როგორ გადაიქცა სეკულარული ირანი ისლამურ თეოკრატიად — ირანის ისლამური რევოლუცია
1979 წლის 1 თებერვალს, 9:30 წუთზე მეჰრაბადის აეროპორტში Air France-ის კუთვნილი Boeing-747 დაეშვა. ბორტზე ეკიპაჟის გარდა, 10 მგზავრი და რამდენიმე ჟურნალისტი იმყოფებოდა. ამ ბორტზე მყოფ ერთ-ერთ ადამიანს აეროპორტთან, დაახლოებით, 10 მილიონი ირანელი ელოდა. 14- წლიანი გადასახლებიდან სამშობლოში აიათოლა რუჰოლა ხომეინი ბრუნდებოდა. "არაფერს"— ასე უპასუხა ხომეინიმ ერთ-ერთ ჟურნალისტს კითხვაზე, რას გრძნობდა იგი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. დაახლოებით, ათი მილიონი ადამიანი ესალმებოდა მოხუც, ჭაღარაწვერიან კაცს, რომელმაც 2 500 წლიანი მონარქია დაასრულა და ქვეყნის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
2019 წლის პირველ თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციიდან 40 წელი გავიდა. ყოველწლიურად ამ დღეს, ქვეყანაში 10-დღიანი ნაციონალური ზეიმი იწყება ხოლმე. ამ დღეებში ირანში საზეიმო ლოცვები აღევლინება, მოქალაქეები ცენტრალურ მოედნებზე იკრიბებიან და რევოლუციას იხსენებენ. პირველ თებერვალს ისე, როგორც 40 წლის წინ ზეიმის მთავარი ფიგურა აითოლა ხომეინია, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე დღეგრძელ მონარქიას ბოლო მოუღო და ხელისუფლება ისლამის იურისტებს სრულად დაუქვემდებარა.
1978-1979 წლების ირანში პოლიტიკური რევოლუციისთვის თითქმის ყველა წინაპირობა არსებობდა: მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირე, რეპრესიული აპარატის შესუსტება, შეკრების თავისუფლება, რეჟიმისადმი კულტურული წინააღმდეგობა. მმართველობის ბოლო წლებში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი პოლიტიკურად მოწყვლად ფიგურად აქცია.
ირანის უკანასკნელი შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობა 37 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. აშშ-სა და ბრიტანეთის აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერით იგი ცდილობდა, ტრადიციული ირანი თანამედროვე დემოკრატიად ექცია. ქვეყნის რეფორმირება ხშირად არადემოკრატიული და ადამიანის უფლების შემლახავი ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობდა. შაჰმა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, სახელმწიფო მართვის სტრუქტურები კი სეკულარიზმის პრინციპებზე დაამყარა. ამასთანავე, ის არ ინდობდა პოლიტიკურ ოპონენტებს და არაერთი მათგანი სიკვდილითაც დასაჯა. ფეჰლევი, ასევე, ხშირად მიმართავდა სახელმწიფო ცენზურის აპარატს, რითაც სიტყვის თავისუფლებას ასუსტებდა. ფეჰლევის მმართველობის პერიოდში ხშირად იზღუდებოდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ასეთი მიტინგები არც თუ იშვიათად სისხლიანი დარბევით სრულდებოდა.
დროთა განმავლობაში შაჰის რეჟიმის მთავარ ამოცანად მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი წრის კეთილდღეობა და უსაფრთხოება იქცა. მძიმე სოციალური სიდუხჭირის ფონზე, ფეჰლევი და მისი გარემოცვა უზომო ფუფუნებისადმი მიდრეკილებით გამოირჩეოდა. ამის მაგალითი სპარსეთის იმპერიის 2 500 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გრანდიოზული ზეიმია, რომელზეც, დაახლოებით, $30 მილიონი დაიხარჯა. ზეიმი თავის დროის ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიება იყო.
მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად, შაჰის მმართველობით უკმაყოფილოები ირანის რელიგიური წრეებიც იყვნენ. წლების განმავლობაში ფეჰლევის მიერ გატარებული რეფორმების პარალელურად მცირდებოდა სასულიერო პირების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შესაბამისად, მათი გავლენა მოსახლეობაზე. ქვეყნის დაჩქარებულმა მოდერნიზაციამ, ტრადიციული შიიტური ისლამისგან დაშორებულმა მართვისა და ცხოვრების სტილმა ირანში, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლები უმთავრესად შიიტური ისლამის დროშის ქვეშ გააერთიანა.
უთანხმოება შაჰსა და რელიგიურ წრეებს შორის ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა. ამ დაპირისპირების ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ახალგაზრდა სასულიერო პირის, აიათოლა ხომეინის დაკავება იყო. ფეჰლევის პროდასავლური რეჟიმის კრიტიკისთვის ხომეინი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ერაყში გადაასახლეს. ხომეინის დაკავება, მისი პოლიტიკური გზის ტრამპლინად იქცა. მას შაჰის რეპრესიებმა ნაციონალური გმირისა და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის სტატუსი მოუტანა.
რელიგიურ პირებთან ერთად შაჰის მძლავრი ოპოზიცია ირანის უნივერსიტეტები და ახალგაზრდობა იყო. ძირითადად მემარცხენე სტუდენტური მოძრაობები შაჰის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად ჩამოყალიბდა. ფეჰლევის რეჟიმს სტუდენტები თითქმის ყოველდღიურად, სხვადასხვა ფორმებით აპროტესტებდნენ, თუმცა, ამავდროულად, სულ უფრო მეტად ექცეოდნენ სასულიერო პირების გავლენის ქვეშ.
შაჰის რეჟიმის დასასრული 1978 წლის 7 იანვარს წმინდა ქალაქ ყუმში დაიწყო. ამ დღეს რელიგიური პირების მიერ ორგანიზებულ მიტინგის დარბევას 7 დემონსტრანტი შეეწირა. ამ დღის შემდეგ მთელი ირანი შაჰის საწინააღმდეგო აქციებმა და მიტინგებმა მოიცვა.
პროტესტის ორგანიზებას ხელი შეუწყო შიიტური ისლამის ერთ-ერთმა წესმა. ამ წესის თანახმად, მოწამის ანუ შაჰის პოლიტიკური მსხვერპლის დაღუპვიდან 40 დღის შემდეგ მოქალაქეები კვლავ უნდა შეკრებილიყვნენ. ამგვარად, პროტესტმა თავისი სტრუქტურა და შინაარსი შეიძინა, რამაც მოძრაობა კიდევ უფრო ორგანიზებული გახადა.
პროტესტის ორგანიზატორებმა, ასევე, იმ დროის ტექნოლოგიური პროგრესს მაქსიმალურად აუწყვეს ფეხი. სასულიერო პირების მიმართვები და ქადაგებები მოსახლეობაში, ძირითადად, მაგნიტოფონის კასეტების მეშვეობით ვრცელდებოდა. კასეტებზე ჩაწერილი ხომეინის მიმართვები მეჩეთიდან მეჩეთში გადადიოდა. პროტესტის დაწყებიდან მალევე მეჩეთი შაჰის რეჟიმით უკმაყოფილი მოქალაქეების მთავარ თავშესაფრად გადაიქცა, ხოლო სასულიერო პირების გავლენა დღითიდღე იზრდებოდა.
1978 წლის მიწურულს ფეჰლევიმ კონტროლის დასამყარებლად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მთავრობა დაითხოვა. ქვეყანას სათავეში სამხედრო კაბინეტი ჩაუდგა, რომელსაც ვითარება უნდა განემუხტა. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ფეჰლევის ეს გადაწყვეტილება ძალიან დაგვიანებული იყო. იმ დროისთვის ირანის ყოველ დიდ ქალაქში მისი საწინააღმდეგო აქციები იმართებოდა. მალევე გაიფიცა ქვეყნის თითქმის მთლიანი საჯარო სექტორიც. ქვეყნის მამოძრავებელი ნავთობის ინდუსტრია იმ დროისთვის უკვე უმოქმედო იყო.
1978 წლის 6 ოქტომბერს შაჰის ბრძანებით ერაყში გადასახლებაში მყოფ აიათოლა ხომეინის ერაყიდან აძევებენ. იმავე დღეს ხომეინი საფრანგეთში მიემგზავრება. ფეჰლევის აზრით, ხომეინის მოვლენების ეპიცენტრისგან მოშორება, პროტესტზე მის გავლენას შეამცირებდა. პარიზში ხომეინის ჩასვლიდან მალევე, გასაგები გახდა, პარიზში ხომეინი გაცილებით უფრო საშიში იყო, ვიდრე ერაყში. ხომეინიმ საფრანგეთის დედაქალაქში პროტესტის სამართავად საჭირო თავისუფლება ჰქონდა.
მძვინვარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ფეჰლევი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციონერი შაფურ ბახტიარი წარადგინოს. ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ 1979 წლის პირველ იანვარს ფეჰლევი პირველად გამოჩნდა მედიასთან. ჟურნალისტებთან საუბარში ის აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ვითარება მისცემს საშუალებას ტახტს სიამოვნებით დატოვებს.
პროტესტზე არასათანადოდ მკაცრი რეაქციის გამო ფეჰლევი საკუთარ მომხრეებს არაერთხელ გაუკრიტიკებიათ. ფეჰლევის მხარდამჭერებმა არ იცოდნენ ის, რაც ცნობილი იყო შაჰის მკურნალი ექიმებისთვის. 58 წლის ფეჰლევი კიბოს უიშვიათესი ფორმით იყო დაავადებული.
პირველ იანვარს გაკეთებული განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ფეჰლევი ტახტისთვის ბრძოლას აღარ აპირებდა. მას არათუ, პოლიტიკური, არამედ, ზოგადად, ცხოვრების გაგრძელების იმედიც აღარ შერჩენოდა. 16 იანვარს ფეჰლევი ოჯახთან ერთად კერძო თვითმფრინავით თეირანიდან გაფრინდა და უკან არასდროს დაბრუნებულა.
შაჰის გაფრენიდან ორი კვირის თავზე, 14- წლიანი გადასახლების შემდეგ სამშობლოში ბრუნდება რევოლუციის მთავარი შემოქმედი და ირანის მომავალი უმაღლესი ლიდერი აიათოლა ხომეინი. ის ბრუნდება ირანის განახლების იდეით, ახალი წესრიგისა და ახალი სახელმწიფოს იდეით, რომლის მსგავსიც მსოფლიოს მანამდე არ ენახა.
1979 წლის პირველ აპრილის, ნაციონალურ რეფერენდუმზე ხომეინის ინიციატივით ირანის ისლამურ სახელმწიფოდ გარდაქმნის საკითხი გამოიტანეს. იმამის ინიციატივას, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შიიტური ისლამი სახელმწიფო მოწყობისა და სამართლებრივი წარმოების უპირატეს დოკუმენტად ცნეს. ვილაიეთ ალ-ფაკიხ — ასე ეწოდება დოქტრინას, რომლითაც სასულიერო პირებს სახელმწიფოს კონტროლისა და მართვის ყველა საჭირო ბერკეტი გადაეცა.
მომდევნო წლებში ირანი კონსერვატორულმა ცვლილებებმა მოიცვა. ქალებისთვის სავალდებულო გახდა ჰიჯაბის ტარება, აიკრძალა დასავლური კულტურის ნიმუშები, ჩამოყალიბდა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი, რომლის მთავარი მიზანიც დღემდე რევოლუციის მტრების გამოვლენა და დასჯაა. დაიხურა სეკულარული გამოცემები, აიკრძალა მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიები, დაწესდა ცენზურა.
ერთ დროს სეკულარული ირანი, მსოფლიოში ერთადერთ და უნიკალურ ისლამურ თეოკრატიად გარდაიქმნა. რელიგიური ფუნდამენტალისტების მიერ ჩამოყალიბებული რეჟიმი გაცილებით უფრო სასტიკი და სისხლიანი აღმოჩნდა, ვიდრე აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი მონარქისა. ირანის ისლამური სახელმწიფოს დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში რეჟიმის მსხვერპლთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. პოსტრევოლუციურ ირანში ახალი რეჟიმის სამიზნედ სწორედ უკვე ყოფილი რევოლუციონერები იქცნენ.
კომენტარები