რუსეთში არსებულმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა დიზაინერულმა სტუდიამ Art Lebedev ოსეთის ტურისტული ბრენდის შექმნაზე იმუშავა. ახალ კონცეფციაში ჩრდილოეთი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი გაერთიანებულია.

ლებედევის სტუდიის საიტზე წერია, რომ ბრენდი იმ ელემენტებით შეიფუთა, რომლებიც ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის საერთოა. მათ შორის, "უნიკალური ბუნება, მთა-გორები და უგემრიელესი ოსური ღვეზელი". ტურისტულ ლოგოდ მთები და კავკასიური ლეოპარდია შერჩეული, რომელიც როგორც ჩრდილოეთ, ასევე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის გერბზეა გამოსახული.

ფოტო: ლებედევის სტუდია

ფოტო: ლებედევის სტუდია

"ერთიანი ბრენდირება თამამი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთისთვის", — წერს ლებედევი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის გერბი

ჩრდილოეთ ოსეთი გერბი

აქვე მითითებულია, რომ შრიფტი "ოსურ" სულს ასახავს.

ფოტო: ლებედევის სტუდია

ლებედევი პროექტზე მუშაობისას "ყოველმხრივი დახმარებისა და უშუალო ჩართულობისთვის" მადლობას უხდის ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ლებედევის სტუდია 1995 წელს მოსკოვში დაარსდა. მისი ძირითადი მიმართულებებია ბრენდინგი, გრაფიკული დიზაინი, ვებდიზაინი და არქიტექტურა. ამჟამად სტუდიაში 70-მდე დიზაინერი მუშაობს, სტუდიის პორტფოლიო კი 3800-ზე მეტ პროექტს ითვლის. ლებედევს ეკუთვნის რუსეთში ყველაზე ცნობილი კომპანიების გაზპრომისა და იანდექსის პროექტების ბრენდინგიც.

ლებედევის სტუდიამ 2015 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტურისტული სტილიც შექმნა.