინტერესოა. ბავშვებმა იციან, რომ გაკვეთილის გარდა სხვა რაღაცებიც იქნება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავტვირთოთ ბავშვების სხვადასხვა აქტივობებით, რომ ბულინგისთვის და სხვა ნეგატიური ქცევებისთვის ნაკლები დრო დარჩეთ.
ხუთი წელია ასწავლი, შეგიძლია თქვა, რომ შენი თავი იპოვე?
ამ ფრაზას ვეუბნები ყველას. გაკვეთილის ახსნისას მოციმციმე თვალებს უყურებ და ხედავს, რომ ისინი ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავენ. ეს უნდა მოგწონდეს, ენერგიას, პოზიტივის უნდა იღებდე. თუ არ მოგწონს, თუ შენთვის სულ ერთია დილით ადგომა, გაკვეთილის მომზადება, ოთახის მოწესრიგება, მაშინ ეს შენი საქმე არ ყოფილა და უნდა შეეშვა, რაც მალე მით უკეთესი, რომ არც შენ დაიტანჯო და არც ბავშვები.
რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელი?
კარგი მასწავლებლის აღქმა ინდივიდუალურია, ჩემთვის კარგი მასწავლებელი არ არის მარტო ის, ვინც კარგად ხსნის გაკვეთილს. მასწავლებელი მისაბაძი პიროვნება უნდა იყოს, რომელიც იქნება მაგალითი და რომლისგანაც მხოლოდ კარგს თუ შეიძენს ბავშვი. მოსწავლეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო და შენიშვნა ისეთი ფორმით უნდა მისცე, რომ გააგებინო. ბავშვი უკვე პიროვნებაა და ისე უნდა მოექცე, როგორც შენს სწორს და არა შენზე დაბლა მდგომს.
რას ელიან ბავშვები შენგან, როგორი ურთიერთობა გაქვს და გრძელდება თუ არა თქვენი კომუნიკაცია არასასკოლო სივრცეშიც?
მე ბავშვებთან ვმეგობრობ, ისინი ხშირად მოდიან და რჩევას მეკითხებიან. არის საკითხები, რასაც სახლში ვერ ამბობენ, მე მზად ვარ მუდმივად მოვუსმინო მათ და რჩევა მივცე. ამ ბოლო დროს ჩემს თმის ფერზე დავობენ. ვარდისფრად მაქვს თმები და მსჯელობენ ბამბის ნაყინს უფრო ვგავარ თუ მარწყვის იოგურტს. ასევე, დავობენ, შემდგომში რა ფერად შევიღებო, ღია იასამნისფრადო — მთხოვენ.
ინფორმატიკის პედაგოგი ვარ და ხშირად კომპიუტერთან დაკავშირებულ თემებზე მეკითხებიან. ზოგჯერ ჩემი თავი ცოცხალი გუგლი მგონია. კაბინეტში დასვენებაზე სრული ანშლაგია ხოლმე. ერთხელ გავცივდი და როცა სამსახურში დავბრუნდი, მაგიდაზე წერილები დამხვდა, სადაც ჯანმრთელობას მისურვებდნენ და განიცდიდნენ, რომ გაკვეთილზე არ ვიყავი.
ბავშვი — რა ასოციაციები გიჩნდება ამ სიტყვის გაგონებისას, ვინ არიან შენთვის ბავშვები?
მე მაქვს ბავშვების იმედი. მინდა, იმ ბავშვებში, რომლის განვითარებაშიც ჩემი წვლილი შევიტანე, შედეგი წლების შემდეგაც დავინახო. მინდა, რომ რაც ჩემშია და რაც არ მყოფნის, ამ ბავშვებს ჰქონდეთ. მინდა ვუთხრა მოსწავლეებს, იყვნენ უფრო მეტად თბილები და ნაკლებად მიაქციონ ყურადღება ისეთ რაღაცებს, რაც ერთი შეხედვით არასასიამოვნოა. ამ ყველაფერს ცხოვრებაში მნიშვნელობა არ აქვს, უნდა გააკეთონ ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევენ და დაფიქრდნენ, რასაც სხვისთვის აკეთებენ საკუთარი თავისთვის თუ იმავეს ისურვებდნენ.
კომენტარები