თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საჩივარი, არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნის შესახებ, არ დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილება დღეს დილით, 18 ნოემბერს გამოაცხადეს. მოსამართლის განმარტებით, კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ მეორე ტური გაიმართოს პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 14 დღეში.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ისინი დაელოდებიან მოსამართლის დასაბუთებას და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, გაასაჩივრებენ თუ არა ისევ.

ლევან ბეჟაშვილი On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ცესკომ საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია:

"საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნები იმართება კვირა დღეს. კოდექსის მიხედვით, საარჩევნო პროცესი არჩევნების გამოცხადების დღიდან იწყება და საბოლოო შედეგების შეჯამებამდე მთავრდება, რაშიც შედის, როგორც პირველი ისე მეორე ტური. ამავე კოდექსის მეექვსე მუხლი განსაზღვრავს, რომ უქმე დღედ საარჩევნო დღის გამოცხადება შესაძლებელია ყველა სხვა შემთხვევაში, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა. გარდა ამისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, სადაც პირველი დეკემბერი ბოლო ვადად იყო განსაზღვრული და შესაძლებელი იყო არჩევნების მეორე ტურის დეკემბერში ჩანიშვნა".

გუშინ, 17 ნოემბერს სასამართლომ არ დააკმაყოფილა იგივე შინაარსის სარჩელი, რომელიც პარტია ევროპულმა საქართველომ მოამზადა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დაინიშნა. მიუხედავად სხდომის რამდენიმე წევრის წინააღმდეგობისა, ცესკომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. მანამდე საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების შაბათ-კვირას დანიშვნისკენ მოუწოდა არასამთავრობო სექტორმაც.

მათ ის პრობლემებიც დაასახელეს, რასაც არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა გამოიწვევდა. მათ შორისაა ემიგრანტების ჩართულობა, შიდა მიგრაცია და არჩევნებზე გავლენა. ცესკოში გადაწყვიტეს იმისთვის, რომ მიგრანტებს ხმის მიცემის პრობლემა არ შეექმნათ უცხოეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 12 საათამდე იმუშავებენ.