"თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავამართლოთ ის შედეგი, რაც დღეს მივიღეთ" — ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ეგზიტპოლის ორ შედეგს, რომლითაც არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს.

მისი თქმით, პირველი ტურის შემდგომ ალბათ სახიფათოც კია შეაფასოს ეგზიტპოლის შედეგები, თუმცა ედისონ რისერჩის კვლევა აძლევს საფუძველს დასკვნები გააკეთოს.

"ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა. კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა ადეკვატური, როგორც პირველ ტურში ისე მეორეში", — განაცხადა ივანიშვილმა.

მან თქვა, რომ იგრძნო ის, რაც საზოგადოებამ და პოლიტიკაში დაბრუნდა.

"გრძნობადობა, რაც საზოგადოებამ აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის. ქართულმა საზოგადოებამ კარგი სიმწიფე აჩვენა. უახლოეს ისტორიაში რა გამოცდილებაც დავაგროვეთ და ის, რაც საზოგადოებამ აჩვენა არის ძალიან კარგი შეგრძნება და გაგება სიტუაციისთვის", — თქვა ივანიშვილმა.

ორი ეგზიტპოლის შედეგები

რუსთავი 2-ისა და იმედის ეგზიტპოლებით საპრეზიდენტო არჩევნებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იგებს. იმედის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმების 58 პროცენტი აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი კი ხმების 42 პროცენტი მიიღო.

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი 55 პროცენტით იგებს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა კი ხმების 45 პროცენტი მიიღო. რუსთავი 2-მა ედისონ რისერჩის ეგზიტპოლის 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა.

საარჩევნო ოლქები 20:00-ზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. პირველად შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ღამის 01:00-ზე გამოაცხადებს