იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საბჭოს ერთ-ერთ წევრის მიერ მოსამართლე ლევან მურუსიძისთვის 15-ქულიან კრიტერიუმში 20 ქულის დაწერა მექანიკური შეცდომაა. იუსტიციის საბჭოს წევრმა სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად გასაუბრების დროს მურუსიძეს ზეპირი კომუნიკაციის უნარში 15-დან 20 ქულა დაუწერა.

"მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე ლევან მურუსიძე 98 ქულით შეაფასა. ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100 არ აღემატება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა", — განმარტავენ საბჭოში.

თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ გაავრცელა. საია-მ დოკუმენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოითხოვა.