90-იანი წლებიდან დღემდე ქართველი ქალები საჭმლის ფულის, ვალების, უმუშევრობის, შვილების განათლებისა და ოჯახური ძალადობის გამო ქვეყანას ტოვებენ და მიდიან საზღვარგარეთ, სადაც ოჯახში დამხმარედ, დამლაგებლად, ძიძად და მომვლელად მუშაობენ.

რთულ სამუშაო პირობებთან შეგუება საზღვრის გადაკვეთამდე იწყება. ოჯახების გადასარჩენად დანაღმული ტერიტორიის გავლა, რამდენიმე საათი ყუთში ან ჩაძირვის შიშის მიუხედავად, ზამთარში ზღვაში ყოფნა უწევთ.

ამ ქალებს შორის არიან 48 წლის ნინო, 40 წლის ნათია და 56 წლის ლეილა.

48 წლის ნინო

ლუკმა-პურისთვის

ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. სახლი ცუდ მდგომარეობაში გვქონდა, ქარიშხლებმა და წვიმებმა დამიზიანეს, ჭერი ჩამოგვენგრა. რთულ პირობებში მიწევდა შვილების გაზრდა.

ჩემს შვილებს ლუკმა-პური ენატრებოდათ, ამიტომ ასე ვერ ვიქნებოდი, ვიშოვე რაღაც სამუშაო, მაგრამ ანაზღაურება არ აღემატებოდა 100 ლარს. ორ შვილს კი ამ თანხით ვერ შევინახავდი. ჩემი მეუღლე დასაწყისისთვის მეხმარებოდა, შემდეგ სასმელზე დამოკიდებული გახდა და აღარ აინტერესებდა არც ოჯახი და არც შვილები. წასვლა მომიწია.

ჩემს გვერდით ცხოვრობდა ერთი ოჯახი, რომლებიც საბერძნეთში გადავიდა. ვთხოვე, რომ მეც წავეყვანე, რა თქმა უნდა, უფასოდ არა. გადასვლა 3 000 ევრო დამიჯდა.

2010 წლის 18 თებერვალს წავედით. თურქეთში რომ გადავედით, გვიანი იყო და ავტობუსები უკვე აღარ გადიოდნენ. დავრჩით ქუჩაში. თავშესაფარი ვერ ვნახეთ. ერთ-ერთ ავტობუსების გაჩერებასთან დავინახეთ მეჩეთი. მეჩეთთან იყო ხალები, ნოხები, რაზეც ლოცულობენ, ისინი გავშალეთ და ასე გავათენეთ ღამე.

დილით გავყევით ავტობუსს და თურქეთის ბოლო სოფელში წავედით, რომელიც საბერძნეთის საზღვართანაა. ერთი თურქი კაცი შეგხვდა, რომელიც მიხვდა, რომ გადასვლა გვინდოდა. დახმარება შემოგვთავაზა, სახლში მიგვიყვანა და გვითხრა საღამოს 9 საათამდე მოგვეცადა. ეს კაცი მიხვდა, რომ ჩვენ რაღაც ფული გვქონდა ამიტომ, როცა გვაცილებდა საზღვარზე, ვიღაც თურქი კაცები დაგვახვედრა იარაღით.

გვითხრა, როდესაც ამ მინდორს გადაკვეთთ, უკვე საზღვრის იქით იქნებითო. მინდორი დანაღმული იყო

ემიგრანტი ნინო

მიშვერდნენ ეს კაცები იარაღს და თანხას მთხოვდნენ, სულ მივეცი, რაც მქონდა. ფული რომ წამართვეს, წავიდნენ. გამცილებელმა მიგვიყვანა რაღაც ადგილამდე და დაგვტოვა. გვითხრა, ამ მინდორის იქეთ საზღვარიაო. მინდორი დანაღმული იყო.

რვა საათი ტყეში

საღამოს 9 საათიდან დილით 5 საათამდე ვიარეთ ტყეში. გზა აგვებნა. შეგხვდა დიდი ჭაობი, გადასვლა ვცადეთ. მე შიგ ჩავვარდი, ნახევარი გვერდი ჩამეფლო და ძლივს ამომიყვანეს. ბიჭები დაგვხეხმარნენ და ჭაობის მეორე მხარეს გადავედით. საბერძნეთის დაცვა დადიოდა მანქანით, სულ სველები მიწაზე დავწექით, რომ დავმალულიყავით.

საზღვარი რომ გადავკვეთეთ ეკლესია დავინახეთ. იქ რომ შევსულიყავით, ვეღარ დაგვიჭერდნენ, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი დაგხვდა. დანგრეული, მიტოვებული სახლი ვიპოვეთ, სადაც კარდონის ყუთების გარდა არაფერი არ იყო. დავხიეთ ეს კარდონები, დაბლა დავაფინეთ და ისე დავიძინეთ.

პასპორტები თავიდანვე გადავყარეთ, რომ დეპორტაცია აგვერიდებინა

ემიგრანტი ნინო

დილით გავედით და გავიკითხეთ, რითი შეიძლებოდა წასვლა. გვითხრეს, რომ ტაქსები არ მოძრაობდნენ და მხოლოდ ავტობუსები იყო. ჩვენ [ნინო და კიდევ ერთი ქალი] გაჩერებაზე დავიმალეთ. ბილეთების საყიდლად გადამყვანი და ის ორი ბიჭი წავიდა, რომლებიც ჩვენთან ერთად გადმოვიდნენ. როცა გადამყვანი მაღაზიაში საყიდლად შევიდა, პოლიციამ ის ორი ბიჭი დააკავა. გადამყვანი მართალია ეცადა მათ დახმარებას, მაგრამ გამყიდველმა პოლიციას ანიშნა, რომ ესეც ემიგრანტი იყო და ბოლოს სამივე დააკავეს.

ორნი დავრჩით, მე და ჩემი მეგობარი ქალი. არ ვიცოდით რა გვექნა. ბიჭმა, რომელმაც გადმოგვიყვანა ჩვენზე უთხრა პოლიციას სადაც ვიყავით, რომ არაფერი დაგვმართნოდა. დეპორტაციის ასარიდებლად პასპორტები თავიდანვე გადავყარეთ.

ძაღლებივით გვექცეოდნენ

პოლიციამ ორესტიადაში წაგვიყვანა [საბერძნეთის საზღვრისპირა ქალაქი] სადაც ციხე იყო. იქ ამყოფებდნენ ემიგრანტებს. ორთვენახევარი გავატარე. იქიდან კი ალადაპონში გადამიყვანეს [ციხე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში], სადაც გავატარე სამთვენახევარი.

ორესტიადაში იყო ერთი დიდი საკანი, სადაც ყველა ერთად ვიყავით. როგორც ძაღლებს ისე გვექცეოდნენ, გახსნიდნენ ციხის კარებს და საჭმელს ყუთებში ჩაწყობილს წიხლით გვიყრიდნენ შიგნით. ჭამის გამო ერთმანეთს ცემდნენ ქალები. ალადაპონში კი საერთოდ მზე არ გვინახავს სამთვენახევარი. ქალი პოლიციელები არ გვექცეოდნენ კარგად და შეურაცყოფას გვაყენებდნენ. თუმცა იყვნენ კარგებიც.

ნინოს ბინადრობის უფლება აქვს

ნინომ ციხე 6 თვის შემდეგ დატოვა. გათავისუფლებიდან რამდენიმე თვეში სამსახური იშოვა, მანამდე მეგობართან ცხოვრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ საბერძნეთში ბინადრობის უფლება მოიპოვა და უკვე 9 წელია მოხუცის მომვლელად მუშაობს.

56 წლის ლეილა

შვილების განათლებისთვის

შვლების გამო წამოვედი. სკოლა რომ დაამთავრეს, არ მქონდა საშუალება წესიერი განათლება მიმეცა. მართალია, ვასწავლიდი, მაგრამ რასაც ვმუშაობდი აღარ ჰყოფნიდათ.

შემდეგ ჩემმა შვილმა, გოგომ, ტრავმა მიიღო, ავარიაში მოყვა. ბიჭმა ომი გამოიარა, ის 2008 წელს წინა ხაზზე იბრძოდა. ორჯერ დაიჭრა, შემდეგ დაიკარგა, ძლივს მოვძებნე საავადმყოფოში, დაჭრილი, განადგურებული.

ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე წამოსვლა. წამოვედი, რომ ჩემი ობლებისთვის ლუკმა-პური მიმეცა.

შეიძლებოდა, შვილებს დედაც აღარ ჰყოლოდათ

2010 წლის 16 თებერვალს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ზღვიდან, გასაბერი ნავით გადავედით. ზღვაშივე დაგვიჭირეს. პოლიციამ რომ დაგვინახა, ერთ-ერთმა თურქმა, ვისაც გადავყავდით ნავი გახვრიტა.

ნავზე დაახლოებით ორმოცი ადამიანი ვიყავით. სამი ქალი ერთმანეთს ვეკიდებოდით, რომ არ დავმხრჩვალიყავით. მაშინვე არ აგვიყვანა პოლიციამ, წრეზე დადიოდა.

თებერვლის შუა რიცხვები იყო და სამი-ოთხი საათი მომიწია შუა ზღვაში ყოფნა. ზემოდან რაც მეცვა, თბილი რაღაცეები გავიხადე და გადავყარე, რომ არ ჩავძირულიყავი. ეს ყველაფერი ხდება ღამის თორმეტი საათიდან დილის ოთხ-ხუთ საათამდე.

ფოტო: TRT World

არაფრის შიში არ მქონია. წმინდა მარიამის კულონი მაქვს, დიდი ხანია გულზე მაქვს ჩამოკიდებული. ცალი ხელით ერთ კაცს მოვეჭიდე, მეორეში კი ეს კულონი მეჭირა. მხოლოდ ამას ვფიქრობდი, ღმერთო, თუ მოვკვდები ცოტა ნაპირისკენ მაინც მოვკვდე, რომ ვინმემ მნახოს და იქნებ საქართველოში გაიგონ ჩემი ამბავი და გადამასვენონ მეთქი. რატომღაც, მხოლოდ ამაზე მეფიქრებოდა. გული მტკიოდა, რომ ჩემს შვილებს მამა აღარ ჰყავდათ და ახლა დედაც შეიძლება დაეკარგათ. მაგრამ, ღმერთმა არ მომკლა.

პოლიცია ჯერ გვაკვირდებოდა პროჟექტორებით. შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდნენ და დაიწყეს ხალხის ამოყვანა. შეშინებული ხალხი მიაწყდა გემს, ზოგი თავისით ძვრებოდა. პოლიცია ხალხს დუბინკებს ურტყამდა, რომ გაჩერებულიყვნენ. ვისზეც ვიყავი ცალი ხელით მოჭიდებული, ისიც ძვრებოდა გემზე, პოლიციამ მასაც მოუქნია დუბინკა, მაგრამ მის მაგივრად მე მომხვდა ხელის მტევანში. მართალია, თითი არ მომტყდა, თუმცა ისე მეტკინა ვეღარ ვგრძნობდი, დამისივდა.

როგორც იქნა, ავედით ღია გემზე. მუხლებზე დაგვაყენეს და ხელები ზურგზე დაგვაწყობინეს. ჩემ გვერდით ერთი ბიჭი იყო, მითხრა თუ პოლიცია მოგიახლოვდა და გკითხა საიდან ხარო, უთხარი ამერიკიდანო. მაგრამ როგორ უნდა მეთქვა, როცა ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ინგლისურად.

სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი

მუხლებზე ვარ დაჩოქილი, წყალი გამდის წურწურით, ქარი მიბერავს სველ მხრებზე. ყველა კანკალებდა. მე კიდევ, თითქოს სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი.

მართლაც მოვიდა პოლიციელი და მკითხა საიდან ვიყავი. არ ვიცოდი ბერძნული და ვერ გავიგე რა მკითხა, ამიტომ ხმა არ გავეცი. მერე, ჩამავლო თმაში ხელი და ამქაჩა და სხვებთან გადავიდა. დავაკვირდი, ყველას იგივე ჰკითხა და ინტონაციით მივხვდი, რომ ყველა ქვეყანას ეუბნებოდა, საიდანაც იყვნენ.

როცა ისევ მობრუნდა ჩემთან, კიდევ ჩამწვდა თმებში და "დუბინკა" მომიღერა. ეგონა, ვმალავდი საიდან ვიყავი. გავაწევინე ხელი, ფეხზე წამოვდექი, ისე გავსწორდი, მეგონა ცამდე ავედი. მხრებში გავსწორდი და ქართულად ვუთხარი, რა გინდა, ქართელი ვარ-მეთქი. ვიღაცამ უთხრა გეორგიანესო. ხმა აღარ გამცა.

6-თვიანი ტყვეობა

დიდ ხანს მოგვიწია სველებს მგზავრობა, სანამ სამუსამდე [კუნძული საბერძნეთში] მივიდოდით. იმ კუნძულზე ბანაკებივით იყო რაღაცები, სადაც მიყავდათ ხოლმე ხალხი, ვისაც იჭერდნენ ხოლმე საზღვარზე და შემდეგ ანაწილებდნენ სხვადასხვა ციხეებში.

სანამ ბანაკში მივიდოდით, ექიმთან მიმიყვანეს. ექიმმა მანიშნა, რამდენი წლის ხარო? დავუწერე, 48 წლის მეთქი. ყოჩაღო, მეუბნებოდა ექიმი, ამდენი ხანი წყალში იყავი და არაფერი დაგემართაო. კარგად მექცეოდნენ სამუსში, თავი ცუდად არ მიგრძვნია.

სამუსში 22 დღე მომიწია ყოფნა. შემდეგ გადამიყვანეს ციხეში და იქ 6 თვე გავატარე. ციხიდან გასვლის შემდეგ ხუთი თვე უმუშევარი ვიყავი. მეგობრები მარჩენდნენ.

8 წელი პოლიციის შიშით

ლეილამ პირველი სამსახური მოხუცის მომვლელად რვა წლის წინ იშოვა. თუმცა, მალევე მოუწია თავის დანებება რთული პირობების გამო. რამდენიმე კვირაში სხვა სასმახური დაიწყო და დღემდე იქ მუშაობს. მას საბერძნეთში ბინადრობის უფლება ამ დრომდე არ აქვს და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილებასაც ერიდება.

40 წლის ნათია

ან მე მოვკლავდი ქმარს, ან ის — მე

საბერძნეთში წასვლის მიზეზი ჩემი ქმარი იყო. 15 წელი ვცდილობდი ისე, რომ თავი დამეცვა და ცოცხალი გადავრჩენილიყავი. შიშები მქონდა, რომ აფექტის მდგომარეობაში ან მე მოვკლავდი მას, ან ის — მე. ავდექი და წამოვედი.

2009 წლის 6 მაისს წამოვედი და დავტოვე ჩემი შვილები, ბიჭი 12 წლის და გოგო 10-ის. ბიჭმა ძალიან განიცადა, სანამ ცოცხალი ვარ, ის სურათი არასოდეს ამოვა ჩემი თვალებიდან. ამ წლებს, რაც აქ ვართ, ვერავინ და ვერაფერი დაგვიბრუნებს.

ყუთში ვერ შევდიოდი, ჩაკეტილი სივრცის მეშინია

აგვიხსნა, რომ ავტობუსში იყო რაღაც პატარა ადგილი, ყუთი, სადაც უნდა დავმალულიყავით. ჩვენ ოღონდ წავსულიყავით თანახმა ვიყავით ყველაფერზე

ემიგრანტი ნათია

ჩვენი ახლობელი იყო, მან შემოგვთავაზა მე და ჩემს მეზობელს, რომ წავსულიყავით საბერძნეთში. წასვლა ჩვენ ცოტა იაფი დაგვიჯდა, 2 800 ევრო. ჩვენთან ერთად იყო კიდევ სამი ადამიანი და თითომ 3 300 ევრო გადაიხადეს. ვისაც საზღვარზე უნდა გადავეყვანეთ, ქუთაისში შევხვდით.

აგვიხსნა, რომ ავტობუსში იყო რაღაც პატარა ადგილი, ყუთი, სადაც უნდა დავმალულიყავით. ჩვენ ოღონდ წავსულიყავით თანახმა ვიყავით ყველაფერზე. შედეგებზე საერთოდ არ გვიფიქრია.

ქუთაისიდან წავედით. სტამბულს რომ გავცდით, გვითხრეს დავმალულიყავით, ავტობუსში იყო ეს სამალავი ყუთი. პირველი ვერ შევიდოდი სამალავში, ჩაკეტილი სივრცის მეშინია. ჩემთან ერთად ვინც იყო, ქუთაისელი გოგო, ის შევიდა პირველი. დაიყვირა, ვაიმე, აქ რა კარგიაო, ამან ფსიქოლოგიურად ჩემზე ძალიან იმოქმედა და შევედი.

ძალიან ვიწრო იყო, ფეხებს ბოლომდე ვერ ვშლიდით. მოხრილები ვიწექით და ხალიჩა გვეფინა. პატარა განათება იყო და პატარა ვინტიალიატორი, აი არ ვიცი, ძალიან პატარა იყო. ავნერვიულდი.

მე ჩაკეტილი სივრცის და უჰაერობის მეშინოდა, დანარჩენებს კი, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ პოლიციის

ემიგრანტი ნათია

უჰაეროდ დარჩენის მოლოდინში

ყველას გვეშინოდა, გაგვაფრთხილეს, რომ საზღვარზე თუ დიდ ხანს გაგვაჩერეს და ავტობუსი ძრავი ჩაქრა, ვინტილიატორი, რაც ჰაერს გაწვდით ყუთში გაითიშებაო. მე ჩაკეტილი სივრცის და უჰაერობის მეშინოდა, დანარჩენებს კი, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ, პოლიციის. ერთი მოხუცი ქალიც იყო ჩვენს ყუთში. ძალიან ნერვიულობდა, ვხედავდი, უამრავი წამალი დალია.

საბედნიეროდ, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე დიდხანს არ გაგვაჩერეს. გადამყვანმა გაგვაფრთხილა, რომ საზღვარზე ავტობუსს რაღაცეებს მოარტყავენ, ხმაური რომ გამოიწვიოს და თქვენ ხმა არ ამოიღოთო, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შეგეშინდეთ და ხმაზე გამოხვიდეთ ავტობუსიდანო.

სალონიკში რომ ჩავედით, საათს დავხედე და ყუთში შესვლიდან ექვსი საათი გასულა. გამოვიგვაყანეს და ტუალეტში გაგვატარეს, სხვა ავტობუსში გადაგვიყვანეს. მართალია, საზღვარი გადაკვეთილი გვქონდა, მაგრამ ისევ ყუთში მოგვიწია დამალვა, ჩვენ პროტესტი გამოვთქვით, აღარ შეგვეძლო. გვითხრეს, რომ ათენდამდე [საბერძნეთის დედაქალაქი] ისევ უნდა დავმალულიყავით, გზაზე შეიძლება ისევ გავეჩერებინეთ.

საბოლოოდ, ჯამში, ყუთში, ჩაკეტილ სივრცეში 11 საათი გავატარეთ.

ნათიას ხშირად ჩამოდის საქართველოში

ნათია 2009 წლიდან ათენშია. დროებით მეგობრებთან მოუწია ცხოვრება. სტაბილური სამსახური ვერ იპოვა და სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობს. 9 წლიანი ცხოვრების შემდეგ ბინადრობის უფლება მიიღო და საქართველოში ოჯახის სანახავად ჩამოსვლასაც ახერხებს.