თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა ამჟამინდელი მერის, კახა კალაძის კრიტიკას პასუხობს და მოუწოდებს "გამოვიდეს მისი ჩრდილიდან".

"ნუ მეზომება, ნუ მეტოლება. თუ რამე კარგს გააკეთებს მე მხოლოდ გამიხარდება", — განაცხადა უგულავამ ბრიფინგზე.

დღეს, 23 იანვარს კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა გიგი უგულავას კრიტიკით დაიწყო და მას კორუმპირებული უწოდა. კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის დასაწყებად სპეციალური შეთანხმების გაცემისთვის გააკრიტიკა.

უგულავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართლებრივად გადაწყვეტილება სწორი იყო და ეს სასამართლომაც დაადასტურა, თუმცა კალაძეს აქვს უფლება მშენებლობა არ განაახლოს.

სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი და თბილისის მერი და მისი მოადგილეები 21 იანვარს შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც მხარეები ამბობენ, მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრის შემდეგ ინვესტორმა, გიორგი ზაქაიძემ განაცხადა, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის და "ხელების გადაგრეხვაზე არიან გადასულები".

როგორც ზაქაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მერიამ მიწის ნაკვეთის გაცვლა ან რესტორნის აშენება შესთავაზა, რომელიც ვაკის პარკში ისტორიულად იყო. მისივე თქმით, კომპანიისთვის ყველა პირობა მიუღებელია, ნებართვის არაღდგენის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავენ და ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვენ.

ამავე თემაზე: