ჯიჰანი, ზილანი, ზერია — ქურთი მეომარი ქალების ისტორიები
2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო და ქურთი მეომარი ქალების ამბავი მთელმა მსოფლიომ შეიტყო. სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდებოდა მათი ფოტოები და ინტერვიუები. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ბერლინში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, ქურთული წარმოშობის სონია ჰამადმა გადაწყვიტა, ადგილზე გაცნობოდა ქალების ისტორიებს და ამბავი მსოფლიოსთვის ფოტოებით მოეყოლა. ფოტოგრაფი ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამჯერ ჩავიდა. ფოტოები შესულია სონია ჰამადის ბოლო ალბომში "ქალი, ცხოვრება, თავისუფლება".
ერაყისა და სირიის ჩრდილოეთით არსებული ქურთული ჯარის დაახლოებით მესამედი ქალები არიან. ისინი სამშობლოს, ოჯახისა და ადამიანების სიყვარულით უშიშრად უპირისპირდებიან ისლამურ სახელმწიფოს. ამ ქალებმა ბოლო გამარჯვება ქობანეში მოიპოვეს, როდესაც ქალაქი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს.
დიჟლინი და ზილანი
ფოტოები 2015 წელსაა გადაღებული. იმ დროისთვის დიჟლინიც და ზილანიც 19 წლისები იყვნენ. ისლამური სახელმწიფოს გამოჩენისთანავე ეთნიკური ქურთები ტერორისტების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცნენ. ქურთული არმია დღევანდელი ფორმით 2013 წელს ჩამოყალიბდა. სწორედ, ამ არმიის ქალთა ქვედანაყოფში მსახურობენ დიჟლინი და ზილანი.
ქურთისტანის ჯარში დიჟლინი 16 წლის ასაკში მივიდა. მიუხედავად არაერთი საბრძოლო ჭრილობისა და ოჯახის წინააღმდეგობისა, ის აგრძელებს ბრძოლას.
მებრძოლი ქალების უმეტესობა არმიას თინეიჯერობის ასაკში შეურთდა. ბევრი მათგანი ჯარში მშობლების ნებართვით ირიცხებოდა, თუმცა ქალების არც ისე მცირე რიცხვი ჯარში ოჯახისა და მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდა.
ზერია და დილჩინი
ქალთა დაცვის შენაერთის (YPJ) მებრძოლი ზერია, 19 წლის
ფოტო: Sonja Hamad
ქალთა დაცვის შენაერთის (YPJ) მებრძოლი დილჩინი, 21 წლის
ფოტო: Sonja Hamad
ჰამადის თქმით, მუშაობის პერიოდში მას ქალებთან ღრმა და გულწრფელი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. "ჩვენ ერთმანეთს დებივით ვექცეოდით",— იხსენებს ჰამადი.
ჩრდილოეთ ერაყის მთებში, სონია ჰამადი შეხვდა ქურთ მუშათა პარტიის ქალთა სამხედრო დანაყოფს, რომლიც რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილეობს.
ზერიამ საველე ექიმად მსახურობა სულ რაღაც ერთთვიანი მოსამზადებელი კურსის შემდეგ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, ზერიას თვალწინ მისი ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი დაიღუპა, ზერიამ კი თითოეული დაღუპული შესაბამისი წესითა და პატივით დაკრძალა.
დილჩინის თქმით, ის ქალთა უფლებებისთვის იბრძვის. ქურთისტანის მეომარი ქალები, ასევე, პატრიარქალური კულტურის წინააღმდეგაც იბრძვიან.
ქურთ ქალებს, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ხშირად მათი ნების საწინააღმდეგოდ აქორწინებენ. მათი თავისუფლება ბავშვობიდანვე მკაცრად არის შეზღუდული. ტრადიციული მასკულინური როლების მორგებით, ქალები ცვლიან საზოგადოების აღქმას. ამ გზით ისინი თავისუფლებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან.
"მიწა ვერ იქნება თავისუფალი, თუ ქალები არ არიან თავისუფლები"
ქალთა დაცვის შენაერთის (YPJ) მებრძოლი დიჩლე, 23 წლის
ფოტო: Sonja Hamad
ქალთა დაცვის შენაერთის (YPJ) მებრძოლი ჯიჰანი, 25 წლის
ფოტო: Sonja Hamad
ჰამადის თქმით, ამ ქალების ცხოვრებაში დრამატული მომენტები იმდენად ხშირია, რომ ისინი ტრავმული გამოცდილების გადააზრებას ვერ ასწრებენ. ეს ახალგაზრდა ქალები საკუთარი გამოცდილებით გაცილებით უფროსები არიან, ვიდრე მათი ევროპელი თანატოლები..
ქალ მებრძოლთა დიდი ნაწილი ქურთ მუშათა პარტიის ლიდერის აბდულა ოჯალანის მიმდევარია. ყველაზე გავლენიანი ქურთი უკვე წლებია თურქეთის ერთ-ერთი ციხეში სამუდამო პატიმრობაში იმყოფება. მისი პორტრეტები ხშირად შეგხვდებათ ჩრდილოეთ ერაყში, ქურთული ავტონომიის ტერიტორიაზე.
მებრძოლების თქმით, ქალების ემანსიპაციისა და თანასწორობის იდეა მუშათა პარტიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.
"მიწა ვერ იქნება თავისუფალი, თუ ქალები არ არიან თავისუფლები, ჩვენ ამის გვჯერა",— ამბობენ ქალები.
21 წლის შირინმა სონია ჰამადთან საუბარში თქვა, რომ, მიუხედავად ომის პერიოდში მიღებული ჭრილობებისა და მძიმე სტრესისა, მას სურს, ჯარში ომის დასრულების შემდეგაც დარჩეს. შირინი მის ოჯახში ერთადერთი შვილია და მშობლები მასზე განსაკუთრებით ღელავენ.
ქურთი მებრძოლები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიტოვებულ სახლებს იკავებენ და იქ ბანაკდებიან. ქალებს მათი სამსახურისთვის ხელფასს არ უხდიან ამიტომ, ისინი ძირითადად ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით ცხოვრობენ. ჰამადის თქმით, ადგილობრივი თურქული მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს ქალი მებრძოლების დასახმარებლად.
2015 წლის იანვარში ქურთული არმიის ქალთა ქვედანაყოფი ქალაქ ქობანეს გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდა. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქზე კონტროლი 2014 წლის სექტემბერში დაამყარა. მას შემდეგ ქალაქის 40 ათასი მაცხოვრებელი დევნილად იქცა და თავი თურქეთს შეაფარა. 2015 წლის იანვარში ქალაქი ქურთი ქალების დახმარებით გაათავისუფლეს.
ფრონტის გამარჯვებული ქალები
2015 წლის გაზაფხულზე ქურთმა ქალებმა კიდევ ერთი ქალაქის, ტალ ჰამისის გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა. ქალაქი ისლამური სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. სონია ჰამადი ტალ ჰამისში ქალაქის გათავისუფლების შემდეგ მოხვდა. აქ ფოტოგრაფმა უშუალოდ იხილა ომის გამანადგურებელი შედეგები და ადგილობრივი ფრონტის გამარჯვებული ქალებიც გაიცნო.
ქალაქ მუხმარის მახლობლად, დევნილთა ბანაკებში დღეს ათასობით ქურთი ცხოვრობს. აქ ქურთები 1990-იან წლებში გადმოვიდნენ, როდესაც სადამ ხუსეინის არმიას გაურბოდნენ. მაშინ, დაახლოებით 10 ათასი ქურთი იძულებული გახდა თურქეთის ტერიტორიაზე გადასულიყო.
მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ, ადგილობრივ დევნილთა ბანაკებს შეუტია სწორედ, ქალთა ქვედანაყოფის მოვალეობა იყო ბანაკის ტერორისტებისგან დაცვა. ჰამადის თქმით, მხარდამხარ ვარჯიში და ბრძოლა მნიშვნელოვნად აახლოვებს მეომარ კაცებსა და ქალებს.
ქურთი ქალი მეომრების გამოჩენამ სრულად შეცვალა ადგილობრივი კაცების აღქმა. ჰამადი ამბობს, რომ "როცა კაცები ბრძოლაში შეიარაღებულ ქალს ხედავენ, ისინი მათ პატივისცემას სწავლობენ".
კომენტარები