ყალბი ამბები, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი
ყალბი ამბავი — ამ ორმა სიტყვამ მთელი მედია და პოლიტიკური სპექტრი თავდაყირა დააყენა. ფეიქ ნიუსი, იგივე ყალბი ამბავი ახალი მოვლენა არ არის, მაგრამ ციფრული ეპოქის განვითარებასთან ერთად ახალი ამბების ეს ტიპიც ნელ-ნელა უფრო ძლიერი და დამაჯერებელი ხდება.
ყალბი ამბავი ვირუსივითაა, მუდამ ახლოს მოძრაობს და როგორც კი დაქვეითებულ იმუნიტეტს იპოვის, იქ დაიდებს ბინას. ვირუსის ამ ტიპისთვის კი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი სწორედ არჩევნებია.
ყალბი ამბები იყო როგორც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების, ისე კატალონიის რეფერენდუმის ნაწილი. ამის გარეშე არც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაუვლია. სოციალურ ქსელში ვხვდებით სხვადასხვა გვერდს, რომელიც კონკურენტ კანდიდატს ლანძღავს და მასზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე რუსეთთან სიახლოვესა და КГБ-ს აგენტობაში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ. ფეისბუქი კი მოიცვა КГБ-ს მისმა ყალბმა მოწმობამ, რაც შემდგომში ფაქტჩეკმა გადაამოწმა. გარდა ამისა, ინტერნეტსივრცეში ვრცელდებოდა გრიგოლ ვაშაძისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ყალბი ფოტოები.
კრიტიკის ობიექტი სალომე ზურაბიშვილი ხშირად თავისი განცხადებების გამო ხდება. მისი ერთ-ერთი განცხადება სამეგრელოს მეზობელ აფხაზეთზე ვრცელდებოდა იმ ნარატივით, თითქოსდა, ზურაბიშვილი აფხაზეთის რესპუბლიკას აღიარებდა. თუმცა აღნიშნული განცხადება არც ერთ სანდო მედიაში არ იძებნება. ზურაბიშვილს ასევე აბრალებდნენ მეგრელებისა და კახელების სიძულვილს, თუმცა მისი არც ეს განცხადებები იძებნება.
ფეისბუქზე ყალბ გვერდებთან და ინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოში რთულია. ფეისბუქს, რომელიც ყალბი გვერდების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მილიონობით დოლარსა და ადამიანურ რესურსს ხარჯავს, ქართულენოვანი მოდერატორი არ ჰყავს.
ეს პროცესი განსაკუთრებით რთულდება, როდესაც ამაში მედიაც არის ჩართული. წამყვანი მედიასაშუალებები ფრონტის საპირისპირო ხაზზე დგანან და ბოლომდე იბრძვიან თავიანთი კანდიდატებისთვის.
ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი თუ მისი მხარდამჭერი ნებისმიერ არასასიამოვნო და არახელსაყრელ ამბავს ტყუილს უწოდებს. მსგავსი შემთხვევა იყო თბილისის მერის კახა კალაძის შემთხვევაშიც, რომელსაც თავისივე სიტყვები შეუბრუნდა და ამაში ჟურნალისტი დაადანაშაულა.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ ყალბ ამბებს აქტიურად ებრძვიან და ამისთვის ყველანაირ ხერხს იყენებენ. ცხადია, რომ ყალბი ამბები პრობლემა არის ქართული ოცნებისთვისაც, რადგან ბოლო პერიოდში ამ ტიპის ამბების უარსაყოფად შტაბში არაერთი სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
ყალბი ამბების გავრცელებაზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე. ის სხვადასხვა წელს იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და აღნიშნავს, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები ამ მხრივ გამორჩეულია.
"ახლა რაღაც ზღვა და მორევია. რა თქმა უნდა, გამორჩეულია, რადგან ტელეკომპანიები ასე პირდაპირ ცრუ ინფორმაციებს არ ავრცელებდნენ", — უთხრა მან On.ge-ს.
დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ვაშაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ორი საქმე მოიგო. ის ცალკე გამოყოფს სოციალური ქსელებით გავრცელებულ ყალბ ამბებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ამ მხრივ კვლავ გამორჩეულია:
რუსულ სივრცეშიც კი არ არის ამდენი ფეიქნიუსი, რაც საქართველოშია
"ანალიტიკოსებიც რომ აანალიზებენ სხვადასხვა ქვეყანას, რუსულ სივრცეშიც კი არ არის ამდენი ფეიქ ნიუსი, რაც საქართველოშია, ასე ზღვარგადასული ყალბი ინფორმაციები".
ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი წინასაარჩევნოდ საქართველოში დაუზუსტებელი და ყალბი ამბების გავრცელებას. მისი თქმით, სოციალურ ქსელში არიან ორი ტიპის ადამიანები: პირველი, რომლებიც გაუაზრებლად ავრცელებენ ყალბ ამბებს და მეორე, რომლებიც გამიზნულად ბოტებისა თუ ტროლების საშუალებით ცდილობენ დისკუსიის შეცვლას.
"თუ რამე ნეგატიური გავრცელდება მათ კანდიდატზე, მათი მხარდამჭერები ცდილობენ, რომ შეატრიალონ ეს ნეგატიური მესიჯი და, პირიქით, გამოიყენონ კონკურენტი კანდიდატის წინააღმდეგ", — უყვება ძველიშვილი On.ge-ს.
სოციალური ქსელები ხშირად მედიასაშუალებების წყარო ხდება. ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ ყალბი ამბებ ქართული მედიის მთავარი პრობლემა არაა, თუმცა მათმა ასეთმა განვითარებამ ტრადიციულ მედიას დამატებითი თავისტკივილი გაუჩინა:
მედიასაშაუალებს მეტი ძალისხმევის გაწევა უწევთ, რომ ამ ბევრი ინფორმაციიდან რელევანტური და სანდო ამოარჩიონ
"რა ტენდენციაც შეინიშნება არის ის, რომ მედიასაშუალებას მეტი ძალისხმევის გაწევა უწევთ, რომ ამ ბევრი ინფორმაციიდან რელევანტური და სანდო ამოარჩიონ და შეძლონ მისი გადამოწმება".
მისივე თქმით, ნეგატიური საარჩევნო კამპანია უფრო მეტად პოლარიზაციით არის გამოწვეულია და ამაში მედიაც ეხმარება:
"მედია უფრო მეტად არის ჩართული [საპრეზიდენტო არჩევნების] მეორე ტურში და კანდიდატებზე ძლიერად უფრო მედიასაშუალებებში იგრძნობა კონკურენცია".
საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ნებისმიერ არჩევნებში რუსეთი კვალს აუცილებლად ტოვებს, იქნება ეს 2016 წლის აშშ-ს არჩევნები, ბრექსიტის რეფერენდუმი თუ ყირიმის არალეგიტიმური რეფერენდუმი.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის პირდაპირ ჩარევაზე საუბარი რთულია, თუმცა სწორედ წინასაარჩევნოდ წამოწია კრემლმა კიდევ ერთხელ ლუგარის ლაბორატორიის საკითხი.
მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიებში რუსული ნარატივები აშკარად იკვეთებოდა. ერთი მხრივ ეს იყო იმ გზავნილების განმეორება, რომლებსაც რუსული პროპაგანდა საქართველოში წლებია ეფუძნება, მეორე მხრივ კი ვხვდებოდით საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ, ასევე, მათ წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებსაც.
გელავა On.ge-ს უყვება, რომ ერთ-ერთი მთავარი რუსული ნარატივი უკავშირდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომს, როდესაც ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა ომის დაწყებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაადანაშაულა.
მისივე თქმით, ტექონოლოგიების დახვეწასთან ერთად პროპაგანდის მეთოდებიც იხვეწება, თუმცა დადებითი ისაა, რომ ამ პრობლემაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი და ინსტიტუტი საუბრობს:
"თუ აქამდე რუსული პროპაგანდაზე საუბარი შეთქმულების თეორიას ჰგავდა დასავლური ქვეყნებისთვის, ახლა ამაზე იქ ღიად საუბრობენ. ყველგან, სადაც საკითხი დაყოფას და პოლარიზებას ეხება, ყველა შემთხვევაში საუბრობენ რუსეთის მონაწილეობაზე ამ პროცესში".
ყალბი ამბებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ფაქტია, რომ მათი გავრცელება დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების სიჯანსაღეს და უსიამოვნო გარემოს ქმნის. სამთავრობო, ოპოზიციური თუ რუსული ბოტები ცდილობენ საზოგადოების არჩევანი აკონტროლონ.
კომენტარები