კეთებით სწავლება — სამოქალაქო განათლების უპირატესობები
საბა ბედინეიშვილი გურიაში წყალწმინდის საჯარო სკოლაში სწავლობს, 16 წლისაა. ბავშვობიდან ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული, თუმცა აზრი შეაცვლევინეს, ეუბნებოდნენ, რომ ხალხთან კომუნიკაცია არ გამოსდიოდა.
რამდენიმე წელში სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრი გახდა და პროგრამა მომავლის თაობის ფარგლებში დაიწყო პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა. ამბობს, რომ პროგრამამ მის ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა და ისეთი კომპლექსები დააძლევინა, რომლის გამოც თავის ოცნებაზე უარი თქვა.
"პირადად ჩემთვის ბევრი რამე შეიცვალა, სასიამოვნო პროცესია, რომ პრობლემას თავად იკვლევ და მის მოგვარებას ცდილობ. საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპლექსი მქონდა, კომუნიკაბელური ნაკლებად ვიყავი, ამ პროგრამაში ჩართვით, ხშირი შეხვედრებითა და პრეზენტაციებით ეს პრობლემა დავძლიე. ფაქტობრივად, ჩემში გარდატეხა მოხდა", — ამბობს საბა ბედინეიშვილი.
სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელშიც საბა ბედინეიშვილი თავის სკოლელებთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთადაა ჩართული, საქართველოში უკვე 8 წელია არსებობს. ამ პროგრამას ორგანიზაცია PH International-საქართველო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით ახორციელებს. პროგრამის მიზანია სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
პროექტების გაგეგმვა და განხორციელება მოსწავლეებისთვის ყველაზე საინტერესო ეტაპია. ამ დროს ბევრ ახალ ინფორმაციას იღებენ, სწავლობენ, როგორ იწერება საპროექტო განაცხადი, იკვლევენ პრობლემის აქტუალობას, გეგმავენ ბიუჯეტს, ეწევიან ადვოკატირებას თვითმმართველობის დონეზე და მუშაობენ თანადაფინანსების მოპოვებისთვის. ბავშვები გეგმავენ შეხვედრებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და "აიძულებენ" მათ არა მხოლოდ მოსმენას, არამედ მხარდაჭერასაც.
სამოქალაქო კლუბმა სახელწოდებით "პრობლემების ინდიკატორი" ბოლო პროექტში აჭარაში ერთ-ერთ აქტუალურ თემას ადრეულ ქორწინებას მიუძღვნა, პროექტმა მცირე გრანტების კონკურსში გაიმარჯვა და განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსებაც მოიპოვა.
საბა ბედინეიშვილის თქმით, პროექტის მიზანი ნაადრევ ქორწინებაზე თემში ინფორმირებულობის დონის ამაღლება იყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თემში კვლევა ჩაატარეს. გამოიკითხა 273 ადამიანი. კვლევის მიზანი იყო გაეგოთ, რამდენად კარგად იცნობდა ადრეული ქორწინების საკითხთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ადგილობრივი თემი. მოსწავლეები კარდაკარ დადიოდნენ და კითხვარების საშუალებით იკვლევდნენ.
"სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ცნობიერების დონე დაბალია. არ იცოდნენ კანონი, ზოგიერთს ეგონა, რომ ქორწინება მხოლოდ16 წლამდე იყო აკრძალული და შემდეგ შეიძლებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ არასამთავრობოებთან არ დაიჭერდნენ კავშირს, რადგან "ჩაშვებად" მიაჩნდათ. ამბობდნენ, რომ "არ ჩაერეოდნენ". აღმოჩნდა, რომ სწორად შევარჩიეთ პროექტი, რადგან ცნობიერების დონე მართლა დაბალი იყო", — ამბობს საბა ბედინეიშვილი.
კვლევით მიღებული მონაცემების შემდეგ სკოლის მოსწავლეები არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც ადრეული ქორწინების პრობლემასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ამის შემდეგ შეიმუშავეს ფილმის სცენარი და პროექტის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია კადრებად აქციეს.
საბა ბედინეიშვილის სკოლა არ არის ერთადერთი, რომელიც პროექტებს თემში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით ახორციელებს. თბილისის 231-ე საჯარო სკოლამ ტაბახმელაში საგზაო ნიშნების პრობლემასთან დაკავშირებით განახორციელა პროექტი.
ამავე სკოლის კლუბის ლიდერის მარიამ ბექაურის თქმით, ტაბახმელაში საგზაო ნიშნები არ არსებობდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ბავშვებს და ზოგადად, იქ მცხოვრებ მოსახლეობას. მათ წერილით მიმართეს თბილისის მერიას, მოითხოვეს შესაბამისი საგზაო ნიშნების დაყენება და ზებრა გადასასვლელის დახაზვა.
"30-მდე ნიშანი დაგვიყენეს: ავტობუსის გაჩერებები, ბაღთან და სკოლასთან ნიშნულები, სიჩქარის მარეგულირებლები, რამდენიმე დღის წინ ზებრა გადასასვლელიც დაიხაზა", — ამბობს მარიამ ბექაური.
საგზაო ნიშნების პრობლემაზე იმუშავა ქობულეთის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმაც. მათ სკოლასთან ზებრა გადასასვლელი დახატეს და საგზაო უსაფრთხოებაზე სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია დარგის სპეციალისტისა და ტრენინგების დახმარებით მიაწოდეს.
ამავე კლუბის ერთ-ერთი წევრის ვასილ სილაგაძის თქმით, პროგრამა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება.
"სხვადასხვა მიმართულებით ვცდი ჩემს უნარებს, რომ მივხვდე, რა უფრო მომწონს. თავიდან არაფერს არ ვაკეთებდი, ან სახლში ვიჯექი ან გარეთ ვატარებდი დროს, ახლა როცა იცი, რა ხდება შენს ქალაქში მოტივირებული ხარ, რაიმე შეცვალო. კარგი იქნება სხვებიც არ ისხდნენ სახლში. ქობულეთში სკოლებს შორის უკვე კონკურენცია გაჩნდა, შედეგად, ბევრი რამ კეთდება მოსწავლეების დახმარებით", — ამბობს ვასილ სილაგაძე.
ვასილ სილაგაძის მსგავსად მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარ თავში ლიდერის უნარები აღმოაჩინეს.
"გავიგე, რა მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო განათლებას, როგორი უნდა იყოს ლიდერი, როგორ უნდა იმუშავო გუნდურად. ჩემს თავთან ნაკლებად გახსნილი ვიყავი და არ ვიცოდი, ასეთი უნარები თუ მქონდა", — უთხრა On.ge-ს ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლემ ფლორა ჯიქურიძემ.
მან ადგილობრივი თემის დახმარებით, სოფელში არსებული ძველი ნაგავსაყრელი გააუქმა, ნარჩენების გატანის სერვისი დანერგა და ნაგვის ურნებიც დააყენა. ამისთვის, ფლორა ჯიქურიძეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა და პრობლემის სიმწვავეში მათი დარწმუნება მოუწია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლემ, დავით დუმბაძემ პროექტი სკოლებში არსებულ ყველაზე მწვავე პრობლემაზე ბულინგზე მოამზადა და განახორციელა.
"აჭარაში ბულინგი პრობლემური თემაა და არა მხოლოდ აჭარაში. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მედიაში და სოციალურ ქსელებში. ჩანს, რომ ძლიერი ჩაგრავს სუსტს, მოსწავლე ჩაგრავს მოსწავლეს. მნიშვნელოვანია, ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომაა ბულინგი ცუდი და როგორ უნდა აიცილონ თავიდან ჩაგვრა", — ამბობს დავით დუმბაძე.
სწავლება კეთებით
ამ დრომდე სამოქალაქო განათლების პროგრამამ დახმარება 1200-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლას გაუწია, ათიათასობით მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა მათ მიერ ხელშეწყობილ აქტივობებში, როგორიც არის მოსწავლეთა პროექტები სკოლასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მოსწავლეთა მიერ მათ ირგვლივ არსებული პრობლემების კვლევა, თანატოლთა განათლება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან თემებზე და სხვა.
2018 წელს საქართველოს მასშტაბით 230 ახალ სკოლას გაუჩნდა შესაძლებლობა, ჩართულიყო სამოქალაქო განათლების პროგრამაში "მომავლის თაობა".
სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და კეთებით სწავლების უპირატებოსაზე On.ge-ს სამოქალაქო განათლების პროგრამის, "მომავლის თაობის" დირექტორი მარინა უშვერიძე ესაუბრა:
რატომ დადგა ამ პროგრამის შემუშავების საჭიროება, რა იყო ამის განმაპირობებელი?
ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება. განათლების ეროვნულ მიზნებში კი ხაზგასმულია, რომ საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მოქალაქის აღზრდას.
მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე მოქალაქეების გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ თაობას კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული როგორც საკუთარი უფლებები, ასევე მოვალეობებიც. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეები ნიშნავს უფრო ანგარიშვალდებულ მთავრობას, რომელიც მუდმივად საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ იმყოფება.
კონკრეტულად, რა პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს სოციუმში და ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლება და პრაქტიკით სწავლება?
როგორც გითხარით, თეორიასთან ერთად ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ კეთებით (ანუ პროექტებით) სწავლებაზე. მოსწავლეთა პროექტები სამოქალაქო განათლების ხერხემალია. მოსწავლეები თავად ირჩევენ პროექტის თემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია პროექტის წარმატებისთვის და იმისთვის, რომ კარგი სასწავლო შედეგი დაიდოს. მოსწავლეები ძირითადად ისეთ თემებს ირჩევენ, რაც ახალგაზრდებს აწუხებთ ან მუშაობენ პრობლემებზე, რომლებიც მათ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას.
ხშირად სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები თანატოლთა შორის ძალადობის თემით ინტერესდებიან; განიხილავენ, რა შედეგები მოსდევს ძალადობას, ატარებენ გამოკითხვებს, მსჯელობენ თანატოლთა შორის ძალადობასთან ბრძოლის მეთოდებზე; პრობლემის უკეთ წარმოჩენისა და მისი ანალიზის მიზნით წერენ სცენარებს და ამზადებენ ვიდეორგოლებს; საკითხს განიხილავენ მოწვეულ ფსიქოლოგებთან და იურისტებთან ერთად; სწავლობენ, ვის უნდა მიმართონ თანატოლთა შორის ძალადობის ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში.
ასევე ხშირია სასკოლო ბიბლიოთეკების განახლების მცდელობები, მათი გამდიდრება მოსწავლეებისთვის საინტერესო თანამედროვე ლიტერატურით. ხშირად ეს ხდება მაკულატურის შეგროვებისა და ახალ წიგნებში მისი გადაცვლის გზით, ასევე მხარდამჭერების მოძიებით, რომლებიც წიგნებითა და სხვა რესურსებით ეხმარებიან სასკოლო ბიბლიოთეკას.
სკოლებში შექმნილია სასკოლო სამოქალაქო კლუბები. ეს არის დაინტერესებული ახალგაზრდების ჯგუფები, რომლებიც მოხალისეობრივად მუშაობენ სკოლისა თუ საზოგადოებისთვის აქტუალური ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაზე. მოსწავლეთა ინიციატივები ან კლუბების მეშვეობით ხორციელდება, ან სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტების სახით. საკლასო პროექტების უპირატესობა ის არის, რომ მათში კლასიდან ყველა მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
რა წინააღმდეგობებს წააწყდით პროგრამის განხორციელების პროცესში და რჩება თუ არა ეს წინააღმდეგობები დღემდე?
მთავარი წინააღმდეგობა იყო და ხშირად არის სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან საგნის მნიშვნელობის ბოლომდე ვერ გაცნობიერება და შესაბამისად, არასაკმარისი ხელშეწყობა. არადა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მოქალაქის აღზრდა და მისი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სკოლის ერთ-ერთი მთავარი მისიაა. სამოქალაქო განათლება კი ამ მიზნის მიღწევის მთავარი საშუალებაა.
იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანას გაცხადებული აქვს დემოკრატიული განვითარების კურსი, სამოქალაქო განათლება საკმაოდ ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ "საათების შესავსებ" საგნად მოიაზრება. ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგი საგანს ხშირად მხოლოდ ერთი წლით, დროებით ასწავლის. ასეთ შემთხვევაში ნაკლებია პროფესიული მოტივაცია. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმის პედაგოგებს მეტი ხელშეწყობა, მეტი აღიარება სჭირდებათ.
რა მთავარ სარგებელს აძლევს "მომავლის თაობა" მოსწავლეებსა და მასწავლებლებს? გარდა მატერიალური და ტექნიკურისა, სხვა რა არამატერიალურ სარგებელზე შეგვიძლია ვისაუბროთ?
პირველ რიგში, კრიტიკულ ანუ ანალიტიკურ აზროვნებას ასწავლის. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მედიასთან მოსწავლეების თანამშრომლობას ეხება, წარმოჩენილია სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ სხვადასხვანაირად მოყოლილი ერთი და იგივე ამბავი. ასეთი სავარჯიშოებით ჩვენ ვცდილობთ, ვასწავლოთ მოსწავლეებს, თუ როგორ შეხედონ მოვლენას სხვადასხვა კუთხიდან, მოუსმინონ სხვადასხვა მოსაზრებას, შეაფასონ არგუმენტები, კონტრარგუმენტები და მათი ანალიზის შედეგად საკუთარი დასკვნა გამოიტანონ.
რა თქმა უნდა, აძლევს ცოდნას საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების, სახელმწიფო მოწყობისა და სახელმწიფოს მართვაში მოქალაქის მონაწილეობის ფორმების შესახებ.
"მომავლის თაობა" სკოლებს ეხმარება ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდაში და ამზადებს მოსწავლეებს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის.
თქვენ წლებია ამ პროგრამას ახორციელებთ, რას ფიქრობთ, რამდენად არის დაინტერესებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამოქალაქო განათლების სწავლებით და იაზრებს თუ არა ამ საგნის მნიშვნელობას?
ვფიქრობ, სამინისტრო დაინტერესებულია და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კიდეც, თუმცა იმისთვის, რომ სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხი საგრძნობლად გაიზარდოს, უფრო მეტი ხელშეწყობაა საჭირო. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს საგანი ჯერ კიდევ "საათების შესავსებ" საგნად არის მიჩნეული და ასეთი მიდგომა საქმეს უკან წევს. სამოქალაქო განათლების მასწავლებელს უნდა ჰქონდეს იმის მოტივაცია, რომ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს. თუ მან იცის, რომ ამ საგანს მხოლოდ დროებით (ვთქვათ ერთი აკადემიური წლით) ასწავლის და შემდეგ წელს საათებს აღარ მისცემენ (ასეთი შემთხვევები ხშირია) მაშინ პედაგოგი პროფესიულ განვითარებას აღარ ეცდება.
სამოქალაქო განათლება ვერ იქნება ვერც შედეგიანი და ვერც საინტერესო კეთებით სწავლების გარეშე. მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ისინი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობენ და გამოცდილებით, ქმედებით სწავლობენ. სამოქალაქო განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში უფრო და უფრო მეტი აქცენტი კეთდება პროექტულ სწავლებაზე სამინისტროს მხრიდან და ეს სწორია. მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად გადავა პრაქტიკაში ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაკეთებული აქცენტი პროექტული სწავლების შესახებ. ამას დიდი ხელშეწყობა დასჭირდება.
საათების შესავსები საგანი თუ პრიორიტეტი
მოქმედი სასწავლო გეგმით, სამოქალაქო განათლება სკოლებში, როგორც დამოუკიდებელი საგანი მხოლოდ მე-9-მე-10 კლასებში ისწავლება. საგნის დანერგვიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს განათლების სამინისტრო თქვა, რომ ეს ასაკი ამ საგნის სწავლებისთვის დაგვიანებულია, ამიტომ 2018-2019 სასწავლო წლისთვის დაწყებით საფეხურზე ინტეგრირებული ახალი საგანი მე და საზოგადოება შეიტანეს. ასევე გადამუშავდა მე-5-მე-6 კლასებში საგანი ჩვენი საქართველო და სამოქალაქო განათლების კომპონენტი გაძლიერდა.
საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა ფიქრობს, რომ საბაზო საფეხურზეც უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო განათლების სწავლება
"სტანდარტებში შევიდა ცვლილება და უკვე ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით სამოქალაქო განათლების სწავლება დამოუკიდებელი საგნის სახით მე-7, მე-8, მე-9 კლასებში იქნება შესაძლებელი", — უთხრა On.ge-ს ჩიქობავამ.
მისივე განმარტებით, უკვე გამოცხადებულია სახელმძღვანელობის გრიფირების კონკურსი მხოლოდ მეშვიდე კლასისთვის.
"დაახლოებით 22 მარტისთვის უკვე მივიღებთ საკონკურსო სახელმძღვანელოებს, რომლებიც შეფასდება და 2019 წლიდან მე-7 კლასში დაინერგება საგანი მოქალაქეობა, შემდეგ უკვე გამოცხადდება მე-8 მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი. და ასე ეტაპობრივად შევა სამოქალაქო განათლება და მე-3 კლასიდან მე-9 ჩათვლით იქნება უწყვეტად", — განმარტავს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.
ის ამბობს, რომ სახელმძღვანელოები სამ ძირითად მიმართულებას დაფარავს, ეს არის პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია, სამოქალაქო მონაწილეობა და უსაფრთხოება და ინიციატივა და მეწარმეობა.
"მნიშვნელოვანია. საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების გაცნობიერება, იგივე დემოკრატიის პრინციპების დაკავშირება ცხოვრებისეულ სიტუაციებთან, მოგეხსენებათ, რომ ბავშვებს ვამზადებთ, როგორც მომავალ მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, იცოდნენ მიზნები როგორ დაისახონ, როგორ ჩამოაყალიბონ იდეები და როგორ დაგეგმონ ნაბიჯები ამ ინიციატივებისა და იდეების განსახორციელებლად", — ამბობს მარიამ ჩიქობავა.
მისი თქმით, მთავარ გამოწვევად პედაგოგთა კვალიფიკაცია რჩება. ამიტომ სამინისტრო პედაგოგების მომზადება/გადამზადებას აანონსებს.
კითხვაზე, რატომ დასჭირდა 10 წელი სახელმწიფოს სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის გასააზრებლად, მარიამ ჩიქობავა პასუხობს, რომ თუ საზოგადოებას რაიმეს მიმღებლობა არ აქვს, საგნის დანერგვა პრობლემებთანაა დაკავშირებული.
"როცა ეს საგანი სემოვიდა სერიოზული მიდგომა არ იყო, საათების შესავსებად გამოიყენებოდა. სკოლაში ახალი საგნის შესვლას ერთი ან ორი ადამიანი არ წყვეტს, ჯგუფებია ჩართული. ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობთ, რომ სტანდარტი ყოფილიყო ყველასთვის მისაღები და ყველა აქტუალური საკითხი დაეფარა. ასე სწრაფად ვერ ხდება ცვლილებები", — განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.
ის ამბობს, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამამ "მომავლის თაობამ" ფაქტობრივად შეამზადა და გაამყარა ნიადაგი სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების როლის გაზრდისა და გაძლიერებისთვის. ჩიქობავა არ გამორიცხავს "მომავლის თაობასთან" თანამშრომლობას და მსგავს პროგრამებს მიესალმება.
სკოლის მოსწავლეები კი რომლების წლებია "მომავლის თაობის" პროგრამაში არიან ჩართულები, ფიქრობენ, რომ პროგრამაში ჩართვა ყველა სკოლას უნდა შეეძლოს.
სამოქალაქო განათლების პროგრამისა და ზოგადად, ამ საგნის მნიშვნელობაზე საუბრისას საუკეთესო მაგალითი სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავაა, მან წარმატებით დანერგა პრაქტიკაში ის რესურსები და ცოდნა, რომელიც სხვა პროექტების პარალელურად "მომავლის თაობამ" გადასცა. 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და დღეს უკვე მსოფლიოში საუკეთესო მასწავლებლის ტიტულისთვის იბრძვის. მან სრულიად შეცვალა საგნის სწავლების ფორმატი და თეორია პრაქტიკაში პროექტების სახით გადმოიტანა. მ
"მომავლის თაობის" პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე ამბობს, რომ პროგრამამ ლადო აფხაზავას მსგავსი ბევრი პედაგოგი აღმოაჩინა და ხელი შეუწყო სკოლას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების განხორციელებაში.
კომენტარები