"სახლის" დატოვების ზღვარზე — საზოგადოებრივი მაუწყებლის 4 თანამშრომლის ისტორია
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მისვლიდან 20 თვის შემდეგ სამაუწყებლო სეზონის "ეფექტიანად წარსამართად" რამდენიმე ათეული თანამშრომლი არჩევანის ზღვარზე დააყენა: წავიდნენ სამსახურიდან ორთვიანი კომპესაციით, ან "საჭიროების შემთხვევაში" გამოძახებას დაელოდონ. არჩევანის წინაშე დამდგარი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი მათ გასათავისუფლებლად დაიგეგმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია ის კრიტერიუმები, რისი მიხედვითაც ისინი შეირჩნენ. მენეჯმენტთან შეხვედრა და ტელევიზიასთან გამართული აქცია უშედეგო დასრულდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები ამბობენ, რომ იმ თანამშრომლების რაოდენობა, რომლებსაც შეთავაზება მიუვიდათ, 150-ს აღწევს, მენეჯმენტის თქმით კი ეს რიცხვი 70-მდეა.
თანამშრომლები შეთავაზებას შეურაცხყოფად მიიჩნევენ, თუმცა ტელევიზიაში გატარებულ წლებს იხსენებენ და საზოგადოებრივ მაუწყებელს სახლსაც უწოდებენ. On.ge არხის ოთხ თანამშრომელს გაესაუბრა, რომლებსაც ცვლილება უშუალოდ შეეხო.
ნათია შენგელია, მოამბის ტექნიკური პროდიუსერი
16 წლის ასაკიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში
საზოგადოებრივ მაუწყებელში პირველად 1995-96 წლებში მოვედი. მაშინ 16 წლის ვიყავი და მუშაობა უშტატო კორესპონდენტად დავიწყე. რამდენიმე წლის განმავლობაში რადიოში, პიკის საათში ვმუშაობდი. მერე დედა გავხდი და ბავშვის გაზრდა ჩემთვის პრიორიტეტი იყო.
ტელევიზიაში, დაახლოებით, 2010-11 წლებში მეორე არხის ტექნიკურ პროდიუსერად დავბრუნდი და თითქმის ყველა გადაცემაზე ვმუშაობდი.
ჩემი შემდეგი პროექტი ჩვენი პარლამენტი იყო. გადაცემის ჩაწერისას გარეთ მიწევდა მუშაობა. დილის 6 საათზე მივდიოდით ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდით სტუდიაში იმავე დღეს ვბრუნდებოდით, რადგან იქ ღამის გათევის რესურსი არ გვქონდა. პროცესი ფიზიკურად ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო იყო. პროდუქტის რეიტინგიც ჩვენი რეალობისთვის ძალიან დაბალი არ იყო.
მეორე არხის დახურვის შემდეგ სხვადასხვა პოზიციაზე გადავნაწილდით. ასე აღმოვჩნდი მოამბეში ტექნიკურ პროდიუსერად. ჩემი ახლანდელი პროფესია სტრესული უფროა, ვიდრე შრომატევადი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი — სახლი
ალბათ, ტელევიზიიდან საერთოდ წავალ, თუმცა ახლა ამაზე ვერ ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ არხს ყველა ლანძღავს, ჩემთვის სახლია და ამ ტელევიზიასთან იმდენი წელი მაკავშირებს, რომ ამავე პროფესიაში დარჩენას ვერ მოვახერხებ. ამ ეტაპზე ყველაფერი ძალიან ემოციურია. ცდილობ, რომ არ შეიმჩნიო და იფიქრო, რომ ყველაფერი სასიკეთოდ ხდება, მაგრამ მაინც არაა ადვილი.
დედა, არ გაგიხარდა?
ხუთშაბათს, ანუ იმ დღეს, როცა შემოთავაზება მივიღე, გაირკვა, რომ ჩემი შვილი სტუდენტი გახდა. ამ ამბავს მთელი წელი ველოდებოდი, შემოთავაზება კი ძალიან მოულოდნელი იყო. ვიჯექი სამონტაჟოში, ვმუშაობდი და ამ დროს დამიძახეს. ოთახში ძალიან მშვიდად შევედი, მაგრამ როცა ეს ადამიანები დავინახე, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. მანამდე ეჭვი არ მქონია, არავის გავუფრთხილებივარ.
პასუხგაუცემელი კითხვები
ეს სამსახური ჩემი ფინანსური წყაროა. არ ვფიქრობ, რომ არაპროფესიონალი ვარ. ვერ ვხვდები, რომელი კრიტერიუმით შემარჩიეს შეთავაზების გამოგზავნისას. ერთადერთი პასუხი იყო ის, რომ ოპტიმიზაცია აქვთ. შესაძლოა, იმით იხელმძღვანელეს, რომ ამ სეგმენტში ერთი წლის წინ გადავედი და ვიყავი ბოლო, ვინც მივიდა.
საკუთარი თავის შეურაცხყოფა
როცა შენიშვნისა და საყვედურების გარეშე მუშაობ, უკმაყოფილებას არ გამოხატავენ, აგრძელებ შენს საქმეს. მერე მოგდის ასეთი შემოთავაზება. ჩემთვის ამ შემოთავაზებაზე ხელის მოწერა საკუთარი თავის შეურაცხყოფას ნიშნავს. მათი თქმით, შესაძლოა, რომ ერთი თვე გავიდეს და სამსახურში არ გამოგვიძახონ. უნდა ვიჯდე სახლში, არაფერი ვაკეთო და ველოდო რაღაც გაურკვეველს. მაქვს იმის ძალა და უნარი, რომ ვაკეთო საქმე და ჩემი ნებით ამაზე უარის თქმას არ ვაპირებ.
გიორგი ხაჩიძე, სტუდიის ოპერატორი
გამოცდილება საზოგადოებრივ მაუწყებელში
მესამე წელია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ვარ. პირველ ივნისს მესამე ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ვმუშაობდი გადაცემებზე: ეკიპაჟი, რეალური სივრცე, მთავარი, კაცების შოუ, წიგნების თარო. ერთი სიტყვით, არხის ამ პერიოდის სტუდიური გადაცემების ნახევარზე მეტზე მიმუშავია.
სამსახურის გაცდენად მიჩნეული სამთვიანი ბიულეტენი
მაისის შუა რიცხვების შემდეგ ბიულეტენზე ვიყავი, რომელიც 25 აგვისტოს დავხურე. 30 აგვისტოს გამომიძახეს და აბსურდული შეთავაზება დამიდეს. როგორც შემდეგ გავარკვიე, მიზეზი ის იყო, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში სამსახურში არ დავდიოდი. მართალია, კონკრეტული მიზეზი არ უთქვამთ, მაგრამ ზოგადად თქვეს, რომ ხალხი, რომლებსაც უშვებენ, არ დადიან სამსახურში და მათ მთელი ზაფხულის განმავლობაში 5-6 გამოცხადება უფიქსირდებათ. როცა ბიულეტენზე ვიყავი, 5-6-ჯერ მართლა მოვედი, თუმცა ტექნიკური საკითხების მოგვარებისთვის.
მკურნალობის კურსს დღემდე გავდივარ. მქონდა უფლება, კიდევ გარკვეული ვადით გამეგრძელებინა ბიულეტენი, თუმცა მივიჩნიე, რომ მუშაობის გაგრძელებას შევძლებდი, ჩემი ნებით ავდექი, გამოვედი და მუშაობა განვაახლე, მეორე დღეს კი ეს შეთავაზება მივიღე. გარანტიას არ გვაძლევენ, თუ რამდენხანში ერთხელ გამოგვიძახებენ. იმასაც არ გვეუბნებიან, ერთხელ მაინც თუ გვექნება გამოძახება.
ბრძოლა უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ
შეთავაზებაზე ხელს არ მოვაწერ და ვაპირებ იმას, რასაც ყველა — ბრძოლას უსამართლო დამოკიდებულების წინააღმდეგ.
პირადად ჩემთვის ასეთი მიდგომა მენეჯმენტის მხრიდან დამამცირებელია. უნდა აგვიხსნან, დაგვისაბუთონ, თუ რატომ გვიშვებენ სამსახურიდან. როცა სამი თვე ბიულეტენზე ხარ და გეუბნებიან, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სამსახურში არ იყავი და ამიტომ გათავისუფლებენ, რბილად რომ ვთქვა, სასაცილოა.
ზურაბ ეჯოშვილი, რეჟისორი
27 წელი ტელესივრცეში
ახალგაზრდა ვიყავი, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვედი. ეს იყო 1992 წელს. რა თქმა უნდა, რეჟისორად მაშინ არავინ დამნიშნავდა, ამიტომ რეჟისორის ასისტენტი ვიყავი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირველ არხზე ამ პროფესიით ვმუშაობდი, შემდეგ კი, კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, ტელერეჟისორად გადამიყვანეს. 2006 წლის შემდეგ, 7-8 წლის განმავლობაში სხვა ტელევიზიაში ვმუშაობდი.
დაახლოებით 2 წლისა და 6 თვის წინ ამ არხზე ისევ დავბრუნდი. მაშინ მეორე არხი ისევ არსებობდა და მის ტოქ-შოუებზე რეჟისორად ვმუშაობდი. მეორე არხის დახურვის შემდეგ სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ვმუშაობდით ცენტრალურ საახალწლო გადაცემაზე, გარე გადაღებებზე, მოძრავ სატელევიზიო სადგურზე, დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ტრანსლაციაზე და სხვა გადაცემებზე.
შეთავაზებას ულტიმატუმს ვუწოდებდი
ამ ყველაფრის შემდეგ ახალი გადაცემა, ცვანციკას ონლაინგაკვეთლები მომცეს. მაისის ბოლოს გადაცემის სეზონი დამთავრდა და ახალი სეზონისთვის ვემზადებოდით. ორშაბათს, 3 სექტემბერს პირველი გადაღება უნდა გვქონოდა. პარასკევს უკვე ვაყენებდით განათებას, წამყვანთან რეპეტიციას გავდიოდით და ამ დროს დამირეკეს, რომ ჩემს უშუალო უფროსთან ავსულიყავი, რომელიც თანამდებობაზე მოსვლისას არც კი გაგვეცნო. მასთან ასვლის შემდეგ მომცეს შეთავაზება, რომელსაც ულტიმატუმს ვუწოდებდი. კითხვა გამიჩნდა, ორშაბათიდან გადაცემას თუ ვიწყებდით, რატომ მიკეთებდნენ ასეთ შეთავაზებას. მოგვიანებით მითხრეს, რომ გადაცემაზე უკვე სხვა რეჟისორი იპოვეს.
შემოსავლის ერთადერთი წყარო
ესაა, ფაქტობრივად, ჩემთვის ერთადერთი შემოსავალი. მაქვს ეჭვი, რომ გამოძახებები არ იქნება. ამ ეჭვს მიმყარებს ის, რომ უკვე დასაქმებული გვერდით გამწიეს და სხვით ჩამანაცვლეს. სხვაგან მუშაობის უფლება არ მაქვს, რადგან ძველი კონტრაქტი ძალაშია. უნდა ველოდოთ, როდის გამოგვიძახებენ ან თუ იქნება საერთოდ გამოძახება.
პენსიონერი ჯერ არ ვარ, ამიტომ სხვა შემოსავლის წყარო არ მაქვს.
სხვა საქმე არ დამიტოვეს
რა თქმა უნდა, ხელმოწერას არ ვაპირებ. მაინტერესებს შემოთავაზების მიზეზი, თუ არაპროფესიონალი ვარ ვინ გადაწყვიტა ეს. უშუალო ხელმძღანელი ვერ შემაფასებს, რადგან ფიზიკურად არც მიცნობს. ვფიქრობ, რომ შეთავაზება არასამართლიანი გადაწყვეტილებაა და თუ შევძლებ, ამას ყველა ინსტანციაზე გავასაჩივრებ. ვფიქრობ, რომ შევძლებ, რადგან სხვა საქმე აღარ დამიტოვეს.
ლელა კურდღელაშვილი, მკვლევარი
წამყვანობიდან მკვლევრობამდე
საზოგადოებრივ მაუწყებელში 1993 წელს, ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოვედი. პირველი რეპორტაჟი მრეწველობის თემაზე გავაკეთე, რაც იმ პერიოდში გამოუკვლეველი იყო. ჟურნალისტიკაშიც ეკონომიკის თემატიკაზე დავიწყე მუშაობა. ამ პერიოდიდან 10 წლის განმავლობაში ალიონის წამყვანი ვიყავი, ამასთან, გავაკეთეთ გადაცემა ნაშუადღევს. 2000 წლამდე ძალიან გვიჭირდა და ზოგჯერ მზესუმზირის ფულიც კი არ გვქონდა, შემდეგ კი ვითარება გამოსწორდა. 4 წლის შემდეგ პოლიტიკური კონფლიქტის გამო ტელევიზიიდან წამოვედი და კავკასიაში გადავედი, შემდეგ — ბიზნესსექტორში.
2010 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელში პროექტი ჩვენი სამართალი მოვიტანე, რომელიც სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებებს ეხებოდა. 2013 წელს გადაცემა ჩვენს ფერმაში მომიწვიეს რედაქტორად. ამის შემდეგ კი გადაცემა ეკონომმეტრი გავაკეთე, რომელსაც საინტერესო კონცეფცია და დიდი რეიტინგი ჰქონდა.
ახალმა მენეჯმენტის პირობებში ერთ საარჩევნო პროექტში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ კი მკვლევარის პოზიციაზე გადამიყვანეს, ვაკეთებ საინფორმაციო სივრცის კვლევას, თუმცა ინფრასტრუქტურული და ტექნიკური ხელშეწყობა არ მაქვს.
სახლიდან უნდა ვიმუშაოთ
ტელევიზიაში გვითხრეს, რომ რადგან სამუშაო პირობები არაა, სახლიდან უნდა ვიმუშაოთ და ჰონორარს გადაგვიხდიან. მაგალითად, ივნისში ჩემს ხელმძღვანელს ჩემთვის დავალება არ მოუცია, რადგან პროექტში გარკვეული ნაწილების დახვეწას ველოდით.
ვფიქრობ, რომ შემოთავაზება თანამშრომლების გათავისუფლებასა და არასასურველი ადამიანების ჩამოცილებასთანაა დაკავშირებული. ეს წინადადება ძველ კადრებს და ტექნიკურ პერსონალს, ანუ იმ ადამიანებს მიუვიდათ, რომლებმაც თაობები გაზარდეს. თუ ტელევიზიაში კადრების სიჭარბეა, მაშინ ახალი კადრებიც არ უნდა მივიღოთ.
თანამშრომლები მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდებიან
მოცემულ მომენტში საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო არაა, ლექციებსაც ვკითხულობ და ტრენერადაც ვმუშაობ, მაგრამ სამსახურის გამო ჩემი ბიზნესსაქმიანობა შევაჩერე, წამოვედი უნივერსიტეტის გაზეთიდან და აქ მუშაობის არჩევით ცხოვრება დავგეგმე. უცებ კი მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არაა ცნობილი, მივიღებთ თუ არა დავალებას შემოთავაზებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში.
მე მყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, ერთს დამთავრებული აქვს უკვე და მყავს ორი მშობელი, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ, ხოლო მეუღლე დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს.
ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდებიან. იკარგება ძალიან დიდი პროფესიული რესურსი. თუ თანამშრომელი არასათანადოდ იქცევა, მას შენიშვნა უნდა მისცე, შემდეგ გაათავისუფლო და არა ეს შემოთავაზება გაუგზავნო. თანამშრომლების ნაწილი კი პირობებს გამოუვალი მდგომარეობის გამო დათანხმდა.
გასაჩივრების სამზადისში
ჩემს შემოთავაზებას ვადა პირველ სექტემბრამდე ჰქონდა, ხელი არ მომიწერია და სამი განცხადება დავწერე, რომლებშიც მის განმარტებას ვითხოვდი. ჯერ-ჯერობით არცერთზე პასუხი არ მიმიღია და ჩემზე გათავისუფლების განცხადებაც არაა დაწერილი. თუ ამას გააკეთებენ, შესაძლოა, პროკურატურის დონეზეც გავასაჩივრო. ვიბრძოლებ, რა თქმა უნდა, და საზოგადოებას მენეჯმენტის არაკვალიფიციურობას შევატყობინებ.
კომენტარები