თბილისში 30 დეკემბერს ახალგაზრდა ქალს, ღამის 9-დან 10 საათამდე შუალედში თავს ელექტროშიკით დაესხნენ და შემდეგ გააუპატიურეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პრაიმტაიმმა გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მომხდარი დაადასტურეს.

დაზარალებულმა ფეისბუქზე დაწერა, რომ მას გლდანში გობრონიძის ქუჩიდან მიმავალ საცალფეხო ბილიკზე ელექტროშოკი ოთხჯერ დაარტყეს და მისი პარალიზება მოახერხეს.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის პირი მუხიანში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალდება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.