საქართველოს საპატრიიარქო ითხოვს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილი, რომელიც მან საპატიმროდან ეპისკოპოსებს დაუგზავნა გაასაჯაროოს.

"სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს".

გარდა ამისა საპატრიარქოს მიაჩნია, რომ გამოძიების მასალებიც უნდა გასაჯაროვდეს და იმედი აქვთ, რომ გამოძიება გამოძიება გამონაკლისს დაუშვებს:

"სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დღეს, 26 თებერვალს დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოთხოვნას გამოეხმაურნენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამავლობას იმ შემთხვევაში აღძრავენ, თუ სასულიერო პირი ბრალს აღიარებს. საპატრიარქო განმარტავს, რომ შეწყალებით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

დეკანოზ მამალაძის წერილი

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მატროსოვის ციხიდან წერილი გაუგზავნა ოთხ სასულიერო პირს: მეუფე პეტრეს, მეუფე ანდრიას, მეუფე დიმიტრისა და მეუფე დავით ალავერდელს. წერილის შინაარსი უცნობია. კურიერის ცნობით, ინფორმირებული ადამიანი ვინც, დეკანოზის გზავნილი წაიკითხა, ამბობს, რომ ციხიდან პატიმარი მღვდელი პატრიარქის ოჯახის ბიზნესინტერესებზე საუბრობს და ილია მეორის დას, დედა ნატალიას ახსენებს.

წერილის ერთ-ერთმა ადრესატმა მეუფე პეტრემ კვირის აქცენტებში განაცხადა, რომ "დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ პატრიარქის გარდატეხა გამოიწვია მისმა მუქარით სავსე წერილმა, რომელშიც ის ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ამხელდა".

მეუფე პეტრეს თქმით, ამ წერილში მამაო, ფინანსურის გარდა, საუბრობდა არაჯანსაღ, მახინჯ მდგომარეობაზე.

"იყო პრეცედენტი, როდესაც მამაომ ასეთი მუქარის შემცველი წერილი გამოგზავნა საპყრობილედან, რომელიც მომივიდა მე და სამ მღვდელმთავარს. მე დავუკავშირდი ერთ-ერთს და ვუთხარი, რომ მამაო რომ ასეთ წერილს წერს, მუქარანარევს და დავარქვი, რომ ეს არის "საეკლესიო ბედუკაძეობა", — განაცხადა მეუფე პეტრემ.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2018 წლის13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.

ამავე თემაზე: