ოკეანეში ჩაცვენილი გოლფის ბურთები გარემოს აბინძურებს
ოკეანის დაბინძურებაზე საუბრისას თქვენ ალბათ წარმოიდგენთ პლასტმასის ბოთლებს, პოლიეთილენის პარკებს, სათევზაო ბადეებს და უამრავი სხვადასხვა ტიპის ნარჩენს, თუმცა, კალიფორნიაში, ერთ-ერთმა თინეიჯერმა ოკეანის დაბინძურების ახალი მნიშვნელოვანი წყარო - გოლფის ბურთები აღმოაჩინა.
რამდენიმე წლის წინ სკოლის მოსწავლე ალექს ვებერმა კალიფორნიაში, მონტერეის ყურეში ყვინთვისას ნახა, რომ ოკეანის ფსკერი ასობით გოლფის ბურთით იყო დაფარული.
რამდენიმე განმეორებითი ყვინთვის შემდეგ მან კალიფორნიის გოლფის მოედნების გარშემო არსებული ოკეანის ფსკერზე ათიათასობით გოლფის ბურთი იპოვა.
"ბურთების გამო ქვიშა აღარც კი ჩანდა. ოკეანის ფსკერი სრულად თეთრი იყო", - აცხადებს ვებერი.
ალექსმა გადაწყვიტა, რომ ოკეანის ფსკერი გოლფის ბურთებისგან გაეწმინდა, რაშიც მას საკუთარი მეგობრები და ოჯახის წევრები დაეხმარნენ, რის შედეგადაც მათ კალიფორნიის სანაპიროებიდან 40 000 ბურთი ამოიღეს.
გოლფის ბურთები გარემოსთვის ძალიან საზიანოა. თითოეული ბურთის გახრწნას დაახლოებით 1 000 წელი სჭირდება, თანაც, დაშლის პროცესში ისინი გარემოში დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებს გამოყოფენ.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გოლფის ბურთებს წყლის ცხოველებზე, თუმცა ფოტოებით ჩანს, რომ ცხოველები ბურთებთან დროს ხშირად ატარებენ.
აღნიშნული საკითხის შესახებ შეიტყო სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა მეთიუ სავოკამ, რომელმაც გოლფის ბურთებით ოკეანის დაბინძურებაზე სამეცნიერო კვლევა ჩაატარა.
კვლევით გაირკვა, რომ ბურთების გახრწნისას წყალში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასები გამოიყოფა. გამოთვლების მიხედვით, ბურთების მიერ კალიფორნიის წყლებში გამოყოფილი მიკროპლასტმასების წონა 28 კილოგრამს აჭარბებს.
საბოლოო ჯამში წყლიდან 50 681 გოლფის ბურთის ამოღება მოხდა, რომელთა საერთო წონაც 2,5 ტონას აჭარბებდა.
კომენტარები