უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ნაკლებად ჰქონდა მოტივაცია, მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას ფარული ჩანაწერები გაევრცელებინა. ამის შესახებ ფოფხაძემ უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თუნდაც იმიტომ, რომ ეს ჩანაწერები მაგათ ჰქონდათ, მაგათი შექმნილია... ეკა ბესელიამ იმდენი პრობლემა შეუქმნა, იმდენი უხერხულობა, იმდენ საკითხში გაამწარა ნაციონალური მოძრაობა, რომ ერთხელ მაინც თუ აპირებდნენ, აქამდე გამოაქვეყნებდნენ", — ამბობს ფოფხაძე.

დეპუტატი ფიქრობს, რომ კადრების გავრცელება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას პოზიციას უკავშირდება.

28 და 31 იანვარს ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელმაც ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა.